ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანგარიშსწორება თუ სამართალი?


„დაპატიმრებები შეიძლება არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და შეიძლება არა. ამ დასკვნის გაკეთება ჯერ ადრეა."

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები დასავლეთში დემოკრატიულად და ქართველი ხალხის ნების გამოხატვად შეაფასეს. თუმცა, ძალიან მოკლე ხანში გაჟღერდა სკეპტიკური მოსაზრებები ქვეყნის დასავლურ ორიენტაციაზე, რუსეთთან ურთიერთობასა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ წარმოებულ ანგარიშსწორებაზე.

ამერიკის ლიბერალური პრესა განსაკუთრებით კრიტიკულად უდგება ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებების სერიას. ერთ-ერთი გავლენიანი გაზეთი საქართველოში ყოფილი სახელმწიფო მაღალჩინოსნების დაპატიმრებას უკრაინაში იულია ტიმოშენკოს საქმეს ადარებს და პირდაპირ პარალელებს ავლებს.
დაპატიმრებები შეიძლება არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და შეიძლება არა. ამ დასკვნის გაკეთება ჯერ ადრეა"

გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ 28 ნოემბერს გამოქვეყნებული სარედაქციო წერილი მკაცრი ტონით აცხადებს, რომ მიმდინარე დაპატიმრებები ოპოზიციის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანიაა და პრემიერ მინისტრ ივანიშვილის მიერ ძალაუფლების მონოპოლიზების მცდელობა.

მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში „ამერიკის ხმა" შემოგთავაზებთ ინტერვიუებს ამერიკელ ექსპერტებთან, რომლებშიც ისინი ივანიშვილის საშინაო და საგარეო პოლიტიკას შეაფასებენ. ახლა გთავაზობთ ინტერვიუს მაუნთ ჰოლიოკის უნივერსიტეტის პროფესორთან, სტივენ ჯონსთან, რომელიც საქართველოს განვითარებას უკვე რამდენიმე ათწლეულია ადევნებს თვალს.

ბატონო სტივენ, როგორ აფასებთ საქართველოში ამჟამად არსებულ პოლიტიკურ ვითარებას?

სტივენ ჯონსი: „ეს ძალიან რთული შეკითხვაა. ვიტყოდი, რომ ჯერ ძალიან ადრეა იმისთვის, რომ მყარი შეფასებები გავაკეთოთ. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც ევროპის სახელწიფოებში ყველაზე აქტიურად განიხილება ყოფილი სახელმწიფო მოხელეების დაპატიმრებებია. ევროპელები ამას პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით წარმოებულ მართლმსაჯულებად აფასებენ.

დაპატიმრებები შეიძლება არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და შეიძლება არა. ამ დასკვნის გაკეთება ჯერ ადრეა. შეიძლება ყოფილ საჯარო მოხელეებს სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი და მათ მხოლოდ ამ ნიშნით იჭერენ, ან ისინი მართლაც პოლიტიკური მიზნებით არიან დაკავებული, მაგრამ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ გაგრძელდება მართლმსაჯულების პროცესი მომავალში. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ სადამდე და რამდენად მართებულად გაგრძელდება ეს პროცესი."

რას გულისხმობთ „სადამდე და მართებულად“ ჩატარებაში?

სტივენ ჯონსი: „უნდა დავინახოთ, რომ მართლმსაჯულების პროცესი სამართლიანი და ღიაა, სათანადო მტკიცებულებების წარდგენით. გარდა ამისა, ამ პროცესს უნდა ჰქონდეს გარკვეული ლიმიტი. ქვეყნის ხელისუფლებამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს იმაში, რომ არ გარიყოს და არ შეზღუდოს ეფექტური ოპოზიციის არსებობს პოტენციალი. მიმდინარე საქმეები სამართლებრივი პროცესებია, რომლებიც კანონის ფარგლებში სამართლდება, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკა ყოველთვის ფონად გასდევს ასეთ შემთხვევებს. მნიშნველოვანია ბალანსის დაცვა იმაში, თუ ვის გავასამართლებთ და რატომ, სად გავჩერდებით... თუ დაპატიმრებები ძალიან შორს წავიდა, ამან შეიძლება პოლიტიკურ ტრანზიციას ხელი შეუშალოს.

იმის გაცნობიერებით, რომ ხელისუფლება და პარლამენტი ახალი მოსულია ქვეყნის სათავეში, როგორ აფასებთ საქართველოს საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში?

სტივენ ჯონსი: „ჩემი აზრით ზურაბ აბაშიძის დანიშვნა რუსეთში სპეციალურ წარმომადგენლად ძალიან კარგი ნაბიჯია. იმედია, რუსეთის მხრიდანაც იქნება საპასუხო რეაქცია. აქ მთავარი შეკითხვა ის არის, თუ რა როლი ექნება მას რუსეთთან ურთიერთობის განახლებაში. შეიძლება საჭირო იყოს უფრო კონკრეტული წინადადებების ჩამოყალიბება ორი ქვეყნის ურთიერთობის ასპექტებზე. თუმცა, ამასთან ერთად, მე აბსოლუტურად ვეთანხმები ივანიშვილს იმაში, რომ საქართველო არის ოკუპირებული, რუსეთი კი ოკუპანტი ქვეყანა. მათ შორის ურთიერთობის დაწყებაში ეს ძალიან დიდ წინაღობას წარმოადგენს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიალოგი არ უნდა დაიწყოს. მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა დაიწყოს, მაგრამ ალბათ ნაკლებად პოლიტიკურ და უფრო კულტურულ ან ეკონომიკურ თემებზე. ეს ძალიან ლოგიკური იქნება. პოლიტიკური თვალსაზრისით უდიდესი სირთულეებია გადასალახი."

საქართველოში გაჩნდა შეხედულება, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის განახლება საქართველოს მოსკოვის გავლენის სფეროში მოაქცევს. თუ საქართველოს ეკონომიკა რუსულ ბაზარზე გახდა დამოკიდებული, მოსკოვს ამ ეკონომიკური ბერკეტის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების საშუალება მიეცემა. თქვენი აზრით, რამდენად მყარი და ობიექტურია ეს შეფასება?

სტივენ ჯონსი: „არ მგონია, რომ ეს მყარი არგუმენტი იყოს. პირველ რიგში რუსული ინვესტიციები საქართველოში სააკაშვილის ხელიფუფლებამ მიიწვია. როდესაც ქვეყანაში თავისუფალი ეკონომიკური პრინციპებია დანერგილი - რასაც ყოფილი ხელისუფლება აქტიურად უწყობდა ხელს - მოსალოდნელია ის, რომ ინვესტიციები რუსეთიდანაც შევიდეს. შეიძლება ეს არ იყოს პირდაპირი ინვესტიცია და განხორციელდეს, მაგალითად ყაზახური კომპანიის მეშვეობით, მაგრამ ეს არ არის გასაკვირი და ამასთან, არაერთხელ მომხდარა მსგავსი შემთხვევა. ჩემი აზრით, ივანიშვილი და მისი მინისტრები ძალიან ჭკვიანები არიან იმისთვის, რომ რუსული ინვესტიციების ჩადება სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკურ ობიექტებში არ დაუშვან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ მოხდება. სინამდვილეში, სააკაშვილის ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ საქართველოს სტრატეგიული ინტერესების ეკონომიკური ობიექტები რუსული კონტროლისთვის ღია იყო. დარწმუნებული ვარ, ეს მთავრობა დიდ სიფრთხილეს გამოიჩენს ამ საკითხთან მიმართთებაში."
XS
SM
MD
LG