ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელისუფლებას ხალხი არჩევნების წინ ახსენდება


"სამართლიანი არჩევნები": პრემიერი ღარიბაშვილი ადმინისტრაციულ რესურს იყენებს
"სამართლიანი არჩევნები": პრემიერი ღარიბაშვილი ადმინისტრაციულ რესურს იყენებს

ნინო ლომჯარია: „ახალი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროგრამები ისევ საეჭვოდ ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს“

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“, რომელსაც საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია, აცხადებს, რომ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურს დაუფარავად იყენებს.

„სამართლიან არჩევნებში“ მიაჩნიათ, რომ ზედ არჩევნების წინ, თვითმმართველობებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების, 46 ჯერ გაზრდა, 3 მილიონი ლარიდან - თითქმის, 140 მილიონ ლარამდე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა.

წინასაარჩევნო პერიოდს დაამთხვია საქართველოს მთავრობამ ბათუმის ბიუჯეტის 10 მილიონიანი ზრდაც; ფოთში შეწყვეტილი ინფრასტრუქტურული პროექტების განახლება; „ლიბერთი ბანკის“ მოვალეების შეუსრულებელი ვალდებულებების, აჭარის ბიუჯეტიდან დაფარვა; მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა და მათი ოჯახის წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა.

წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურმა ანგარიშმა, ბოლო 21 დღიანი პერიოდი (20 აპრილი - 11 მაისი) მოიცვა. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია ამბობს

„აშკარად გამოიკვეთა ორი სამწუხარო ტენდენცია. პირველი - ეს არის მოსყიდვები. როდესაც პარტიის კანდიდატები ფასიან საჩუქრებს გადასცემენ მოქალაქეებს;

და, მეორე - ადმინისტრაციული საბიუჯეტო რესურსის გამოყენების შემთხვევები. როცა, არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ან შემდგომ, შედის ცვლილებები ბიუჯეტებში, იწყება ახალი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროგრამები და ეს ყველაფერი საეჭვოდ ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს.“


არასამთავრობო ორგანიზაცია ექიმებისთვის პრემიერ ღარიბაშვილის დაპირებას ხელფასის მატებასთან დაკავშირებით და წინასაარჩევნოდ, ხარაგაულში სახელმწიფოს კუთნილი ავტოტრანსპორტით გადაადგილებას, ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად მიიჩნევს.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ქარელში, ადიგენში, ასპინძაში, ახმეტასა და ბათუმში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ექვსი შემთხვევაც დააფიქსირა. 25 აპრილს, ყვარელში გამგებლის დავით ქევხიშვილის ხმაურიანი გადაყენების ფაქტი, პოლიციის ზეწოლის ფონზე, წინასაარჩევნოდ მისი დისკრედატაციის მცდელობად არის შეფასებული.

ანგარიშში „ჰომოფობიური განცხადების გამო“ გაკრიტიკებულია, ლეიბორისტული პარტია, რომლის წარმომადგენელმაც ბათუმში განაცხადა, რომ „ქალაქს წარმოშობით ქართველი უნდა მართავდეს.“ ასევე, გაკრიტიკებულია, არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალა, საარჩევნო სიებში გენდერული დისბალანსის გამო.

არც საქართველოს მთავრობა და არც საპარლამენტო უმრავლესობა „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშს არ ეთანხმება. დეპუტატი გია ჟორჟოლიანი, რომელიც კოალიციაში „სოციალ დემოკრატებს“ წარმოადგენს ამბობს

„თუ სადმე დარღვევების კონკრეტული შემთხვევები არსებობს, ცხადია ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს. მაგრამ, ზოგადად - ასეთი სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემო საქართველოში არ ყოფილა.“

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს ექვსი რეკომენდაციით მიმართა: არ მოხდეს წინასაარჩევნოდ ისეთი პროექტების პრეზენტაცია, რომლებსაც საარჩევნო კოდექსი ზღუდავს;

უწყებათშორისმა კომისიამ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს - მოსყიდვის, ხოლო, სამართალდამცავებმა - საარჩევნო კამპანიის წარმართვის დროს ხელის შეშლის ფაქტები. პოლიტიკურმა პარტიებმა კი უარი თქვან სიძულვილის ენაზე და დაიცვან გენდერული ბალანსი.

წინასაარჩევნოდ და არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, 2004-2012 წლებში, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდშიც, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევა იყო. ოპოზიციაში ყოფნის დროს, ამ სახიფათო ტენდენციაზე გამუდმებით ამახვილებდა ყურადღებას კოალიცია „ქართული ოცნებაც“, თუმცა ქართული დემოკრატიის ეს მანკიერი ტრადიცია ახალი ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება.
XS
SM
MD
LG