ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელისუფლება „მძღოლთა ბუნტს“ ახშობს


სამართალდამცავები ტენდერის სადაო პირობების გამოძიების ნაცვლად, პროტესტის მონაწილე მძღოლებს იჭერენ

სამი შვილის მამა, ნომერ მე-11 სამარშუტო ტაქსის ხაზის მფლობელი და მძღოლი მინდია არაბული, "ფეხითმოსიარულეთა წესების დარღვევისა და პატრულის დაუმორჩილებლობის ბრალდებით" დააკავეს.

არაბული მეთექვსმეტე მძღოლი გახდა, რომელიც თბილისში მიმდინარე სამარშუტო ტაქსების მძღოლთა გაფიცვის ფონზე აიყვანეს. აქედან ნაწილს 400 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა, ნაწილს - მათ შორის, მინდია არაბულს სასამართლომ შვიდდღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მძღოლები, რომლებიც დაკავებულთან ერთად მუშაობენ, ამბობენ, რომ არაბულს გაფიცვაში მონაწილეობის გამო რამდენჯერმე დაემუქრნენ. მისი დაპატიმრების მიზეზი კი ტელეკომპანია „კავკასიისთვის“ მიცემული ინტერვიუ გახდა, სადაც მინდია არაბული პოლიციისა და თბილისის მერიის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა:

„დაანებე მაგ აგიტაციას თავი, დაანებე შეკრებებზე სიარულს თავი, დაანებე თავი წინააღმდეგობას, გადი სამუშაოდ და იმუშავე, თუ გინდა, რომ ისეთი არაფერი შეგემთხვას, რითაც ძალიან უკამყოფილო იქნები.“

სამარშუტო ტაქსების მძღოლთა გაფიცვა თბილისში მას შემდეგ დაიწყო, რაც ნათელი გახდა, რომ ბაზარზე მოთამაშე ყველა წვრილი კომპანია თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

თბილისის მერიის გამოცხადებული ტენდერის შემდეგ, ბიზნესი მთლიანად მმართველ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულ „ჯმს ჯგუფის“ (GMC Group) ხელში გადავიდა.

იურისტთა აზრით, სატენდერო დოკუმენტაციის ზერელე ანალიზითაც კი ჩანს, რომ ტენდერში გამარჯვებული ოთხივე შპს, სინამდვილეში ერთი ბიზნესს ჯგუფის ნაწილია. „ჯმს ჯგუფი“ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ძმების შარანგიების საკუთრებაა. ყოფილი ომბუდსმენი და დღეს „ქართული პარტიის“ ლიდერი სოზარ სუბარი ამბობს:

„აი, ეს რაც ხდება ეხლა არის სწორედ სააკაშვილი ოჯახის კორუფციის ნათელი გამოვლინება. შარანგია არის სააკაშვილის კარის ბიზნესმენი, რომელმაც სრულიად უკანონოდ ყოველგვარი სამართლიანი ტენდერის გარეშე, ჩაიდო ჯიბეში თბილისის მთელი სამარშუტო ტაქსების ბიზნესი.“

ტენდერის შედეგების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიებმა 3078 ცალი, ახალი, თექვსმეტადგილიანი „ფორდ ტრანზიტის“ ტიპის, ყვითელი სამარშუტო ტაქსების შემოყვანა თბილისში 2011 წლის ოქტომბერში უნდა დაიწყონ. ეს პროცესი 2012 წლის 15 იანვარს უნდა დაასრულდეს.

წინასწარი გათვლებით, ტაქსების პარკის მთლიანად განახლება 100 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. თბილისის მერიის არაერთგზის განცხადების მიუხედავად, რომ "მგზავრობის ფასი არ გაიზრდებოდა, სავარაუდოდ, ეს მაინც მოხდება. მით უმეტეს, რომ კომპანიები აპირებენ მძღოლებს ახალ მანქანები იჯარა-გამოსყიდვის წესით შესთავაზონ.

მასობრივი გაფიცვა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ გამარჯვებული მონოპოლისტი მძღოლებისთვის დღიური საგზურის თანხის 40 ლარამდე გაზრდას ცდილობდა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მონოპოლისტი საგზურის ფასის გაზრდით, ოქტომბრამდე ფულადი რესურსის დაგროვებას გეგმავდა, რათა ეს ფული ახალი მანქანების შეძენისთვის გამოეყენებინა. თბილისის საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი ამბობს:

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში წერია რა არის მონოპოლიური საქმიანობა. ეს არის: კონკურენციის შეზღუდვა, ბაზრის ხელოვნული დაყოფა, ეს არის ბაზარზე გავლენის მოპოვება ან შენარჩუნება და ეკონომიკური საქმიანობის სხვა სუბიექტების ბაზრიდან ჩამოცილება.

ამ დანაშაულის ყველა შემადგენელი ნაწილი სახეზეა გიგი უგულავას ქმედებაში, რომლითაც მან გამოაცხადა ტენდერი. პირველი - დედაქალაქის ხუთ ლოტად ხელოვნურად დაყოფა; მეორე - ამ ეკონომიკური საქმიანობიდან სხვების განდევნა, იმიტომ, რომ ტენდერის პირობები ისეთი იყო, რომ შეუძლებელი იყო დღეს ბაზარზე მოქმედი კომპანიების მხრიდან კონკურენციის გაწევა;

კონკურენციის შეზღუდვა, ისევ და ისევ ტენდერის პირობებიდან გამომდინარე და ბაზარზე გავლენა, რაც ცალსახად ნათელია ბაზარზე მონოპოლისტის შემოყვანის შემდეგ.

ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე მუხლი „მონოპოლიური საქმიანობა და კონკურენციის შეზღუდვა“ და ჩევნ ოფიციალურად, საჯაროდ მივმართავთ მთავარ პროკურორს რომ დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება.“

ხელისუფლება კვლავაც კატეგორიულად უარყოფს, რომ ბაზარზე მონოპოლისტი გაჩნდა. სამართალდამცავები კი კორუფციული ნიშნების მქონე ტენდერის გამოძიების ნაცვლად, პროტესტის მონაწილე მძღოლების დაშინება-დაპატიმრებით არიან დაკავებულნი.

თბილისის მერიის და ახალი მონოპოლისტის ამოცანაა, არ დაუშვას მძღოლთა მასიური პროტესტი, რაც დედაქალაქის პარალიზებას გამოიწვევს. ამ მიზნით, გრძელდება ტენდერის შედეგებით უკმაყოფილო მძღოლებზე ზეწოლა, პარალელურ რეჟიმში, ოპოზიცია პროტესტის მუხტის შენარჩუნებას ცდილობს და ტენდერის შედეგების გაუქმებას მოითხოვს. თბილისის მერი გიგი უგულავა ამბობს:

„მე დარწმუნებული ვარ, ის გაუგებრობა, რომელიც იყო რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ვნახეთ, იყო არასწორი კომუნიკაციის შედეგი. ის უკვე აღმოფხვრილია.

დღეს უკვე მძღოლთა 99 პროცენტი უკვე გასული იყო სამუშაოდ. მუშაობენ და მათ ექნებათ მომავალშიც მუშაობის შესაძლებლობა. მეტიც, ამ წლის განმავლობაში, ამ სფეროში დაახლოებით, 1200-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.“

გასული კვირის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ „ხელისუფლებასა და კერძო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელს შორის ურთიერთობა ბოლომდე გამჭვირვალე არ არის".

ჯონ ბასის თქმით, "გადაწყვეტილებას ინვესტორები ჯიბით იღებენ. ისინი ფულს იქ აბანდებენ, სადაც ბიზნეს შესაძლებლობის გამოყენება შეეძლებათ და გადასახადების ან რეგულაციების შესახებ კაპრიზული გადაწყვეტილებების მსხვერპლი არ გახდებიან. ან არასამართლიანი კონკურენციის პირობებში არ აღმოჩნდებიან იმის გამო, რომ ბაზარზე რეგულაციები და წესები ვინმესთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით უცებ შეიცვალა".

ბოლო სატრანსპორტო რეფორმას არა მხოლოდ ასეულობით წვრილი ქართველი მეწარმე შეეწირა. ავსტრიელმა ინვესტორმა ჰაროლდ კრისტიანმა, რომელიც თბილისში რამდენიმე სამარშრუტო ხაზის მეპატრონე იყო, საკუთარი უფლებების დასაცავად ავსტრიის საელჩოს საქართველოში უკვე მიმართა

XS
SM
MD
LG