ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდში


სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წინასაარჩევნოდ მრავალი დარღვევის ფაქტი დააფიქსირა

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „სამართლიანმა არჩევნებმა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” (ISFED), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 301 დარღვევის ფაქტი დააფიქსირა. რეგიონების მიხედვით დარღვევების ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი დარღვევა კახეთში დაფიქსირდა - 62 ფაქტი. ასევე, დიდი რაოდენობით დარღვევები დაფიქსირდა იმერეთის რეგიონში - 49, შიდა ქართლში - 44, გურიაში - 29 და სამეგრელო-ზემო სვანეთში - 27.

მათ შორის ყველაზე მეტია ზეწოლის ფაქტები -198 ინციდენტი. აღრიცხულია ამომრჩევლის მოსყიდვის 46 ფაქტი, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების - 61 ფაქტი და სხვა სახის დარღვევები,” - ამბობს სამართლიანი არჩევნების იურისტი ნინო რიჟამაძე, რომელიც სხვა სახის დარღვევებზეც გვესაუბრება:

ნინო რიჟამაძე: „და სხვა” გულისხმობს, მაგალითად, სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებს, რომელსაც ჩვენ ზეწოლა-მუქარის ფაქტებად განვიხილავთ.

ამერიკის ხმა: ხდება თუ არა პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეებზე განხორიელებული ზეწოლა ამა თუ იმ ფორმით? მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხი.

ნინო რიჟამაძე: ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს არის ზოგადი ხასიათის პრობლემა. თუმცა, აქვე გამოვყოფთ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება გულისხმობს მოქალაქეების მიმართ რაღაც შერჩევითი მიდგომის პრინციპს, მათთვის სიკეთის გადაცემას მათი პოლიტიკური სიმპათიების გათვალისწინებით. ანუ, როდესაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში იკვეთება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები და ა.შ.

ამომრჩევლის მოსყიდვის 46 ფაქტიდან შემიძლია გამოვყო უკანასკნელი, რომელსაც ჩვენი აქტივობის შედეგად რეაგირება მოჰყვა, თუმცა არა ისეთი, როგორსაც ვისურვებდით. მაგალითად, დუშეთში, ნაციონალური მოძრაობის სავარაუდო კანდიდატმა ოტიაშვილმა ამომრჩეველს გადასცა 500 ლარი ვაჟაობის დღესასწაულზე, რაც საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ასევე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონით და „სისხლის სამართლის კოდექსის” თანახმად არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება.

უკანასკნელი ანგარიში სამართლიანმა არჩევნებმა 3 სექტემბერს გამოქვეყნა. იკვეთება ფიზიკური დაპირისპირების და შეხლა-შემოხლის 15 შემთხვევა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის. ძირითადად ესენი არიან ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის აქტივისტები, თუმცა, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უშუალოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ საჯარო მოხელეები და პოლიტიკური პარტიის აქტივისტები. ასევე, ფიზიკური ანგარიშსწორების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა ჟურნალისტებთან მიმართებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევაა, ხელყოფს სიტყვის თავისუფლებას და ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლას წარმოადგენს, რაც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია.

მნიშვნელოვანია ისიც აღვნიშნოთ, რომ მუქარა-ზეწოლის ფაქტებში სამსახურიდან პოლიტიკური სარჩულით გათავისუფლების რამდენიმე შემთხვევაც არის დაფიქსირებული, სულ 4 უკანასკნელად ჩვენს ანგარიშში.

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხები უნდა შეისწავლოს შესაბამისმა უწყებებმა. სამართლინმა არჩევნებმა კონკრეტულად ამ დარღვევების შესახებ მიმართა იმ უწყებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება მათი შესწავლა და მათზე რეაგირება.

ამერიკის ხმა: რა უწყებებია ეს?

ნინო რიჟამაძე: ეს გახლავთ უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რომელიც შეიქმნა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც უზრუნვეყოფს სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველზე განხორციელებულ ზეწოლა-მუქარის ფაქტებს და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევებს.

ასევე, მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (როდესაც ხდება პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლა), სამართალდამცავ ორგანოებს, რომელთაც ევალებათ სისხლის სამაღთლის შემცველი ფაქტების შესწავლა და გამოძიება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს იქ, სადაც დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიების სააგიტაციო მასალების განადგურების და მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლის შემთხვევები.

ამერიკის ხმა: თქვენ ასევე დააფიქსირეთ, რომ ყველაზე მეტი დარღვევა მოხდა კახეთში, იმერეთში, შიდა ქართლში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში. რაჭა გამოგრჩათ, თუ რაჭაში არ ჩაგიტარებიათ მონიტორიგი?

ნინო რიჟამაძე: სამართლიანი არჩევნები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 73 გრძელვადიანი დამკვირვებლის საშუალებით. თითოეულ ოლქში გვყავს წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, რაჭაშიც ფიქსირდება დარღვევები, თუმცა, აქ ჩამოთვლილია ის რეგიონები, რომლებიც განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა წინასაარჩევნო დარღვევების თვალსაზრისით. კახეთი ამ შემთხვევაში არის პირველ ადგილზე, სამწუხაროდ.
XS
SM
MD
LG