ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთმა არ იცის, რა ხდება თბილისში


არის თუ არა საინფორმაციო ვაკუუმი დასავლეთის პოლიტიკურ, ბიზნესის და მედიის წრეებში საქართველოს მთავრობის პირველ ნაბიჯებთან დაკავშირებით?

„ვაშინგტონ პოსტში“ 28 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატია სათაურით „საქართველოს მთავრობა არასწორ გზას ირჩევს“ მხოლოდ ერთია იმ რამდენიმე კრიტიკულ პუბლიკაციას შორის, რომელიც უკანასკნელ დღეებში დასავლეთის მედიაში გამოჩნდა. „პრემიერ-მინისტრად ქცეულმა მაგნატმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში გადაიდო, რაც კარგია. სანამ ის ოპოზიციის ლიდერებს აპატიმრებს და ძალაუფლების მონოპოლიზაციას ცდილობს, საქართველოს ახალი ლიდერი ვაშინგტონში სასურველი სტუმარი არ უნდა იყოს“. ამ სიტყვებს ხელს არა ერთი ამერიკელი ჟურნალისტი, არამედ მთლიანად „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო საბჭო აწერს.

დასავლეთის მედია საქართველოს ახალ მთავრობას, რბილად რომ ვთქვათ, დიდად არ წყალობს. პრობლემა მხოლოდ არასწორად ინფორმირებულ ერთეულ ჟურნალისტებში და პუბლიკაციებში არ უნდა იყოს. საქართველოს ახლადარჩეულ ხელისუფლებას ოპონენტების პოლიტიკურ დევნაზე ევროკავშირის, ნატოს და შეერთებული შტატების არაერთმა ოფიციალურმა პირმა მიანიშნა.

ჩნდება კითხვა: ხომ არ არსებობს ერთგვარი საინფორმაციო ვაკუუმი დასავლეთის პოლიტიკურ, ბიზნესის და მედის წრეებში საქართველოს ახალი მთავრობის და მის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯების შესახებ? და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მთავრობამ ამომრჩევლის პოლიტიკური დაკვეთა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის შესახებ ისე შეასრულოს, რომ პარალელურად სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა არ დაკარგოს?

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

საქართველოსთვის ამ კრიტიკული მნიშვნელობის მქონე საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გვესაუბრებიან მამუკა წერეთელი, ვაშინგტონში მდებარე ამერიკის უნივერსიტეტის შავი და კასპიის ზღვის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი და ლინკოლნ მიტჩელი, ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს საკითხების ექსპერტი.

ბატონი მამუკას თქმით, საქმე გვაქვს პრობლემასთან, რომელსაც მოვლა დროულად ჭირდება და არ იქნება სწორი, თუ მის არსებობას სხვას გადავაბრალებთ. „ობიექტურად რომ შევხედოთ, ხელისუფლების გარკვეული მოქმედებები იწვევს კითხვებს, რომლებზეც პასუხებია საჭირო. ამ პასუხებს საგარეო აუდიტორიისთვის, რომელიც ოფიციალურ პირებთან ერთად ექსპერტებსაც გულისხმობს, პრესასაც და ზოგადად ბიზნეს-საზოგადოებას, ბოლო კვირების განმავლობაში იმ მოვლენების ფონზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, გასაგებად არავინ იძლევა. აქედან გამომდინარე, ამ ინფორმაციული ვაკუუმით, რომელიც არსებობს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, ისარგებლეს ადამიანებმა, რომლებსაც, ერთის მხრივ, მომავალი პოლიტიკური ამბიციები აქვთ და მათ გასამყარებლად იყენებენ მას და რომლებსაც თან ამჟამად ლეგალური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება სურთ.“

მამუკა წერეთლის აზრით, თუ საქართველოს ახალი მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის სწორი და დროული კომუნიკაცია საზღვარგარეთაც არ მოხდა, ოპოზიციის წევრები უფრო შორსაც წავლენ და შეეცდებიან მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ ახალ მთავრობას ქვეყნის მართვის უნარი არ შესწევს და წავლენ იქამდე, სადამდეც გაუშვებენ, ისევე როგორც ამას ქვეყნის მართვაში აკეთებდნენ.

პროფესორი კიდევ ერთი ფაქტორზე საუბრობს. „საერთოდ ვაშინგტონი ცხოვრობს ინერციით და ამითაც აიხსნება ყოფილი მთავრობის მიმართ არსებული დღევანდელი განწყობები. ვაშინგტონმა არ იცის, ის, რაც ჩვენ ვიცით. საჭიროა მოიძებნოს მექანიზმები, რომ აქაც გაიგონ, თუ რა ხდებოდა საქართველოში, და კარგად გაიგონ რას ებრძვის ეს ხელისუფლება. ამიტომ მგონია, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრობლემა. მან ბოლომდე კარგად ვერ გააგებინა პარტნიორებს, თუ რას ებრძვის ის,“ - აღნიშნავს მამუკა წერეთელი.

რამდენად მნიშვნელოვანია „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო წერილი, ზედმეტ ყურადღებას ხომ არ ვამახვილებთ მასზე? კითხვაზე, ახდენს თუ არა გავლენას ამგვარი სტატიები ვაშინგტონის პოლიტიკურ ისთაბლიშმენთზე, თუ პირიქით, მისი განწყობის ამსახველია, პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი გვპასუხობს:

კითხვა სწორად იყო ფორმულირებული. არა მგონია სტატიამ ვინმეს საქართველოზე აზრი შეუცვალოს. ის სწორედ რომ ვაშინგტონში უკვე დამკვიდრებულ პოზიციას ასახავს. გაზეთი არ უძღვება, მაგრამ თავად მიყვება შექმნილ აზრს. მე რომ ივანიშვილის მთავრობის წევრი ვიყო, შევშფოთდებოდი. სტატია გიდასტურებს, რომ ოფიციალური ვაშინგტონის აზრით, შურისძიების სურვილით ხარ შეპყრობილი და კანონის უზენაესობას არ ემორჩილები. მართალია, მე ამ აზრს არ ვეთანხმები, მაგრამ ასე ფიქრობს ვაშინგტონი და ეს არ არის კარგი ამბავი ივანიშვილისთვის.“

ეჭვგარეშეა, რომ შექმნილი გარემოება საინფორმაციო ვაკუუმის და არასაკმარისი კომუნიკაციის ბრალია - აღნიშნავს ლინკოლნ მიტჩელი. მისი აზრით, ის გარემოებაც გასათვალისწინებელია, რომ დასავლეთის ქვეყნები, ამერიკის ჩათვლით, ინფორმაციას ჯერ კიდევ იმავე წყაროებიდან იღებენ, საიდანაც სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის დროს. ელჩები ისევ იმავე ოფისებში იმყოფებიან, სადაც ადრე და თანაც სააკაშვილის პოლიტიკის ერთგული რჩებიან. ის ორგანიზაციები, ლობისტური თუ მედიის ჯგუფები, რომლებიც პრეზიდენტზე მუშაობდნენ, ძველი ინერციით აგრძელებენ შრომას. ამიტომ საქართველოდან მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია მოდის და, შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრიც არასწორად, ტენდენციურად ყალიბდება.

დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ამბობს პროფესორი მიტჩელი. მაგრამ, იქნებ ივანიშვილს პარტნიორებისთვის წინასწარ უნდა ეცნობებინა თავდაცვის მინისტრის დაპატიმრების შესახებ და მისი დანაშაულებების შესახებ მოეთხრო, რომ ეს მათთვის არასასიამოვნო სიურპრიზი არ გამხდარიყო. მედიასთან კომუნიკაციაც მაღალი პროფილის თანამდებობის პირების დაჭერის დროს მეტად მომზადებული უნდა ყოფილიყო. საერთოდ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს მეტი პასუხისმგებლობა აქვთ და მეტი მუშაობის გაწევა მოუწევთ, რათა დაარწმუნონ დასავლეთი, რომ წინა მთავრობისგან განსხვავებით, საქართველოს ახალი მთავრობა არ დაიჭერს ხალხს იმისთვის, რომ, როგორც ადრე, მათ ფული გამოძალოს, არამედ ყველას სამართლიანი სასამართლო გარანტირებული აქვს. ზოგიერთი მათგანი დაისჯება, ზოგი - არა. და ეს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივა იქნება.

„იცით, რა მაოცებს? სააკაშვილის პერიოდში რამდენიმე ადამიანი და მათ შორის მეც გახლდით, ვინც ვაშინგტონს მოვუწოდებდით უფრო კარგად დაკვირვებოდნენ ქართულ დემოკრატიას და მთავრობისთვის ყველაფერი არ დაეჯერებინათ. არასოდეს გვისმენდნენ. ამის კეთება ვაშინგტონმა მხოლოდ ახლა დაიწყო. და ეს ჩემი აზრით, პოზიტიური სიახლეა,“ - ამბობს პროფესორი მიტჩელი.

მამუკა წერეთელი მსგავსი მიდგომის საფრთხეებზე საუბრობს. „აქ ახლა ერთ დიდ საფრთხეს ვხედავ: ამგვარმა სტატიებმა და პარტნიორების მხრიდან გარკვეულმა კრიტიკამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოში ანტიდასავლური, ანტიამერიკული იზოლაციონალისტური განწყობები. ამან სადამდე მიგვიყვანა 20 წლის წინ ჩვენ ერთხელ ვნახეთ უკვე. საჭიროა ძალიან დაფიქრებული და გააზრებული სტრატეგია. და განწყობა შეიცვლება, თუ ამას, რა თქმა უნდა, ქვეყნის შიდა განვითარებაც შეუქმნის საფუძველს და თუ ამის კომუნიკაცია სწორად მოხდება. განწყობა შეიძლება სულ რამდენიმე კვირაში და თვეში შეიცვალოს. მაგრამ ამას ბუნებრივია, მუშაობა დასჭირდება.“

პროფესორი მამუკა წერეთელი ყველას მოუწოდებს, რომ დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკას, თუნდაც კონკრეტულად ამ სტატიის, ისევე როგორც სხვა პუბლიკაციების გამოქვეყნებას, მშვიდად შევხედოთ და არ გამოვიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები. უმჯობესია, კონცენტრირება საკუთარ პრობლემებზე და მომავალ სწორ ნაბიჯებზე მოვახდინოთ და შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებაზე ერთად ვიზრუნოთ.

კომენტარების ნახვა (7)

XS
SM
MD
LG