ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი: ნარმანია მელიას წინააღმდეგ


დავით ნარმანიას კანდიდატურა პრემიერ ღარიბაშვილის წინამორბედმა დაასახელა
დავით ნარმანიას კანდიდატურა პრემიერ ღარიბაშვილის წინამორბედმა დაასახელა

დედაქალაქის მერობის ძირითადი კანდიდატები უკვე ცნობილია

საქართველოს ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებამდე 69 დღით ადრე, უკვე ცნობილია ძირითადი კანდიდატები, რომლებიც თბილისის მერობისთვის იბრძოლებენ. ერთ-ერთმა ბოლომ, საკუთარი კანდიდატად - დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის ნინო ბურჯანაძის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა კოალიციამ დაასახელა.

ამ არასაპარლამენტი ბლოკში - ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობის“ გარდა, შედიან ჯონდი ბაღათურიას „ქართული დასი“, კახა ძაგანიას „მემარცხენე ალიანსი“ და თითქმის დაშლილი „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, რომელიც ახლახანს ორმა ლიდერმა - გიორგი თარგამაძემ და ლევან ვეფხვაძემ დატოვა.

46 წლის დიმიტრი ლორთქიფანიძე „ეროვნული საბჭოს“ სიით, წინა მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. უფრო ადრე კი „მოქალაქეთა კავშირში“ გახლდათ გაერთიანებული.

„თბილისელთა ეს არჩევანი იქნება ერთადერთი შანსი, რომ გავარღვიოთ მოჯადოებული, პოლიტიკური მონოპოლიური წრე! ჩემი შესვლით ქალაქის მერიასა და თვითმმართველობაში ჩაინერგება ანტიკორუფციული გენი.

ყველაზე მნიშვნელოვანი რაზეც დღევანდელ ხელისუფლებას უნდა გაემახვილებინა ყურადღება, სანამ დანაშაულებრივ კოაბიტაციას დაიწყებდა „ნაციონალებთან“, უნდა მოეხდინა რევიზია, იმ ასეულობით მილიონის ხარჯვისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ წლების მანძილზე.“


საკუთარი მერობის კანდიდატი პრაიმერის მეშვეობით გამოავლინა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“. თბილისის მერობისთვის 34 წლის ნიკა მელია - მთაწმინდის მოქმედი გამგებელი იბრძოლებს.

მელია საქართველოში ცნობილი კარდიოლოგის ანზორ მელიას შვილია. აქამდე მუშაობდა უშიშროების სამინისტროში, უშიშროების საბჭოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში. 2012 წლიდან ნიკა მელია მთაწმინდის გამგებელია

„მე მინდა ყველა ჩემს მხარდაჭერს, ახლობელს, თბილისელს შევპირდე რომ ყველანი გავერთიანდებით და აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ 15 ივნისს ჩვენ გავიმარჯვოთ თბილისის მერის არჩევნებში.“

თბილისში მომავალი არჩევნების ფავორიტი კი მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ კანდიდატი - დავით ნარმანიაა. ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში დაბადებული 35 წლის ნარმანია 2012 წლის ოქტომბრიდან რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია. მისი კანდიდატურა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა.

პოლიტიკაში მოსვლამდე ნარმანია აქტიურად ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მუშაობაში მონაწილეობდა. დღემდე არის კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, თბილისის მერის არჩევნებში გამოკითხულთა 52 პროცენტი უჭერს მხარს. დავით ნარმანია ამბობს

ეს კვლევა რა თქმა უნდა სტიმულის მომცემია, ერთის მხრივ, თუმცა მეორეს მხრივ გამოწვევაა, რომ უფრო მეტი მოვინდომოთ. თუმცა, ამ გამოკითხვებთან დაკავშირებით გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულებაც არსებობს. რეალობა ჩვენ ცოტათი უფრო განსხვავებული გვგონია, მაგრამ მთავარი მაინც არჩევნები და ამომრჩევლის ვერდიქტია.“

გარდა სამი ძირითადი კანდიდატისა, თბილისის მერობისთვის - ლეიბორისტების სახელით იბრძოლებს მსახიობი ასმათ ტყაბლაძე; მწვანეთა პარტიის სახელით დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე, რომელმაც თებერვალში საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა; „თავისუფალი საქართველოს“ სახელით კი კახა კუკავა. მოსალოდნელია, რომ თბილისის მერობის მსურველთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

2014 წლის 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვევნები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა - ზ.წ) და 12 თვითმმართველ ქალაქში გაიმართება.
XS
SM
MD
LG