ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატია ყველაზე უკეთ საქართველოში ვითარდება


კარნეგის მშვიდობის ფონდში საქართველოს და უკრაინის თემას კიდევ ერთი ღონისძიება მიეძღვნა

„თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან დემოკრატიის განვითარების მხრივ ყველაზე უკეთესი სიტუაცია საქართველოში, შემდეგ მოლდოვაში და ყირგიზეთშია“ - აღინიშნა კარნეგის მშვიდობის ფონდში გამართულ ღონისძიებაზე, სახელწოდებით „დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში და უკრაინაში. საჭიროა თუ არა შეხედულებათა გადაფასება“?

განხილვაში 4 გამომსვლელი მონაწილეობდა. ესენი იყვნენ: ლორა ჯუითი, „ენ-დი-აის“ (NDI - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის) ევრაზიის პროგრამების რეგიონალური დირექტორი; ბრიუს ჯეკსონი, ორგანიზაცია - გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნების პროექტის პრეზიდენტი, ტომ დე ვაალი, კარნეგის ფონდის რუსეთის და ევრაზიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და რიჩარდ იანგსი, უორვიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის პროფესორი, ორგანიზაცია „ფრაიდის“ (FRIDE) დირექტორი. შეხვედრას უძღვებოდა კარნეგის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი, ტომას კაროტერსი.

რაკი გამომსვლელებს შორის ლორა ჯუითიც იყო, „ამერიკის ხმამ“ ისარგებლა შემთხვევით და მას „ენ-დი-აის“ მიერ გამოქვეყნებული უახლესი კვლევის შესახებ ესაუბრა. კითხვაზე, თუ რამ განაპირობა პოლიტიკური რეიტინგების შესახებ ორგანიზაციის ბოლო ორი კვლევის შედეგებს შორის არსებული დრამატული სხვაობა, რომელიც საქართველოში უშუალოდ არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგ ჩატარდა, ქალბატონმა ლორამ გვიპასუხა:

“არ ვიცი, შემდგომი კვლევის და ანალიზის გარეშე დაზუსტებულ პასუხს ვერ გაგცემთ. სავარაუდოდ, გამარჯვებულის მხარეს გაჩენილმა ენთუზიაზმმაც იმოქმედა. ამის მოწმე ამერიკაშიც გავხდით. პრეზიდენტ ობამას რეიტინგმა გამარჯვების შემდეგ მკვეთრად იმატა, თუმცა არც ისე ძლიერად, როგორც ბატონი ივანიშვილის შემთხვევაში. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს მსოფლიო პოლიტიკაში გავრცელებული ტენდენციაა. კიდევ, ვიფიქრებდი, რომ ხალხს წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებით იმედები გაუცრუვდა და ილუზიები გაუქრა, რაც ახლა უკეთ გამოჩნდა და ეს პოლიტიკოსთა რეიტინგის შესახებ მონაცემების ექსტრემალურ ცვალებადობაში გამოიხატა“.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

შეხვედრაზე გამოითქვა აზრი, რომ საქართველოში საყოველთაოდ სამართლიანად და დემოკრატიულად მიჩნეული საპარლამენტო არჩევნები ერთგვარად შემთხვევითი მოვლენა იყო. „არც ნაციონალური მოძრაობა ელოდა დამარცხებას და არც ოპოზიცია იყო მზად არჩევნებში გამარჯვებისთვის“, განაცხადა თავის გამოსვლაში ტომ დე ვაალმა. და იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დამარცხება საკმაოდ „ელეგანტურად“ აღიარა, ეს სრულებით არ შედიოდა მის გეგმაში, უბრალოდ ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ ფაქტიურად სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა, დასძინა მან.

გამომსვლელებმა ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე არსებულ მთავარ გამოწვევებზე საუბრისას წინ რამდენიმე პრობლემა წამოწიეს. პირველი და ყველაზე მთავარი, ესაა სამართლის დამკვიდრების საკითხი, რომელიც კვლავ პრობლემატურად რჩება და თუკი საქართველო მოახერხებს მის სწორად გადაწყვეტას, მაშინ ქვეყნის შემდგომი ლიბერალიზება შესაძლოა შეუქცევადი პროცესი გახდეს. დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ლიბერალიზება გარანტირებულია. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ „ქართული ოცნება“ საკმაოდ კონსერვატიული კოალიციაა, ითქვა კარნეგის მშვიდობის ფონდის ღონისძიებაზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს დაპირისპირებული მხარეების მშვიდობიანი თანაარსებობის კრიტიკულ მნიშვნელობაზე. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ისინი, როგორც ჩანს ერთმანეთის სიძულვილს არ შეწყვეტენ და ერთიმეორეს წინააღმდეგ საბრძოლველი საკმარისი ბერკეტებიც გააჩნიათ. ამიტომ აუცილებელია, რომ პროცესები მომავალი წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კონტროლირებადი იყოს და მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს. ასევე წინ წამოწიეს რუსეთის ფაქტორი, რომელიც აქტუალურობის მიუხედავად კვლავ მეორეხარისხოვნად რჩება. მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მან ფაქტიურად საქართველოს კონტროლის ბერკეტები დაკარგა. ამასთან, აფხაზეთის და ოსეთის საკითხი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე MAP-ის მიღების (ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად რჩება. და კიდევ: არჩევნებზე ფაქტიურად მცირე ზომის პარტიების გაქრობა მოხდა. რაც იმის მაჩვენებელია, რომ პოლიტიკური პარტიების კულტურა საქართველოში ჯერ კიდევ მოიკოჭლებს და მათ სოციალურად საკმარისად ღრმად გამდგარი ფესვები ქართულ საზოგადოებაში ჯერ არ გააჩნიათ.

რაც შეეხება შეერთებული შტატების დღევანდელ პოზიციას საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ, ტომ დე ვაალმა ის ორი ეპითეტით შეაფასა - „შემაშფოთებელი, მაგრამ იმედისმომცემი“.

“მე ვიტყოდი, რომ დასავლეთის მხრიდან ცოტაოდენ დაბნეულობას აქვს ადგილი. გვეგონა, რომ გვესმოდა საქართველოსი. მართალია, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ არაფერი შეიცვლება, მაგრამ საშინაო პოლიტიკაში რამდენიმე საკითხში განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. დასავლეთის გარკვეული წრეები ძალიან დაახლოებული იყვნენ წინა ხელისუფლებასთან. მათ იგივე სიახლოვე ივანიშვილთან ჯერ არ აკავშირებთ და მხოლოდ ახლა იწყებენ მასთან ურთიერთობას“ - აღნიშნავს კარნეგის ფონდის რუსეთის და ევრაზიის ექსპერტი.

საქართველოს მოსახლეობაში გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ახლადარჩეულ ხელისუფლებასთან შეერთებული შტატების დამოკიდებულება პარტიული ნიშნითაც არის აღბეჭდილი. რამდენად სწორად გეჩვენებათ მოარული აზრი იმის შესახებ, რომ რესპუბლიკელები გამოკვეთილად პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან? ამ კითხვით „ამერიკის ხმამ“ კარნეგის ფონდის ვიცე-პრეზიდენტს, ტომას კაროტერსს მიმართა.

სააკაშვილს ბუშის ადმინისტრაციაში და რესპუბლიკური პოლიტიკის ისთაბლიშმენთში რამდენიმე საყურადღებო მეგობარი ჰყავდა. რაც შეეხება დემოკრატთა მხარეს, იქ პირადი კონტაქტები და სიახლოვე აშკარად ნაკლებია. ობამას ადმინისტრაცია დემოკრატიზაციის პროცესის ხელშეწყობას პერსონიფიცირების და მხარეების არჩევის ტენდენციისგან გამიჯნვით ცდილობს. ის აზრი, რომ ბატონ სააკაშვილს ვაშინგტონში ძალიან მნიშვნელოვანი მეგობრები ჰყავდა და ჯერ კიდევ ჰყავს, სიმართლეს შეესაბამება. თუმცა, ამერიკის მთავრობა ცდილობს ამ პოზიციას ჩამოსცილდეს და საქართველოს საკითხებთან უფრო პრინციპული და საფუძვლიანი მიდგომა ჰქონდეს“ - აცხადებს კარნეგის მშვიდობის ფონდის ვიცეპრეზიდენტი.

ბატონი ბრიუს ჯეკსონის თქმით, შეერთებული შტატების პოლიტიკა პარტნიორებთან მიმართებაში ხშირ შემთხვევაში არათანმიმდევრულია და ეს მდგომარეობაც უნდა გამოსწორდეს. ამის მაგალითად პოლიტპატიმრებთან ჩვენი დამოკიდებულებაც კმარა, აღნიშნა მან. „თურქეთში 190-ზე მეტი პოლიტპატიმარია და ამაზე ხმას არ ვიღებთ, მაშინ როცა საქართველოში 27 პატიმარზე ერთი ამბავი ავტეხეთ და უკრაინაში 8 პოლიტპატიმრის გამო - კიდევ უფრო დიდი სკანდალია“ - განაცხადა მან.

უკრაინის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულებაც კრიტიკის საგანი გახდა. რიჩარდ იანგსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინასთან დაგეგმილი სამიტის გაყინვა და ამ დროს ჩინეთთან 2 სამიტის გამართვა ასევე დასავლეთის არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე მეტყველებს და აღნიშნული მდგომარეობაც გაუმჯობესებას მოითხოვს.

კარნეგის მშვიდობის ფონდში გამართულ ღონისძიებაში 50-ზე მეტი ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყვნენ ეუთოს, სახელმწიფო დეპარტამენტის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ატლანტიკური საბჭოს, გამოძიებათა ფედერალური ბიუროს, ევრაზიის ფონდის, ფრიდომ ჰაუზის, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობათა ცენტრის, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, მრავალი სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაიციის, საელჩოების, უნივერსიტეტების და მედიის წარმომადგენლები.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG