ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს "წამებული" კონსტიტუცია და სამართალი


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამერიკის ხმას მართლმსაჯულების რეფორმირების შესახებ ესაუბრა

რა მექანიზმებით ხდებოდა სასამართლოში დაცვის ხელოვნურად დასუსტება? როგორ შეიძლება ათობით ათასი საჩივრის დაკმაყოფილება? რა ფუნქციები ექნებათ საპარლამენტო და სახელმწიფო კომისიებს? როგორ მოხდება სასამართლო პროცესების მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა? რა არის წულუკიანის მინისტრობის პერიოდში პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი? ამერიკის ხმის კითხვებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი პასუხობს. იხილეთ თეა წულუკიანთან საუბრის სრული ჩანაწერი და მისი შემჭიდროვებული სატელევიზიო ვერსია.

მოგესალმებით. ძალიან მიხარია, რომ უკვე მეორედ ხართ ამერიკის ხმის ეთერში. პირველი ვიზიტის დროს ჯერ კიდევ ოპოზიციაში იყავით. გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას და ახალ თანამდებობას.

თქვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგხვდათ იუსტიციის სამინისტროს სახით, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული: სასამართლო საქმეების 87 პროცენტზე მეტი გარიგებით მთავრდებოდა და 99 პროცენტზე მეტი, თუ არ ვცდები - გამამტყუნებელი განაჩენით, ანუ, ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობის თავს თვლის მსხვერპლად. ფიზიკურად რამდენად წარმოგიდგენიათ ამდენი საჩივრის განხილვა? არადა, ამ უკმაყოფილებამ შეიძლება ძალიან ცუდი ფორმები მიიღოს და ამაში ჩვენ 8 თებერვალსაც დავრწმუნდით.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია უკვე ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ვიყო ამ ეთერში. მემკვიდრეობა მართლაც რთულია ამ გაგებით. ჩვენ ოქტომბრიდან, მე და მთავარმა პროკურორმა, დაახლოებით 8 ათასამდე საჩივარი მივიღეთ, თუ არ ჩავთვლით ისეთ საჩივრებს, რომლებიც პირველი შეხედვისთანავე დაუსაბუთებელი ჩანს. დანარჩენი საჩივრები სწორედ იმას ეხება, რომ ადამიანები თვლიან, რომ წინა მთავრობამ ისინი დააზარალა.

ზიანი შეიძლება იყოს სხვადასხვა. ერთნი ამბობენ, რომ პროკურატურა მიიწვევდა მათ მეგობრული საუბრისთვის ოფისში და აიძულებდა, რომ დაეთმო საკუთარი ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ. და რომ ვამოწმებთ ხოლმე, აღმოჩნდება, რომ სწორედ იმ დღეს საჯარო რეესტრში მოცემულ პირს ნაჩუქარი აქვს ხელისუფლებისთვის თავისი მიწა იქნებოდა ეს თუ სხვა რამ ქონება, კერძოდ, ბიზნესიც. მეორენი ამბობენ, რომ ციხეში სხედან, თუმცა არ იციან რატომ, იმიტომ რომ მათთვის გაუგებარია ის განაჩენი, რაც გამოვიდა. - არის დაუსაბუთებელი, არ არსებობდა მათი ბრალის მტკიცებულება და ასე შემდეგ. და არის კიდევ სხვა კატეგორიებიც, რომლებიც სხვადასხვა ტიპის პრეტენზიას უყენებს ყოფილ ხელისუფლებას და მის წარმომადგენლებს.

საქართველოს მოსახლეობაში არსებობს ძალიან დიდი ბრაზი. ძალიან დიდი მოთხოვნილება, რომ სამართლიანობა აღდგეს. ჩვენ გვაქვს ორი პრიორიტეტი. ერთი ის, რომ კომუნიკაციის მეშვეობით ჩვენს ხალხს ავუხსნათ, რომ სამართლიანობა აუცილებლად აღდგება, ოღონდ ეს ისე უნდა მოხდეს და ისეთი შედეგი უნდა დაიდოს, რომ ამის შესახებ კითხვის ნიშნები მომავალში არ გაჩნდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ გარანტიებით უნდა იყოს მოცული მთელი ეს პროცესი სამართლიანობის აღდგენის, რომ მისი შემობრუნება მომავალში არ იყოს შესაძლებელი და ერთხელ და სამუდამოდ, როდესაც შედეგი დადგება, ყველას ქონდეს იმის განცდა, რომ ეს შედეგი სამართლიანია.

ამას სჭირდება დრო, ამას სჭირდება ადამიანური რესურსი და სჭირდება სერიოზული ძალისხმევა. უკანონო განაჩენების გამოსასწორებლად იუსტიციის სამინისტრომ შექმნა კანონპროექტი, რომელიც სთავაზობს ახალი დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნას. ეს იქნება სახელმწიფო კომისია, რომელიც გადახედავს იმ საქმეებს, სადაც სახეზეა ხარვეზიანი მართლმსაჯულება. კომისიის დასკვნა გადაეცემა სასამართლოს, რომელიც გახსნის საქმეს და თავიდან განიხილავს მას. ჩვენ ველოდებით, რომ კომისიაში რამდენიმე ათეული ათასი საქმე მოიყრის თავს და ამიტომ დავადგენთ მკაცრ დასაშვებ, მისაღებ კრიტერიუმებს, რათა ეს კომისია არ დაემსგავსოს სტრასბურგის სასამართლოს, რომელსაც წლობით უწევს საჩივრების განხილვა და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მათი გადახედვა.

რაც შეეხება პროკურორების, ანუ ჩემი ამჟამად უკვე კოლეგების წარსულში ჩადენილ უკანონობებს, რომლებზეც ბევრი ჩივის, იქ ჩვენ ბატონ არჩილ კბილაშვილთან ერთად შევიმუშავეთ შემდეგი გამოსავალი: იუსტიციის სამინისტროში გენერალურ ინსპექციაში შევქმნით დროებით დამხმარე ჯგუფს ახალგაზრდა გამომძიებლებისა, რომლებიც აქამდე პროკურატურაში სტაჟორები იყვნენ და როგორც სასაუბრო ენაზე იტყვიან ხოლმე, „გასვრილი“ არ არიან საზოგადოების თვალში იმ წარსულით, რომელიც დღეს ამდენ პრობლემას გვიქმნის. ეს ადამიანები, დაახლოებით 25-30 კაცი, დაიწყებს იმ საქმეების შესწავლას, რომლებშიც შესაძლოა რომელიმე პროკურორს წარსულში რაიმე შეცდომა ჰქონდეს დაშვებული.

რამდენადაც ვიცი, ასევე იქმნება საპარლამენტო კომისიაც, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს. საქართველოს კონსტიტუცია ახლახან ვენეციის კომისიის პრეზიდენტმაც გააკრიტიკა. მისი თქმით, სერიოზული ცვლილებებია საჭირო, ოღონდ ამ საქმეში სიჩქარე არ შეიძლება და ისინი საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობით უნდა განხორციელდეს. რა იქნება საპარლამენტო კომისიის მიზანი და რა პრინციპით იმუშავებს ის?

თქვენ იცით, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელმაც ჩვენივე საკუთარი კონსტიტუცია 95 წლის შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, ვაწამეთ. ეს არის ტექსტი, რომელსაც, რომელი მთავრობაც კი არ მოდის, უჩიჩხინებს და ცდილობს ისე შეცვალოს, რომ თუ კეთილსინდისიერია ოდნავ მაინც ქვეყნის ინტერესს მოარგოს, ან თუ არ არის კეთილსინდისიერი, თვითონ, საკუთარ ინტერესებს მიუსადაგოს. ჩვენ გვიწევს სამწუხაროდ, და ეს მართლაც ტრაგედიაა, ამ ტექსტის კიდევ ერთხელ შეხება. პრინციპში ეს უნდა იყოს წმინდა დოკუმენტი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და მხოლოდ მაშინ უნდა ვეხებოდეთ მას, როცა ზოგადად ერის ცხოვრებაში რაღაც განსაკუთრებული ხდება.

საერთოდ, დამოუკიდებლობის შემდეგ პროცესები არასწორად მიმდინარეობდა, და ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ყველა ადამიანი არ იყო ჩართული კონსტიტუციის შემუშავების პროცესში. მაგალითად მე მახსოვს, როგორც პატარა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, ჩვენ გვეკრძალებოდა ბატონი დემეტრაშვილის კომისიაში ჩართვა. არადა, ეს კონსტიტუცია ისევეა ბატონი დემეტრაშვილის, როგორც ჩვენი. მაშინ ეს ვერ მოხერხდა. ჩვენ გვინდა, რაკი ისევ არსებობს საზოგადოებაში მწვავე დებატი იმასთან დაკავშირებით თუ როგორი სახელმწიფო უნდა იყოს საქართველო, საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო; არსებობს კითხვა, თუ როგორ დაბალანსდეს სისტემა ისე, რომ ერთმა რომელიმე პოლიტიკოსმა მომავალშიც არ მოინდომოს აბსოლუტური ძალაუფლების მპყრობელი გახდეს, როგორც ეს ჩვენს ამჟამინდელ პრეზიდენტს დაემართა; ამიტომ ჩვენ გვჭირდება კომისია, რომელიც იქნება რაც შეიძლება მეტად რეპრეზენტატიული.

კომისია მართლაც შეიქმნება პარლამენტში, იმიტომ რომ ეს არის ორგანო, სადაც ხალხის მიერ არჩეული ადამიანები სხედან. მაგრამ, მე მჯერა, რომ ის არ შემოიფარგლება მხოლოდ პარლამენტარებით და მოწვეული ექსპერტებით. მასში უნდა იყოს ჩართული ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც კი საქართველოში არსებობს და რომელსაც პოლიტიკაში მოღვაწეობის გამოცდილება აქვს. - იქნება ეს ბატონი კუკავას, ქალბატონი ბურჯანაძის, თუ სხვა პარტიები, იმისთის რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ მივიღოთ ტექსტი, რომელზეც ყველა თანხმდება და იტყვის, რომ დიახ, ეს ჩემი კონსტიტუციაა. ეს იქნება ერთადერთი გარანტია იმისა, რომ მომავალი მთავრობა არ მოინდომებს კიდევ მოიქცეს ჩვენსავით, მოიქცეს წინა მთავრობასავით და დასჭირდეს კონსტიტუციის შეცვლა.

კონსტიტუცია წინა ხელისუფლებამ ისეთ დღეში ჩააგდო, რომ თქვენ იცით, სხვა გამოსავალი არ არის, თუ არა ტექსტის შესწორება. თუნდაც ის ერთი მაგალითი, რომელზეც ძალიან ბევრი ვისაუბრეთ: დღევანდელ პრეზიდენტს შეუძლია შეუძლია გადააყენოს პრემიერ-მინისტრი, გადააყენოს მთავრობა და დანიშნოს მისთვის სასურველი პირები, ისე რომ არც ჰკითხოს პარლამენტს და ხალხს, რამდენად ეთანხმებიან ისინი ახალი მთავრობის შემადგენლობას. ეს რა თქმა უნდა, ძალაუფლების უზურპაციაა და ამგვარი კონსტიტუცია ცვლილებებს საჭიროებს. მთავარია ახლა, რომ ჩვენ ისეთი ტექსტის შექმნა მოვახერხოთ, რომელიც საერთო კონსენსუსის ნაყოფი იქნება.

საქართველოს მოკლე ხანში საკმაოდ გახმაურებული პროცესები ელოდება. როგორ ფიქრობთ მათი მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას, იმის გათვალისწინებით, რომ მოსამართლეთა კონტიგენტი პრინციპში იგივე რჩება. და კიდევ: თქვენ ძალიან ხშირად ლაპარაკობთ რეფორმების გამჭვირვალობაზე. უშუალოდ სასამართლო პროცესების გამჭვირვალობას როგორ უზრუნველყობთ?

პირველი: მე მზად ვარ, როგორც დღევანდელი მთავარი პროკურატურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომ მივიღო ის განაჩენი, რასაც საქართველოს მოსამართლე გამოიტანს. მიუხედავად ყველაფრისა, მჯერა, რომ ქართველი მოსამართლე, რომელიც ჩაიბარებს, იქნება ეს ბაჩო ახალაიას თუ გენერალი კალანდაძის საქმეს განსახილველად, იქნება პირუთვნელი. იმიტომ კი არა, რომ რომელიმე მხარე უფრო დამაჯერებელია, არამედ იმიტომ, რომ მას ეცოდინება, რომ ამ საქმეებთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს მომავალი თაობები ნახავენ. მთავარია, მოსამართლემ შეხედოს მტკიცებულებებს, თუ რა მოვაგროვეთ ჩვენ, პროკურატურამ, და რა - დაცვის მხარემ. და შემდეგ შეაფასოს, თუ რომელი მტკიცებულებები მეტს იწონის მათთვის ჩაბარებულ სასწორზე.

რაც შეეხება გამჭვირვალობას, ჩვენ, იუსტიციის სამინისტრომ, გავაკეთეთ არაერთი რამ ამის გასაუმჯობესებლად. თქვენ იცით, რომ წინა ხელისუფლებას და ჩემს წინამორბედს აწყობდა, რომ პროცესზე პროკურორი ყოფილიყო უფრო ძლიერი, ვიდრე დაცვის მხარე. დღეს ჩვენ ვართ პროკურორები, მაგრამ ჩემი მიზანი არ არის პროკურორი იყოს დაცვაზე ძლიერი. ჩემი მიზანია პროკურორს ზუსტად ისეთივე ძალა გააჩნდეს, როგორც დაცვის მხარეს, რომ შედგეს სასამართლოში მხარეთა თანასწორობა.

კერძოდ, რა გავაკეთეთ: ჩვენ შევიტანეთ ცვლილებების პროექტი პარლამენტში, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში უნდა ამოღებულ იქნას ის მუხლები, რომელიც ხელოვნურად ასუსტებს დაცვის მხარეს. თქვენ იცით, ხშირად ადვოკატთა ასოციაცია ჩემს წინამორბედს საყვედურობდა იმას, რომ დაცვის მხარეს არ ჰქონდა უფლება (პირდაპირ ასე წერია დღევანდელ კოდექსში) ამოღების და ჩხრეკის ჩატარების მოთხოვნით მოსამართლისთვის მიემართა. არადა, იმისთვის, რომ ალიბი შეამოწმებინო მოსამართლეს და დაადასტურო, რომ ის სწორია, შეიძლება დაგჭირდეს რომელიმე ბინის, ადგილის ჩხრეკა, რაიმე ნივთის ამოღება, რომელიც დაადასტურებს შენს ვერსიას. ანდა სულ უბრალო, მობილური სატელეფონო ჩანაწერის ამოღებაა საჭირო. ჩვენ ვაკისრებთ კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებს იმ ვალდებულებას, რაც აქამდე არ არსებობდა: ადვოკატის მოთხოვნა, მობილური ტელეფონის ან სხვა სახის ჩანაწერების და დოკუმენტების მიღების შესახებ, აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ისინი დაცვის მხარეს მტკიცებულებებს არ გადასცემენ, კანონის წინაშე პასუხს აგებენ.

დაცვის მხარეს ექნება უფლება, მათ შორის ბაჩო ახალაიას ადვოკატსაც, რომ მიმართოს მოსამართლეს ჩხრეკის ჩატარების მოთხოვნით და მოსამართლე მოვალეა განიხილოს ამგვარი შუამდგომლობა. და თუ დააკმაყოფილებს, მაშინ გამომძიებელი, არა ის, რომელიც ბაჩო ახალაიას საქმე იძიებს, არამედ სხვა, მოეხმარება დაცვის მხარეს ჩხრეკისა და ამოღების ჩატარებაში. ეს არის სულ ორი მაგალითი მრავალ სხვას შორის, რომელიც უზრუნველყოფს ადვოკატების სიძლიერეს იმ მაღალპროფილიანი და მაღალი ინტერესის მქონე საქმეებზე, რომლებიც ჩვენ წინ გველის.

რაც შეეხება ჩვენს ზრუნვას უშუალოდ პროცესების გამჭვირვალობაზე: მე პირადად, ჩემს მიერ პარლამენტში შეტანილი კანონის მიხედვით, ვაბრუნებ მედიას სასამართლო დარბაზებში, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ სასამართლოდან გაუშვა.

პრიორიტეტი თუ ექნება რომელიმე საინფორმაციო წყაროს?

პრიორიტეტი ექნება პირველ რიგში საზოგადოებრივ მაუწყებელს, იმიტომ, რომ ის ხალხის ფულით ფინანსდება. და მას ექნება საშუალება, ისე, რომ მოსამართლეს არ შეუშალოს ხელი მართლმსაჯულების განხორციელებაში და არ გადავცვივდეთ იმ ქაოსში, რომელიც მეფობდა სასამართლო დარბაზებში 2 000-წლებში, სადღაც 2005 წლამდე (მას შემდეგ მკვეთრად გამოსწორდა მდგომარეობა), რომ იყოს მედია, მაგრამ ჰქონდეთ ფიქსირებული ადგილი, საგანგებოდ გამოყოფილი სივრცე, საიდანაც გადაიღებენ პროცესს და გადასცემენ საზოგადოებას ინფორმაციას. აქ ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი, რომ მოსამართლემ შეძლოს საქმიანობა სასამართლო დარბაზში დისციპლინის დაცვით, მაგრამ საზოგადოებამაც მიიღოს მედიის მეშვეობით ინფორმაცია. წინა ხელისუფლებამ, იმიტომ რომ მედია ხმაურობდა სასამართლო დარბაზში და ხანდახან ხელს უშლიდა მოსამართლეს, იპოვა მარტივი გამოსავალი და გაუშვა ის სასამართლო დარბაზიდან. ჩათვალა, რომ მედია თუ არ იქნება, არ იარსებებს პრობლემაც. მე ვთვლი, რომ თავისუფალი მედია სადაც არსებობს, იქ ნაკლები პრობლემაა, განსაკუთრებით - გაუმჭვირვალობის კუთხით. ადამიანებს აქვთ უფლება, რომელიც უზრუნველყოფილია ყველა საერთაშორისო ნორმით, რომ მიიღონ ინფორმაცია.

პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით რას გვეტყვით? კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან იყო კრიტიკული შენიშვნები სიების ნაჩქარევად შედგენის გამო არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტში ახალი სიები დგება.

ახალი სიები, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, არ უნდა იქმნებოდეს პარლამენტში და თუ იქმნება, ჩვენი, ძალოვანი სტრუქტურების ყურამდე ჯერ ეს არ მოსულა. პირველი სიის შედგენასთან დაკავშირებით გეტყვით იმას, რომ ჩვენ, იუსტიციის სამინისტრომ, ისევე როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა და რაც მთავარია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები. ძალიან ბევრ შემთხვევაში, უმრავლეს შემთხვევაში პარლამენტმა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ პატიმრებსაც, ჩვენი მოსაზრებები გაითვალისწინა და არაერთი მუხლი იქნა ან ამოღებული, ან დამატებები შეტანილი მოცემულ პროექტში.

თუმცა, პოლიტპატიმრების სიასთან დაკავშირებით დარჩა კითხვის ნიშნები. სერიოზული კითხვები ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრს, და მე რამდენადაც ვიცი, ის დღესაც უკმაყოფილოა საბოლოო შედეგით. ეს უკმაყოფილება ეხება მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ რამდენიმე ადამიანს.

რა თქმა უნდა ღიად დარჩენილი კითხვა, თუნდაც თითოოროლა ადამიანზე, დასანანია, მაგრამ მე მაინც ერთგული ვარ იმ პრინციპის, რომ როდესაც საქმე ეხება, 150, 160, 180 ადამიანს და მათ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლებას, დროული გათავისუფლება უფრო საშვილიშვილო და სწორი საქმეა, ვიდრე პატიმრობის გაგრძელება იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანის საქმე ეჭვს იწვევს. საერთოდ, სამართლიანობა და ადამიანის უფლებები უშვებს, რა თქმა უნდა, იმის შესაძლებლობას, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა შეცდომა დაუშვას. აქ მთავარი ის არის, რომ ეს შეცდომები ადამიანის სასარგებლოდ იყოს და არა მის საზიანოდ.

და ბოლოს: აუცილებლად გექნებათ პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი. რის მიღწევა გსურთ მინისტრობის პერიოდში?

მე ძალიან ბევრი რამის მიღწევა მსურს და ვჩქარობ, არ ვიცი რატომ.

ძალიან მინდა, რომ ისეთი საკანონმდებლო საფუძველი შევქმნა, რომელიც მოსამართლეებს მისცემს საშუალებას, განაცხადონ, რომ ეამაყებათ მოსამართლეობა; რომ რეალურად იქნეს უზრუნველყოფილი მოსამართლეთა დამოუკიდებლობა საქართველოში და ადამიანებს ჰქონდეთ ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას.

მინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ის დიდი პრობლემა, რასაც ე.წ. აიდი-ბარათები ჰქვია და საზოგადოების დიდ ნაწილში მისი მიუღებლობაა. ეს პრობლემა პრობლემად რჩება და ამას წინა ხელისუფლება არ აღიარებდა. შესაბამისად მე გადაჭრის გზებს ვეძებ და იმედი მაქვს, რომ ისეთ გამოსავალს შევთავაზებ საზოგადოებას, რომელიც გაზიარებული იქნება და ყველასთვის მისაღები.

საჭიროა, რომ ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც მე ვიტყოდი, პროკურატურაზე უფრო მძიმეა, რაც მე მივიღე საჯარო რეესტრში, ეს შეცდომებიც იქნას გამოსწორებული. თქვენ იცით, რომ წინა ხელისუფლებამ არაერთი მიწის ნაკვეთი, არაერთი კი არა, მილიონნახევარი ისე დაარეგისტრირა, რომ არ მოუთხოვია ის დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა საკუთრების გაფორმებისთვის. და ჩვენ, არ არის გამორიცხული, ძალიან ბევრი სასამართლო დავა მოგვიწიოს ამ საქმეებთან დაკავშირებით. ჩემი მიზანია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სწორად დარეგისტრირებული მიწების მეშვეობით მივცე იმის საშუალება, რომ გლეხებს და ფერმერებს დაეხმაროს. ინვესტიცია ვერ ჩაიდება მიწაში, რომლის საკუთრების უფლებაზე დავა მიმდინარეობს.

ჩემი მიზანია, რომ იმ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, რომელსაც ინტერფრაქციული ჯგუფი წამოიწყებს პარლამენტში, დავაზუსტო საარჩევნო სია და საქართველოს მივცე ერთხელ და სამუდამოდ სია, რომლის გარშემოც აღარ იქნება არანაირი უზუსტობა. რომ მაგალითად, აღარავინ გვაკადროს შეგვეკითხოს, საქართველოში რომელიმე მოქალაქეს რამდენიმე ხმის უფლება ხომ არ აქვსო?

ასევე მინდა, რომ საკანონმდებლო მაცნე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ჩემს სამინისტროში, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული დაწესებულება. და ამმხრივ ნაბიჯები უკვე გადაიდგა. თქვენ იცით, რომ წინა ხელისუფლების პირობებში საქართველოს მოქალაქეებს არ შეეძლოთ უფასოდ გაცნობოდნენ კანონებს. დღეს ეს მათ შეუძლიათ, მათთვის კანონი არის ხელმისაწვდომი. ეს თითქოს უბრალო რამაა, მაგრამ როდესაც მოქალაქეს ეუბნები, რომ უნდა წახვიდე ციხეში და რომ ყველანი უნდა წახვიდეთ ციხეში, ამ დროს კი პრეზიდენტი ხარ და კანონს ხდი ფასიანს, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეს არ აძლევ საშუალებას იცოდეს, თუ როგორი ქცევაა დასჯადი და როგორი - არა.

როგორც ხედავთ, ბევრი გეგმა მაქვს ძალიან. არ ვიცი, რის შესრულებას მოვასწრებ და რის - ვერა, მაგრამ ის, რაც ჩამოვთვალე, ეს არის გეგმები, რომლებიც აუცილებლად უნდა განვახორციელო და რაშიც მე ჩემი მოადგილეების გუნდი მეხმარება და მეხმარებიან, თქვენ წარმოიდგინეთ, ის ადამიანები, ვინც სამინისტროში დამხვდნენ.

ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და ამ ჩამოთვლილი გეგმების წარმატებით განხორციელებას გისურვებთ. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უფრო დიდი წარმატებები გელოდებათ.

დიდი მადლობა.

შემოკლებული ტელე-ვერსია გადაცემისთვის "ვაშინგტონი დღეს":

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG