ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა


საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი

მაიკლ ჩეჩირე: „ახალმა მთავრობამ ფრთხილად უნდა იზრუნოს, რათა ადამიანთა დევნის შთაბეჭდილება არ შექმნას, და დაკავებების საფუძვლიანი გამოძიება ჩაატაროს."

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
საქართველოში შექმნილი ვითარებისა და საგარეო ფრონტზე არსებული გამოწვევების შესახებ „ამერიკის ხმა" საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ასოცირებულ მკვლევარს, მაიკლ ჩეჩირეს ესაუბრა.

ამერიკის ხმა: როგორ შეაფასებთ საქართველოში ამ ეტაპზე მიმდინარე ძალაუფლების გადაბარების პროცესს, რა პრობლემები და წარმატებები შეიძლება გამოვყოთ?

მაიკლ ჩეჩირე: „ხელისუფლების გადაბარების პროცესი, ჩემი აზრით, განსაცვიფრებლად მშვიდად წარიმართა. არჩევნებამდე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, საერთაშორისო საზოგადოება დამდგარ შედეგს არ ელოდა, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად წარიმართა, რაც ქვეყნისთვის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია, და ამასთან, საქართველოსთვის მონუმენტური მნიშვნელობის წინგადადგმული ნაბიჯია. რა თქმა უნდა, ეს პროცესი იდეალური არ ყოფილა, თუ გავითვალისწინებთ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავებით გამოწვეულ ვითარებას. მე ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევების ნაწილი, კონკრეტულ სფეროებში შესაძლოა იურიდიულად მიზანშეწონილი იყოს, თუმცა ერთი შეხედვით, სხვა თუ არაფერი, მაინც საეჭვოდ გამოიყურება. ამიტომაც, ახალი მთავრობა ფრთხილად უნდა იყოს, რათა არ შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ ადამიანებს დასდევს, არამედ ამ შემთხვევების საფუძვლიანი გამოძიება უნდა ჩაატაროს და საქართველოს უცხოელ პარტნიორებთან კონსულტაციებიც ჩართოს პროცესში, რაც დავების დარეგულირებას გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს.“

ამერიკის ხმა: პრეზიდენტ სააკაშვილს კონსტიტუციით გათვალისწინებული საპრეზიდენტო ვადა ჯერ არ ამოუწურავს. როგორ წარმოგიდგენიათ თანაცხოვრების დარჩენილი პერიოდი მასსა და მმართველ ძალას შორის, რომელიც პარლამენტსა და პრემიერ მინისტრის თანამდებობას ფლობს. ხომ არ არის მდგომარეობა უკვე ზომაზე მეტად გართულებული, როცა ერთი მხარე დამნაშავეებს აკავებს, მეორე კი ამ ფაქტებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს? ან იქნებ, ეს მართლაც რეალური ბალანსისა და კონტროლის პოლიტიკაა, რომელიც დემოკრატიაში გვხვდება?

მაიკლ ჩეჩირე: „საფრთხეები ნებისმიერ დემოკრატიაში არსებობს. თუმცა, თუ ამ კონკრეტულ შემთხვევას გადავხედავთ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც კონსტიტუციით ქვეყნის პრეზიდენტად რჩება, არ გამოიყენა კონსტიტუციური უფლებამოსილება და კონტროლი დათმო ძალოვან სამინისტროებზე. ეს შესაძლოა გავიგოთ როგორც „ქართული ოცნებისთვის“ გაკეთებული დათმობა, თუმცა, ცხადია, რომ ის ხელისუფლებაში მაინც რჩება და ამით დღევანდელ მთავრობას საქმეს ურთულებს. მისი ეს ქმედება, მეორეს მხრივ, სტრატეგიულად გონივრული არ არის, რადგანაც მალე კონსტიტუციის შესწორება უნდა შევიდეს ძალაში, რომელიც გაზრდილ უფლებამოსილებას გადააბარებს პრემიერ მინისტრს. მე ვფიქრობ, რომ ახალ ქართულ მთავრობას უნდა ახსოვდეს ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში იზრდება კითხვები ამ დაკავებებთან დაკავშირებით, და არსებულ იურიდიულ სამხილთან ერთად, ხელისუფლება მზად უნდა იყოს პასუხი გასცეს ამ სფეროში გაჩენილ კითხვებს.

რაც შეეხება კოაბიტაციას, რეალურ დემოკრატიაში კოაბიტაციის პრინციპი ინსტიტუციონალურად არის გამყარებული, ასეთ ქვეყანაში მოქმედებს ძლიერი პარლამენტი და არსებობს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო. ამ პროცესის ამოქმედებას კი პოლიტიკური მოღვაწეობის რამდენიმე ციკლი ესაჭიროება."

ამერიკის ხმა: და მაინც, თუ გავცდებით ვიწრო კონტექსტს, რას ფიქრობთ, რა პოლიტიკურ მომავალს დაუდებს სათავეს ოქტომბრის მოვლენები საქართველოში? პოლიტიკური კულტურის და ამასთან, აქამდე არარსებული, მრავალპარტიული პოლიტიკური გარემოს განვითარების მიზნით ეს მოვლენები რა საფუძველს ქმნის?

მაიკლ ჩეჩირე: „ჯერ ძალიან ნაადრევია იმის თქმა, თუ რა დემოკრატიულ პროცესებს დაუდებს სათავეს ოქტომბრის მოვლენები. ეს ფაქტი უნიკალური შემთხვევა იყო საქართველოს განვითარების ისტორიაში. ეს პროცესი იყო მშივოდბიანი - ეს არის ყველაზე მთავარი. „ქართულმა ოცნებამ", გარდა იმისა, რომ დაკავებების სერია განახორციელა და ეს ცუდი ფაქტი იყო, კარგი საქმეებიც გააკეთა, ისეთები როგორიც იყო არალეგალური მოსმენების აღკვეთა. ეს იმედისმომცემი მოვლენაა. იმედისმომცემია პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის უმცირესობის ბლოკის შექმნაც. მთლიანობაში, საქართველოში არსებულ ვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დაკვირვება. მთავრობის ფოკუსი არა მხოლოდ ინსტიტუტების განვითარება უნდა იყოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ იმ კულტურის გაძლიერება, რომელიც მგრძნობიარე იქნება ელექტორატის კონსტიტუციური მოთხოვნებისა."

ამერიკის ხმა: როგორი პოლიტიკით მოახერხებს „ქართული ოცნება“ საზოგადოების უდიდესი ნდობის გამართლებას?

მაიკლ ჩეჩირე: „ჩემი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა მანდატი, რომელიც ორ პრიორიტეტს ეფუძნებოდა: ეკონომიკური შესაძლებლობების მიცემა საზოგადოების ფართო ფენებისთვის, განსაკუთრებით კი სოფლის მოსახლეობისთვის, და ყოფილ მთავრობასთან დაკავშირებული სახელმწიფო დონის დაუსჯელობის კლიმატის დასრულება, რაც ციხეებში ამსახველი შეურაცხმყოფელი ვიდეო მასალის გამომზეურებით დასრულდა. თუ ახალი მთავრობა ამ პრიორიტეტებს გაჰყვება, ის პოპულარობას შეინარჩუნებს. კარგი პირველი ნაბიჯი იყო, როცა ახალმა ხელისუფლებამ არალეგალური მოსმენები აკრძალა, თუმცა სახელმწფოს მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამოსწორება სტრუქტურული რეფორმებით და არა კონკრეტული ადამიანების დევნით უნდა მოხდეს. ელიტური კორუფციის ხელის შეშლა ასევე ძალიან კარგად იმოქმედებდა მთლიან სიტუაციაზე.

ეკონომიკურ განვითარებას რაც შეეხება, პენსიები და სოციალური უზრუნველყოფის სისტემები ამ განტოლების ერთი მხარეა, თუმცა ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერებას, ასევე მიკრო-საწარმოების ვრცელი, თუმცაღა პრობლემური ქსელისა და მცირე ბიზნესის სექტორის ამოქმედებას."

ამერიკის ხმა: რამდენად ელით რეალურ გარღვევას რუსეთთან ურთიერთობებში? აქვე, რა ტიპის პოლიტიკას აწარმოებს ახალი ხელისუფლება მოსკოვთან ურთიერთობებში?

მაიკლ ჩეჩირე: „ფუნდამენტურ ცვლილებებს ორმხრივ ურთიერთობებში არ ველი იმ ორ ქვეყანას შორის, რომელიც რამდენიმე წლის წინ ფაქტობრივად ბრძოლის ველზე ერთმანეთს დაუპირისპირდა. ამას გარდა, არსებობს უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესი, რომელიც მხოლოდ თბილისის სურვილით და ინიციატივით ვერ გადაწყდება. მაგალითად, არც მოსკოვი და არც თბილისი არ დათმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხებში არსებულ პოზიციებს, ეს არარეალურია. თუმცა წარსულში, მიუხედავად აზრთა შეუთავსებლობისა, ქართული და რუსული მხარეები ვაჭრობდნენ, მოგზაურობდნენ და თავიდან იცილებდნენ პირდაპირ კონფლიქტს. მე ახლაც მგონია, რომ თბილისიდან წამოსული ინიციატივები ისეთ სფეროებში როგორიცაა ვაჭრობა, სახმელეთო კავშირები და საზღვრისპირა გადაადგილება რეალურ პროგრესს მოიტანს ორმხრივ ურთიერთობებში. და რაც მთავარია, შერბილებული ტონი და არასაბრძოლო რიტორიკა რუსეთთან საქართველოს უკეთ წარმოაჩენდა ევროპაში, ქვეყნად რომელიც უკეთ არის მზად ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად.“

ამერიკის ხმა: როგორ გესახებათ საქართველოს ნატოში გაწევრიანების უახლოესი პერსპექტივა?

მაიკლ ჩეჩირე: „არსებობს უკვე კარგად ცნობილი წინაპირობები იმისათვის, რათა საქართველომ ნატოში გაწევრიანება მოახდიოს. ესენია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია იმ დონემდე, რომ გამოირიცხოს ომის საფრთხე, ასევე კონფლიქტების მოწესრიგება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის საკითხში, ურთეირთობების გაუმჯობესება რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ნატოში საქართველოს გაწევრიანებას, და ბოლოს - საქართველოს დემოკრატიზაცია ვითარებაში, როდესაც მთავრობა არა წარსულის შეცდომების გამოსწორებაზე იზრუნებს არამედ, სტრუქტურულ განვითარებას დაუთმობს ძალისხმევას.“
XS
SM
MD
LG