ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში


ოფიციალური ვიზიტით დღეს აშშ–დან დელეგაცია ჩამოფრინდა სენატორების - ჯონ მაკკეინის, ლინდესი გრეჰემისა და ჯოზეფ ლიბერმანის შემადგენლობით

საქართველოში დღეს დიდი სტუმრიანობაა. მთელი მსოფლიოდან აქ არაერთმა მაღალი რანგის ჩინოსანმა მოიყარა თავი. ოფიციალური ვიზიტით დღეს აშშ-დან დელეგაცია ჩამოფრინდა სენატორების - ჯონ მაკკეინის, ლინდესი გრეჰემისა და ჯოზეფ ლიბერმანის შემადგენლობით. ისინი ამ დროისთვის უკვე შეხვდნენ კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლებს და გამართეს სამუშაო ლანჩი უშიშროების საბჭოს მდივანთან, გიგა ბოკერიასთან, რის შემდეგაც სენატორებმა ბრიფინგი აშშ-ის საელჩოში გამართეს. ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ იგი საქართველოში არაერთხელ ყოფილა, თუმცა ამჯერად, მათი ჩამოსვლის უშუალო მიზეზი არჩევნებს უკავშირდება. „მე მაწუხებს ის საკითხი, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა გაიმართოს დავა შედეგების თაობაზე. ჩვენ გვინდა ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელთა შესახებ დასკვნებს დაკვირვებლები დადებენ, ხოლო დამარცხებულები შედეგებს აღიარებენ.“

მაკკეინი შეეხო აგრეთვე უსაფრთხოების საკითხებს და განაცხადა, რომ „ფრთხილად უნდა ვიყოთ რუსეთის მიერ გამართულ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით.“ ამავე თემაზე ისაუბრა ჯოზეფ ლიბერმანმაც.

„ჩვენ ვგმობთ რუსულ აგრესიას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ვიბრძოლებთ, რომ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდეს თავდაცვითი იარაღი, რათა საქართველოს შეეძლოს საკუთარი ხალხის დაცვა,“ - განაცხადა ჯოზეფ ლიბერმანმა.

ნიშანდობლივი იყო, რომ სწორედ დღეს, საქართველოს პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის მინისტრთან, დიმიტრი შაშკინთან ერთად, ვაზიანის სამხედრო ბაზას სტუმრობდა, სადაც სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა და წარუდგინა ახალი პროგრამა სახელწოდებით „ტოტალური ზრუნვა“, რაც მოიცავს სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების დაზღვევას, ბაკალავრის კურსის დაფინანსებას ერთწლიანი სამხედრო სამსახურის შემთხვევაში და სხვა პრივილეგიებს სამხედრო მოსამსახურეებისთვის.

სენატორებთან შეხვედრის შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იმედია აქვს, მომავლისთვის ამოწურული იქნება კითხვები მის რუსეთში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით, რადგან გუშინ გაიყიდა მისი უკანასკნელი ქონება რუსეთში, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ შეისყიდა.

დღის მეორე ნახევარში, ხუთი საათისთვის საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენიც ჩამოფრინდა. პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად მან ბრიფინგი გამართა, სადაც მთავარი თემა კვლავ პირველი ოქტომბრის არჩევნები იყო, ისევე როგორც სენატორებთან.

„არჩევნები ბრწყინვალე ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის,“ - განაცხადა რასმუსენმა.

ნატოს გენერალურ მდივანთან ერთობლივ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები დემოკრატიის ყველა პრინციპის დაცვით ჩატარდება.

საქართველოში გრძელდება ამბასადორიალიც, რომლის ფარგლებში სხვებთან ერთად, სტუმრად იმყოფებიან არგენტინის, შვედეთის, პოლონეთისა და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრები. პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოლონეთისა და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრებს საკუთარ სახლში, ყვარელში თავად უმასპინძლა, ამბასადორიალის შესახებ კი განაცხადა, რომ აქამდე არასდროს ჰქონია შანსი საქართველოს დიპლიმატიურ კორპუსს ამგვარ ფორმატში მიეღო რჩევები უცხოელი კოლეგებისგან. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ" კი, ამბასადადორიალის მონაწილეებისთვის საგანგებო მიმართვა გაამზადა და მოუწოდა მოახდინონ რეაგირება, რათა უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. კერძოდ, მათი მოთხოვნა ეხება არჩევნების თარიღის გადატანას სამუშაო დღიდან არასამუშაო დღეს.

აშშ-ს სენატორების ვიზიტი საქართველოში ორ დღეს გაგრძელდება და ისინი ბათუმსა და მესტიასაც ეწვევიან. ნატოს გენერალური მდივანი კი, ხვალ უკვე აზრებაიჯანში გამართავს შეხვედრებს.
XS
SM
MD
LG