ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რელიგია, როგორც „რბილი ძალა“ და პოლიტიკის ინსტრუმენტი


„რელიგია და რბილი ძალა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ - საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

როგორ იყენებენ რელიგიას, როგორც „რბილ ძალას“ რუსეთი, თურქეთი და ირანი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ და რა ეფექტს ახდენს ეს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაზე საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას 18 მკვლევარი ცხრა ქვეყნიდან, თბილისში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შეეცადა. „რელიგია და რბილი ძალა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ - ასე ეწოდებოდა კონფერენციას, რომელიც შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SNSF) დაფინანსებითა და ფრიბურგის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

მკვლევარებმა თბილისში წარმოდგინეს ნაშრომები, რომელზეც სამ წლიანი პროექტის ფარგლებში მუშაობდნენ: მათ შორის, „მართლმადიდებლობა, როგორც რბილი ძალა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში“; „ისლამი და თურქეთის რბილი ძალა აზერბაიაჯანში და ფეთულა გულენის მოძრაობა“; „რელიგია, როგორც ფაქტორი, ქურთული იდენტობის დისკურსში სომხეთსა და თურქეთს შორის“ და „რუსეთის რბილი ძალა, იდეოლოგიასა და პოლიტიკას შორის“.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ რეგიონის სამი დიდი მოთამაშისგან მომდინარე „რბილი ძალის“ პოლიტიკას, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში აღქმაც და ეფექტიც განსხვავებული აქვს:

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არის რუსეთის სახელმწიფოს რბილი ძალა, გარკვეული გავლენა საქართველოს ეკლესიაზე რა თქმა უნდა არის, თუმცა, კვლევამაც აჩვენა რომ ქართულ და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორისაც არის ე.წ „წითელი ხაზები“
კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

„სომხებისთვის რუსული რბილი ძალა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს და მას საფრთხედ არ განიხილავენ, მაშინ როცა საქართველოსთვის ეს პრობლემატური საკითხია. კონფერენციაზე გამოიკვეთა, რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო შეიძლება დამძიმდეს, თუ კი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გამოიკვეთება წმინდა პრორუსული მიმართულების დაჯგუფება.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არის რუსეთის სახელმწიფოს რბილი ძალა, გარკვეული გავლენა საქართველოს ეკლესიაზე რა თქმა უნდა არის, თუმცა, ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს ყოველთვის ასე არაა. კვლევამაც აჩვენა რომ ქართულ და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორისაც არის ე.წ „წითელი ხაზები“, რაც ძირითადად ეხება ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებს, ანუ მათ შორის აბსოლუტური იდილია არ არის. “

სამხრეთ კავკასიაში თურქეთის, ირანისა და რუსეთის საგარეო პოლიტიკურ და რელიგიურ მიმართულებებზე, კონფერენციის ფარგლებში საკუთარი ხედვა წარმოადგინეს: სტამბოლის ცივილიზაციის უნივერსიტეტის პროფესორმა სულეიმან ენიკმა, ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეი მაკარიჩევმა და ვარშავის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჰამიდ კაზემზადემ.

ჰამიდ კაზემზადე
ჰამიდ კაზემზადე

ირანელმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედ ირანულ რელიგიურ ფონდებს უფრო მეტი კავშირი აქვთ ირანის და ახლო აღმოსავლეთის შიიტურ ორგანიზაციებთან, ვიდრე ირანის მთავრობასთან. კორნელი კაკაჩია ამბობს:

ირანს შეზღუდული აქვს ჩვენთან რბილი ძალის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა. პოტენციურად სულ რამდენიმე რეგიონია, სადაც თეირანს გარკვეული გავლენა გააჩნია. იქაც საკმაოდ შეზღუდულია, იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ძლიერი მეტოქე თურქეთის სახით"

„ირანს შეზღუდული აქვს ჩვენთან რბილი ძალის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა. პოტენციურად სულ რამდენიმე რეგიონია, სადაც თეირანს გარკვეული გავლენა გააჩნია. როგორც კვლევებმა აჩვენა ძირითადად ეს არის ქვემო ქართლის რეგიონი. იქაც საკმაოდ შეზღუდულია, იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ძლიერი მეტოქე თურქეთის სახით, რომელიც ასევე ცდილობს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ტერიტორიაზე გარკვეული გავლენა იქონიოს.

რაც შეეხება თურქეთის გავლენას, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაცია ცდილობს იგივე საქართველოში და აზერბაიჯანში ფეხი მოიკიდოს, სომხეთში გასაგები მიზეზებით ამის შესაძლებლობა მათ არ აქვთ. ამ კონტექსტში, ეს თურქმა მკვლევარმაც აღნიშნა, თურქეთის ხელისუფლებას მიაჩნია რომ ფეთულა გულენის მოძრაობა ატარებს აგრესიულ პოლიტიკას და თითქოს, ისინი არიან შეფარული, რადიკალური ორგანიზაციები, რომლებმაც შეიძლება თურქეთთან ერთად პრობლემა მეზობელ სახელმწიფოებსაც შეუქნას.

თუმცა, თუ დავაკვირდებით, საქართველოსა და აზერბაიჯანში გულენის მოძრაობისა და განსაკუთრებით, საგანმანათლებლო ქსელის მუშაობას და მოსახლეობის მხრიდან შეფასებას, აქ სრულიად საწინააღდეგო აზრები გვხდება.“

ანსგარ იოდიკე, გიორგი შარვაშიძე და კორნელი კაკაჩია
ანსგარ იოდიკე, გიორგი შარვაშიძე და კორნელი კაკაჩია

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ინიციატივით, სამ წლიანი პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევების ნაწილი, პოლიტიკის დოკუმენტების კრებულის სახით უკვე გამოიცა.

სპეციალურად აკადემიური წრეებისთვის კი მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი სამეცნიერო გამომცემლობა, ბრიტანული Routledge, 2017 წლის ბოლოს გამოუშვებს წიგნს იმავე სახელმწოდებით - „რელიგია და რბილი ძალა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, ფრიბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ანსგარ იოდიკეს ავტორობით.

XS
SM
MD
LG