ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო პოლიტიკური ტერორის გარეშე


14 აპრილს თბილისში, სპორტის სასახლეში ჩატარდება ყრილობა, რომელზეც დაფუძნდება ”სახალხო მოძრაობა”

2013 წლის 14 აპრილს თბილისში, სპორტის სასახლეში ჩატარდება ყრილობა, რომელზეც დაფუძნდება ”სახალხო მოძრაობა”- აცხადებს ყრილობის ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე:

"14 აპრილს 14 საათზე სპორტის სასახლეში ყოფილი პოლიტპატიმრები, ასევე რეჟიმით დაზარალებული ყველა ის პირი, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო რეჟიმით დაზარალებული, ვიკრიბებით სპორტის სასახლეში, რათა მოვითხოვოთ რეჟიმის გასამართლება და პარლამენტს მოვთხოვოთ შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ამ საკითხს და ”ნაციონალური მოძრაობის” როგორც პოლიტიკურ, ისე მორალურ და იურიდიულ პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.”

ყოფილი პოლიტპატიმრის შოთა იამანიძის თქმით საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ეთქვას პოლიტიკური ტერორის პრაქტიკას:

”ყრილობის ორგანიზატორები ვაცხადებთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი რომ არ გაუფასურდეს, სააკაშვილის რეჟიმის ცალკეული მაღალჩინოსნების სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების გარდა აუცილებელია მოხდეს საკუთრივ რეჟიმის პოლიტიკური გასამართლება და მისი მანკიერი ხასიათის გაცნობიერება. ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ეთქვას პოლიტიკური ტერორის პრაქტიკას, რომელსაც ეფუძნებოდა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავე, ავტორიტარული რეჟიმის საზოგადოება.”

როგორც ცნობილია, ნაციონალურ მოძრაობას 19 აპრილს აქცია აქვს დაანონსებული. ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადებით მთავრობას აქციების ეშინია.მისივე თქმით პრემიერს მოუწევს ოპოზიციის არსებობასთან შეგუება :

”მე ვიცი, რომ მთავრობას ძალიან ეშინია აქციების. მას მოუწევს შეგუება, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, საქართველოში იარსებებს ოპოზიცია და მას მოუწევს დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება. ამას რაც მალე შეეგუება ივანიშვილი, მით უკეთესი იქნება მისთვის და ქვეყნისთვის.”

თორნიკე მოლაშვილი, რომელმაც პატიმრობაში წელიწადნახევარი გაატარა,ამბობს , რომ 14 აპრილს დანიშნული აქცია 19 აპრილის აქციის საპასუხოდ არ იგეგმება:

”საპირისპირო აქციას კი არ ვამზადებთ, უბრალოდ თავის დროზე ”ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიმართ ადეკვატური სამართლიანობა რომ განხორციელებულიყო და ყველას საკადრისი პასუხი გაცემოდა თავიანთ კრიმინალურ წარსულთან დაკავშირებით, 19 აპრილს აზრადაც არ მოუვიდოდათ შეკრებილიყვნენ. უბრალოდ, სამართლიანობა ჯერ არ არის აღდგენილი, გასაგებია, ამას დრო სჭირდება, იურიდიულად და ა.შ. მაგრამ სამართლიანობა უნდა აღდგეს. ეს პროცესი უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე”.

ყოფილმა პოლიტპატიმარმა ივა ჩიღვინიძემ ბრიფინგზე დიპლომატიურ კორპუსს მიმართა:

”მინდა მივმართოთ საქართველოში აკრედიტებულ ყველა საელჩოს, ყველა საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციას, ჩვენი ქვეყნის მეგობარ მთავრობებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ავალია საქართველოსთან, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება. ფაქტების გადამოწმების გარეშე აღარ დაიკავონ ცალმხრივი, პრო-სააკაშვილისეული პოზიცია. ქართველი ხალხის ნება არის ამ რეჟიმის გასამართლება და ვიწყებთ ამ პროცესს”.

საქართველოში ძალიან მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა. საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებები ათასობით პატიმარმა დატოვა. მათ დასაქმებაზე თუ ზრუნავს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ან სახელისუფლებო სტრუქტურა , ამის შესახებ უფლებადამცველი გელა ნიკოლაიოშვილი ამბობს:

”ორგანიზებულად ან ხელისუფლებას, ან რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციას ამისთვის ეზრუნოს, ამას ადგილი არ ჰქონია. ერთია, რომ ფსიქორეაბილიტაციას გადიან (ვისაც ამის სურვილი აქვს) არასამთავრობო ორგანიზაცია” ემპათიაში”. ჩვენ ორგანიზაციას ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამინის უფლებებისთვის” რაც შეგვიძლია, რეკომენდაციებით , თხოვნით მივმართოთ სხვადასხვა ორგანიზაციებს დაასაქმონ ისინი. თუმცა, ერთი დიდი პრობლემაა, ნასამართლობა ძალიან უშლით ხელს. ჩვენ გვაქვს თხოვნა და ვცდილობთ მივაღებინოთ პარლამენტს, ან პარლამენტის გარეშე შესაბამის ორგანოებს გადაწყვეტილება, რომ თუნდაც პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ, ამნისტიის 22-ე მუხლის საფუძველზე გათავისულებულ პირებს ნასამართლობა მოეხსნათ ავტომატურად, როგორც პოლიტპატიმრებს.”

ყრილობის ორგანიზატორთა განცხადებით ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულის პოლიტიკური შეფასების მიზნით სპეციალური საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას, რომლის მუშაობის მთავარი შედეგი უნდა გახდეს პოლიტიკური ქარტიის ”საქართველო - პოლიტიკური ტერორის გარეშე” მიღება. ნანა კაკაბაძის თქმით დაწყებულია მოძრაობაში გაწევრიანების პროცესი, და ყრილობის ჩატარებამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე ხალხმრავალი შეკრების ორგანიზება იგეგმება.
XS
SM
MD
LG