ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლები


Georgia, election
Georgia, election

სადამკვირებლო სტატუსით აკრედიტაცია გაიარა სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ”

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი სადამკვირებლო სტატუსით აკრედიტაცია გაიარა სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ”. მოძრაობის 437 დამკვირვებელი საპარლამენტო არჩევნებს ეთნიკური უმცირესობების კომპაქტურად დასახლებულ საქართველოს 5 რეგიონის 19 რაიონში დააკვირდება.

მონიტორინგი ND-ის, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” და დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანი ამბობს, რომ მოძრაობა საქართველოში არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა 18 სათვისტომოს და 56 საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს. „მრავალენოვანი საქართველო” 1999 წელს დაარსდა და არჩევნების მონიტორინგს ბოლო წლების მანძილზე მუდმივად ატარებს:

„ამჯერად ჩვენს ორგანიზაციას დამკვირვებლების რეკორდული რიცხვი - 437 ადამიანი ეყოლება. ვფარავთ იმ უბნების 95%-ს, სადაც კომპაქტურად ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ეს არის საქართველოს მასშტაბით 5 რეგიონი და 19 რაიონი: სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, მცხეთა-თიანეთის ორი რაიონი და შიდა ქართლის რამდენიმე რაიონი. გვეყოლება ქართულენოვანი (თავისთავად), სომხურენოვანი, აზერაბიჯანულენოვანი, რუსულენოვანი და ოსურენოვანი დამკვირვებლები. ჩვენს ორგანიზაციაში ბულგარელებიც არიან, ჩეხებიც, ჩინელებიც. ძალიან მცირე რაოდენობით ლატვიელები, ლიტველები, ესტონელები. ჩვენთვის მთავარია შენარჩუნდეს საქართველოში სტაბილურობა, არჩევნებმა ჩაიაროს დემოკრატიულად და გამჭვირვალედ. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ ყველა ის დარღვევა, რომელიც შეიძლება მოხდეს არჩევნების დროს. მაქსიმალურად ვეცდებით მოხდეს დარღვევების პრევენცია. ამიტომ გავაერთიანეთ ჩვენი რესურსები წევრ-ორგანიზაციებთან და საპარლამენტო არჩევნებს საკმაოდ დიდი შემადგენლობით დავაკვირდებით."

წინა არჩევნებზე რამდენი დამკვირვებელი გყავდათ?

„250 დამკვირვებელი, ახლა მათი რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ძალიან ბევრი მითი არსებობს იმის შესახებ, თუ ვის, როგორ და რა რაოდენობით აძლევენ ხმას ეთნიკური უმცირესობები სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ისეთი ფაქტებიც გვსმენია, თითქოს მმართველმა პარტიამ აიღო 100 %-ზე მეტი ხმა, რაც აბსურდია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთი ტიპის ფაქტს ჩვენ არამარტო დავაკვირდებით, არამედ პრევენციას მოვახდენთ.”

ეთნიკური უმცირესობების რიცხვი საქართველოში 16,2%-ს შეადგენს. მათი აქტივობის შესახებ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეთნიკური უმცირესობების არჩევნებში მონაწილეობაზე არნოლდ სტეპანიანი ამბობს:

„ჩვენი ორგანიზაციის მისიიდან გამომდინარე ყოველთვის გვაინტერესებს რამდენად არიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები წარმოდგენილი პოლიტიკურ პარტიებში, რამდენად აქტიურობან. მინდა გითხრათ, რომ ამჯერად, ალბათ, საქართველოს პარლამენტში ეთნიკური უმცირესობების უფრო მეტი წარმომადგენელი იქნება, ვიდრე წინა პარლამენტში. ამას ოპტიმიზმით ვამბობ."

ბატონო არნოლდ, მაგრამ ლაპარაკია ძირითადად აზერბაიჯანელ და სომეხ კანდიდატებზე...

„კი... ლატვიელები, ჩეხები, მათ შორის რუსები არ არიან.

საქართველოში ისეთი სისტემაა, რომ მთლიანად არის ორიენტირებული ელექტორატზე რაოდენობრივი პარამეტრით. რაოდენობრივი ინდიკატორი ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიები, ასე თუ ისე, ყურადღებას აქცევენ იმ ეთნიკურ ჯგუფებს, რომლებიც რაოდენობრივი თვალსაზრისით წარმოადგენენ გარკვეულ ძალას. ამიტომ ლოგიკურიც არის, რომ ძირითადად ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები არიან პარტიულ სიებში. თუმცა, თუ გადავალთ სხვა ეტაპზე და მივცემთ შესაძლებლობას სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებს, წარმოდგენილნი იყვნენ პარლამენტში იმის გამო, რომ სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები არიან - ვსაუბრობ, კვოტირების სისტემაზე, როგორც სხვა უამრავ ქვეყანაში, მათ შორის ევროპაშიც - ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება, რომ ე.წ. მცირე ერები შევიდნენ პარლამენტში. ვფიქრობ, რომ ყველა დეპუტატმა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნის, უნდა გაითვალისწინოს ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის ინტერესები. თავისი ბუნებით უნდა იყოს მრავალკულტურული, უნდა მოხდეს მრავალკულტურალიზმის განვითარება.”
XS
SM
MD
LG