ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში


კარნეგის მშვიდობის ფონდში „სიმართლის კომისიის“ ინიციატივაზე იმსჯელეს, რომელიც შესაძლოა წარმატებული თანაარსებობისთვის ერთ-ერთი გამოსავალი იყოს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, გაერო, გამოძიების ფედერალური ბიურო, მსოფლიო ბანკი, ეუთო, ევრაზიის ფონდი, ატლანტიკური საბჭო, „ფრიდომ ჰაუზი“, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი, რამდენიმე ქვეყნის საელჩო, ტომ ლანტოსის სახელობის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია, ფონდი ღია საზოგადოება, შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტი, ექსპერტები რამდენიმე უნივერსიტეტიდან, დემოკრატიის ეროვნული ფონდი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია - ეს არის არასრული სია იმ ორგანიზაციების, რომელთა წარმომადგენლებიც საქართველოს თემაზე 7 დეკემბერს კარგნეგის მშვიდობის ფონდში გამართულ ღონისძიებაზე მოვიდნენ.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი ინტერესი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ვაშინგტონში ერთიორად გაიზარდა. ექსპერტები მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობენ, რომელიც ორხელისუფლებიანობას და მასთან დაკავშირებულ თანაარსებობის პრობლემას მოიცავს. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მასობრივ დაპატიმრებებს უცხოეთის პოლიტიკურ წრეებში განსაკუთრებული აჟიოტაჟი ახლავს და მტკივნეულად აღიქმება.

საქართველოს ხელისუფლება დაჭერებს ამომრჩეველთა დაკვეთით ხსნის, რომელიც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს. ოპოზიცია კი მოვლენებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად და დევნად აფასებს. შექმნილი სიტუაციით შეშფოთებული დასავლეთი საქართველოს მთავრობას აფრთხილებს, რომ „შერჩევითმა სამართალმა“ შესაძლოა საქართველოს ისედაც მყიფე პოლიტიკურ სიტუაციას სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

მდგომარეობიდან გამოსავლის ძიების მიზნით, კარნეგის მშვიდობის ფონდმა ვაშინგტონის დაინტერესებულ წრეებს განსახილველად ახალი ინიციატივა წარუდგინა, სახელწოდებით „სიმართლის კომისია საქართველოსთვის“. მისი ავტორები არიან: ანა დოლიძე, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, გერმანიის მარშალის ფონდის მოწვეული მკვლევარი, წარსულში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, და ტომ დე ვაალი, კარნეგის მშვიდობის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, რომელიც ამიერკავკასიის და რუსეთის ექსპერტად ითვლება.
გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ტომ დე ვაალი
ტომ დე ვაალი
საქართველოს მთავრობას დაპატიმრებების ტალღის კომუნიკაციის და ქვეყნის გარეთ ადეკვატურად აღქმის პრობლემა აქვს. შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრი დასავლეთში არასწორად ჩამოყალიბდა. მთავრობაში უკვე დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, არსებობს თუ არა ალტერნატიული გზები, რომ ორი ამოცანა ერთდროულად განხორციელდეს: აღდგეს სამართალი და პარალელურად პოლიტიკური სტაბილურობაც უმტკივნეულოდ დამყარდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ეს პრობლემა აქვს. ანალოგიური პროცესები ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობდა და აუცილებელია მათი გამოცდილების შესწავლა. უცხოეთის რჩევა უთუოდ გასათვალისწინებელი იქნება“ - ამბობს ტომ დე ვაალი.

ანა დოლიძის და ტომ დე ვაალის მიერ შემუშავებული „სიმართლის კომისიის“ ინიციატივა რამდენიმე ქვეყანაში უკვე არსებულ გამოცდილებას ეფუძნება. ის საქართველოსთვის მცირეოდენი ცვლილებებით ინტერპრეტირებულ არგენტინულ მოდელს ემყარება. „და თუკი შეიძლება ვინმეს სიმბოლურ ფიგურად მოაზრება, მე გუნებაში მუდმივად მყავდა ირინა ენუქიძე, რომელსაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობის დროს შევხვდი... არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეიძლება სამართალი აღდგეს მისთვის და უამრავი ქართველისთვის, რომელთაგან ბევრი ცოცხალიც აღარ არის“ - აღნიშნა მან.

ქალბატონი ანას აზრით, ვინაიდან საქართველოს აქვს ბევრი, ერთმანეთთან ზოგჯერ წინააღმდეგობაში მყოფი ფასეულობა, როგორიცაა მაგალითად სამართალი, ეროვნული ინტერესები, დემოკრატიული პასუხისმგებლობა, კანონი და მშვიდობის ღირებულებები, „სიმართლის კომისია“ იქნება ერთ-ერთი გამოსავალი, რომელიც არა კონკრეტულ საქმეებს, არამედ წინა ხელისუფლების სისტემურ ხარვეზებს გამოავლენს და შემაჯამებელ დასკვნას გამოიტანს. ეს საქართველოს მთავრობას უახლესი წარსულის დაძლევაში და ახალი ეროვნული იდენტურობის შეძენაში დაეხმარება.

ანა დოლიძე
ანა დოლიძე
მე ვფიქრობ, რომ ამ პოლარიზებულ გარემოში, როდესაც სამართლებრივი აპარატი კონკრეტული პოლიტიკური კონტექსტიდან მოდის, მაგრამ სხვა ხელისუფლებას ემორჩილება, ის ვერ გაუმკლავდება ყველა იმ დარღვევას, რომელიც ხდებოდა და ვერ დააკმაყოფილებს ყველა ადამიანის მოთხოვნას მათი უფლებების აღდგენის შესახებ. ჩვენ გვჭირდება რაღაც უფრო შემოქმედებითი გამოსავალი, რომელიც უკვე იყო სხვა ქვეყნებში აპრობირებული“ - აღნიშნავს ანა დოლიძე.

მისი აზრით, კომისიაში დაახლოებით 13 წევრი უნდა გაერთიანდეს. არ არის აუცილებელი ეს იყოს იურისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი. ერთი-ორი იურისტი სასურველია, მაგრამ მთავარია მასში კომპეტენტური, ავტორიტეტული, საზოგადოებაში პოპულარული და სანდო ადამიანები იყვნენ. მაგალითად, პრემიერმა 6 წევრი დაასახელოს, პრეზიდენტმა - 3, პარლამენტმაც - 3. კარგი იქნება, თუ საპატრიარქოც ერთ წევრს შეიყვანს. ეს საჯარო განხილვის თემა უნდა გახდეს და ოპტიმალური ვარიანტი შეირჩეს. არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე უცხოელი ექსპერტი თავად კომისიაში თუ არა, კონსულტანტის, ან დამკვირვებლის სახით იყოს მოწვეული - აღნიშნავს ანა დოლიძე.

დღევანდელი განხილვა არის მცდელობა გადავუხვიოთ ფორმალური და პოტენციურად საზოგადოების ერთმანეთთან დამაპირისპირებელი გზიდან და ვისაუბროთ განსხვავებულ ხედვაზე, რომელიც გაკვეთილად შეიძლება გამოდგეს და წარსულის ტრაგიკული შეცდომების დაძლევაში დაგვეხმარება... ქართველებს ერთმანეთთან მშვიდობიანი თანაარსებობა მოუწევთ და ამის მიღწევაში „სიმართლის კომისია“, მე ვამჯობინებდი დაგვერქმია „სიმართლის და შერიგების კომისია“, უთუოდ ერთ-ერთი გზა იქნებოდა“ - აცხადებს ჯეიმს კოლინსი, კარნეგის მშვიდობის ფონდის რუსეთის და ევრაზიის პროგრამების დირექტორი, რუსეთში ყოფილი ელჩი და 90-იან წლებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი საგანგებო მრჩეველი.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მთავრობის წინაშე არსებულ უამრავ გამოწვევაზე. ხაზი გაესვა იმას, რომ ხელისუფლებამ მემკვიდრეობად ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით აღნიშნული წარსული მიიღო, ამასთან დარღვევები იყო სისტემატურიც და სისტემურიც. მთავრობას არ აქვს საკმარისი ძალაუფლება და მას განსხვავებული პოზიციების მქონე პრეზიდენტთან ინაწილებს. ამასთან „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ჯერ ქვეყნის მართვას სწავლობს. საბჭოთა პერიოდის სისტემის გადმონაშთები არსებობას აგრძელებს და მისი დაძლევაც პრიორიტეტულია. თუმცა, ანა დოლიძის აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ხალხის მაღალი მოლოდინიცაა. საქართველოს მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაფერი ერთდროულად ვერ მოხდება, ვერცერთი სასამართლო ვერ შეძლებს ათასობით შემთხვევის თავიდან და თან სამართლიან გამოძიებას, მითუმეტეს რომ მოსამართლეები ჯერ კიდევ სააკაშვილის დანიშნულები არიან.

ძალიან საინტერესო ინიციატივაა, რომელიც უკვე აპრობირებული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. განსაკუთრებით საქართველოს შემთხვევაში, სადაც, მართალია, ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად მოხდა, მაგრამ მოსახლეობა წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ უსამართლობებზე პასუხს და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს. დარღვევების მასშტაბის გათვალისწინებით, ჩვეულებრივ სასამართლოს აუცილებლად დაეხმარებოდა საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე კომისია, რომელიც მომხდარს ადეკვატურად შეაფასებს. ეს რა თქმა უნდა, უფრო გამოსადეგი მიდგომაა, ვიდრე ცუდად ინფორმირებული პარტიულად მიკერძოებული შეფასებები და რეაქციები, რომელიც ევროპის და ამერიკის რამდენიმე ლიდერისგან მოვისმინეთ. კერძოდ, მხედველობაში მყავს თუნდაც ნატოს გენერალური მდივანი, რომელსაც განცხადებაში, პრინციპში, ისე გამოუვიდა, რომ ყველა მტყუანია, ვინც მიშა სააკაშვილს ეწინააღმდეგება“ - ამბობს უეინ მერი, საგარეო პოლიტიკის კვლევის საბჭოს უფროსი სპეციალისტი.

შეხვედრაზე ინიციატივის განხილვას უამრავი კითხვა მოჰყვა, რომელსაც პასუხს ანა დოლიძე და ტომ დე ვაალი სცემდნენ. როგორც ქალბატონმა ანამ განაცხადა, მათ ინიციატივაზე საქართველოში მსჯელობა უკვე დაიწყო, თუმცა მთავრობის ოფიციალურ პირთაგან მათ ჯერ არავინ დაკავშირებია.

წარმოდგენილი ინიციატივის სრული ტექსტის გაცნობა შესაძლებელია კარნეგის მშვიდობის ფონდის ვებგვერდზე:

http://carnegieendowment.org/2012/12/05/truth-commission-for-georgia/eqdm

კომენტარების ნახვა (2)

XS
SM
MD
LG