ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უგულავა სასამართლოს დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს


მოსამართლე დალი მეტრეველის გადაწყვეტილებამ გიგი უგულავა და კოტე კუბლაშვილი დააპირისპირა

თბილისის მერს, რომელსაც სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა არ ეთანხმება უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე კოტე კუბლაშვილი

მეორე დღეა საქართველოს დედაქალაქს მერი აღარ ჰყავს. მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა გიგი უგულავას უფლებამოსილება კვირას გამთენიისას შეუჩერა.

გიგი უგულავა 2005 წლიდან მართავს თბილისს, 2010 წლიდან კი პირველი არჩეული მერია. მას ბრალად 48 000 000 ლარზე მეტის გაფლაგვა ედება.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ ამ თანხით, დედაქალაქის მერმა „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 2011-12 წლებში, მაშინდელი მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები უკანონოდ დააფინანსა.

სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის მერიის ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს (თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ალავიძე, შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი თაბუაშვილი, ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი ავალიანი და გამგებლის ყოფილი მოადგილე ჩხეიძე) ბრალი ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში წაუყენეს.

სექტემბერში იტალიაში დააკავეს „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი თავჯდომარე გიორგი საბანაძე. თუმცა, ერთი თვის შემდეგ, ფლორენციის სასამართლომ იგი გაანთავისუფლა. მალევე საბანაძემ პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთში მიიღო.

თბილისის მერი აღნიშნულ საქმეზე 18 დეკემბერს დაკითხეს. პროკურატურა უგულავას დაპატიმრებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა და გიგი უგულავას 50 000 ლარის გირაო შეუფარდა.

უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე კოტე კუბლაშვილმა თბილისის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით დღეს კერძოდ ბრძანა

„თუ ვინმე იტყვის, რომ მე ან საქალაქო სასამართლოს თავჯდომარე ახვლედიანი, უნდა ჩავრეოდით და უნდა გვეთქვა მოსამართლისთვის, რომ იცი ეს საკითხი მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და ესე კი არ გააკეთო, ისე გააკეთე.

აი, ამას თუ ვინმე მეტყვის ძალიან შეცდება, იმიტომ რომ სწორედ ეს არის ჩარევა სასამართლოს და მოსამართლის დამოუკიდებლობაში.“

უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ ეს განცხადება თბილისის მერისა და „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა, რომ თითქოს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოზე „არნახული ზეწოლა“ განხორციელდა.

მძაფრი კრიტიკის საფუძველი გახდა, ის ფაქტი რომ მოსამართლე დალი მეტრეველმა თბილისის არჩეული მერისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი, დახურულ კარს მიღმა, ზეპირი განხილვის გარეშე, ღამის 1 საათზე მიიღო.

თბილისის მერი ამტკიცებს, მოსამართლეზე ზეწოლას, უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი და მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი აკაკი ჩხენკელი ახორციელებდნენ. ორივე მათგანი, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უახლესი გარემოცვის წევრია. გიგი უგულავა ამბობს

„ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ მოსამართლეზე ხორციელდებოდა ზეწოლა ..აბა მე ჯერჯერობით, ვანგა არ ვარ, არც ნათელმხილველი და წინასწარმეტყველი..სანამ პროცესი დაიწყებოდა ვთქვი ის შედეგი, რომელიც გამიზნული იყო და რომელიც დადგა.

ანუ დადგა სწორედ ის შედეგი რომელიც მე ვთქვი..საიდან ვიცი მაშინ ეს შედეგი? ასე რომ ნუ დავამკვიდრეთ სირაქმელამას ტრადიციას, ნუ დავიწყებთ იმის ძახილს, რომ არაფერი არ ვიცით..ვისაც ეხება იმან გამოიძიოს.“

გარდა, „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 000 000 ლარის დატაცების საქმისა, უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კიდევ სამ საქმეზე აქვს წარდგენილი. ეს არის თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის - „თბილსერვის ჯგუფის“ სახსრების გაფლაგვა, სადაც ასევე ფიქტიურად იყვნენ გაფორმებული „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები. გამოძიების მტკიცებით, ამ „ოპერაციით“ სახელმწიფომ 5 მილიონით იზარალა.

ასევე, რიყის ტერიტორიის კორიფციული გზით გასხვისებისა და შემდეგ უკან გამოსყიდვის საქმე, სადაც სახელმწიფომ დამატებით 10 მილიონი დოლარით იზარალა. ტელეკომპანია „იმედის“ ხელში ჩაგდების სქემა, სადაც რიყის საქმეზე „გათეთრებული“ 10 მილიონი დოლარი „დატრიალდა“.

ამ საქმეების გამო გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებას პროკურატურა ჯერ კიდევ თებერვალში ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მაშინ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პროკურატურას უარი ეთქვა მეორე მოთხოვნაზეც - აღმკვეთი ღონისძიების სახით - 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოზე.

მაშინ სასამართლომ ამავე საქმეზე, პატიმრობა თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს შეუფარდ,ა რომელიც ოქტომბერში უკვე საფრანგეთში დააკავეს. უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი ამბობს

„ერთის მხრივ, როცა საუბარია სასამართლოს ისეთ
გადაწყვეტილებებზე, რომელიც მოსწონთ ჩვენს ოპონენტებს ნაციონალური მოძრაობიდან, მაშინ არის სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბარი..მეორეს მხრივ, როცა არ მოსწონთ გადწყვეტილებები..სასამართლო თურმე ზეწოლის ქვეშ არის.“


საერთო ჯამში, გიგი უგულავას ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია (რიყე, ტელეიმედი), რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და მითვისება-გაფლანგვა (თბილისის განვითარების ფონდი, თბილსერვისჯგუფი), რომელიც 7-დან 11 წლამდე პატიმრობით ისჯება. თუმცა, ვინაიდან საქართველოში სასჯელის შეკრებითობის პრინციპი გაუქმდა, უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს.

გიგი უგულავას დაცვის მხარემ დღეს უკვე განაცხადა, რომ მოსამართლე ხომერიკის ორივე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. თუ კი სააპელაციო სასამართლო განაჩენს ძალაში დატოვებს, მაშინ თბილისის მერის მოვალეობას ვიცე-მერი სევდია უგრეხელიძე შეასრულებს.

დღესვე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა წუხილი გამოთქვა „არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერებასთან“ დაკავშირებით. ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა, ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმაც.

XS
SM
MD
LG