ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საარჩევნო სიები: "ოცნებას" კალაძე, "ნაციონალებს" კი ბაქრაძე უკაპიტნებს


კახი კალაძე "ოცნების" პირველი ნომერია

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ძირითადმა კონკურენტებმა - „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სიები უკვე წარადგინეს.

პირველმა ეს ბიძინა ივანიშვილის პარტიამ გააკეთა, რომელსაც სიაში 200 ადამიანი ჰყავს. ოპოზიციური კოალიციის პირველი ნომერი, დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და იტალიის „მილანის“ ყოფილი ვარსკვლავი კახი კალაძე გახდა. პარალელურად, იგი სამტრედიაში მაჟორიტარულ არჩევნებშიც მონაწილეობს.

ათეულში შვიდი ადგილი კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებს (კობახიძე, ალასანია, უსუფაშვილი, თოფაძე, სანიკიძე, ძიძიგური) ერგოთ. სიაში მეცხრეა - 75 წლის აკადემიკოსი ივანე კიღურაძე, რომელიც 1995 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე იყო.

მეათე ნომრად არის ბიძინა ივანიშვილის „მარჯვენა ხელი“, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ყოფილი პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი. ბიძინა ივანიშვილმა პარტიულ სიაში პირველ ნომრად კახი კალაძის დასახელება ასე ახსნა:

„რატომ კახი პირველ ნომრად? ამას ბევრი დატვირთვა აქვს. პირველი და მთავარი არის ის, რომ აბსოლუტურად დამსახურებული და ძალიან საინტერესო პიროვნებაა. თუ რაიმე ადამიანზე შეიძლება კარგი თქვა, კახი თავისი წარსულით ყველაფერს იმსახურებს, თუმცა, ასეთი საქმისთვის საკმაოდ ახალგაზრდა გახლავთ. ამავდროულად, ახალი სახეც არის.

თქვენ კარგად იცნობთ პარტიებს, მათ აქვთ თავიანთი ისტორია, გარდა ახალი პარტიისა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" არის ახალი დაფუძნებული. ხალხი ძალიან ითხოვდა ახალ სახეებს, ახალ სისხლს და ამ კრიტერიუმსაც ძალიან კარგად აკმაყოფილებს კახი კალაძე.“

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი პარლამენტის მოქმედი თავჯდომარე დავით ბაქრაძეა. „ნაციონალების“ 155 კაციან სიაში 43 პროცენტზე მეტი, ანუ 67 დეპუტატობის კანდიდატი, მოქმედი პარლამენტარია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავჯდომარე „ნაციონალების“ სიაშიც არის. 37-ე ნომერია ლევან თარხნიშვილი, რომელიც ცსკ-ოს 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს ხელმძღვანელობდა.

მმართველი პარტიის სიაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორი ყოფილი მაღალჩინოსანიც მოხვდა. თინა ბოკუჩავა მეოთხე და ლევან ბეჟაშვილი 22-ე ნომრად. ექსპერტთა აზრით, ეს ფაქტი აუდიტის სამსახურის მიუკერძოებლობას კიდევ ერთხელ ეჭვქვეშ აყენებს.

მეათე მმართველი პარტიის სიაში სტუდენტი მარიამ საჯაიაა, რომელსაც 21 წელი მარტში შეუსრულდა. იგი, ყოფილი „ნაციონალი“ დეპუტატის, ამჟამად აუდიტის სამსახურის მაღალჩინოსნის ნაზი არონიას ქალიშვილია.

სიაში, ასევე, არიან 22 წლის სამირა ისმაილოვა (39-ე) და 22 წლის მერი კოკაია (42-ე), რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსამსახურის თანამშრომელია. მეთექვსმეტეა სიაში პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ყოფილი ჟურნალისტი ირმა ნადირაშვილი. მე-12 კი არასამთავრობო ორგანიზაცია „სუფთა პოლიტიკის“ წარმომადგენელი და ჟურნალ „ტაბულას“ მიმომხილველი ზურაბ ჯაფარიძეა.

„ნაციონალური მოძრაობის“ სიასთან დაკავშირებით დეპუტატი და სიის მეექვსე ნომერი ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს:

„თითოეულ ადამიანს, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის სიაში წარდგენილი, ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ მათ შეასრულონ ერთიანი სამთავრობო პროგრამა „მეტი სარგებელი ხალხს“.

საარჩევნო პოლიტ-ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მმართველ პარტიას პირველ ოცეულში ძალიან ბევრი ისეთი კანდიდატი ჰყავს, რომლებიც პარალელურად მაჟორიტარებადაც იყრიან კენჭს.

კახი კახიშვილის აზრით, ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ 2004 წლიდან მოყოლებული პირველად „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატები უპირობო ფავორიტები არ არიან და მმართველი პარტია თავს იზღვევს.

„ის მაჟორიტარები, რომლებზეც ძირითადად აქცენტი კეთდება, რომ უალტერნატივოები არიან საკუთარ ოლქებში, ნიკოლეიშვილი, ბარამიძე და სხვები ვიხილეთ სიის ოცეულში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი შემთხვევისთვის ემზადებიან, რომ შესაძლებელია მაჟორიტარული ოლქები წააგონ.“

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარდა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კიდევ თხუთმეტი მეტ-ნაკლებად ნაცნობი და სრულიად უცნობი საარჩევნო სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას:

მათ შორის არიან: ლეიბორისტული პარტია, სახალხო პარტია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ახალი მემარჯვენეები, ქართული დასი, ქრისტიან-დემოკრატები, სპორტსმენთა კავშირი, თავისუფალი საქართველო, სამართლიანი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყანა, მერაბ კოსტავას საზოგადოება, თავისუფლება, სახალხო მოძრაობა, მომავალი საქართველო და მშრომელთა საბჭო.

XS
SM
MD
LG