ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ციანიდის კვალი: რა ხდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში?


პატრიარქი ილია მეორე და მისი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, დღეს დილით, წარმატებით გადაიტანა ქირურგიული ოპერაცია გერმანიაში, ბერლინის გარეუბანში მდებარე HELIOS Berlin-Buch-ის კლინიკაში. 84 წლის პატრიარქს ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია ჩაუტარდა. მას ნაღვლის ბუშტი ამოკვეთეს.

გერმანელმა პროფესორმა მარტინ შტრიკმა აღნიშნა, რომ ამჟამად პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი და რეაბილიტაციის პერიოდის შემდეგ, რამდენიმე დღეში სამშობლოში დაბრუნდება.

ილია მეორე ოპერაციის შემდეგ, ბერლინის კლინიკაში. გვერდით, ძმისშვილი - მიტროპოლიტი დიმიტრი
ილია მეორე ოპერაციის შემდეგ, ბერლინის კლინიკაში. გვერდით, ძმისშვილი - მიტროპოლიტი დიმიტრი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალრიცხოვანი მრევლი ამ ინფორმაციას ბუნებრივია დიდი სიხარულით შეხვდა. თუმცა, ეს დადებითი ამბავი მთლიანად გადაფარა, მთავარი პროკურორის მიერ გავრცელებულმა სკანდალურმა ცნობამ.

ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „მაღალი რანგის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე" დაკავებულია სასულიერო პირი გიორგი მამალაძე.

31 წლის დეკანოზი საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე და „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორია.

მთავარი პროკურორის მტკიცებით, მამალაძე 2 თებერვალს, იმ დღეს, როცა პატრიარქი გერმანიაში გაფრინდა, "ნაცნობს დაუკავშირდა და ნატრიუმის ციანიდის შეძენაში დახმარება სთხოვა. 10 თებერვალს კი იგი თბილისის აეროპორტში, გერმანიაშია გაფრენამდე დააკავეს და ბარგში - ციანიდი აღმოუჩინეს".

ირაკლი შოთაძემ არ დააკონკრეტა თუ ვისი მოწამვლა სურდა დეკანოზს ან ვინ მიაწოდა პროკურატურას ინფორმაცია

"მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან, მან შეიძინა შხამიანი ნივთიერება - ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი"
ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორი

„მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გიორგი მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას. სწორედ ამ მიზნით, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან, მან შეიძინა შხამიანი ნივთიერება - ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა.“

დეკანოზი გიორგი მამალაძე ქობულეთიდან არის. დაამთავრა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის ეპარქიის სემინარია. წლების მანძილზე მსახურობდა, ბათუმის წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძარში და პარალელურად, მოღვაწეობდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში.

მღდელ მამალაძის დონეცკში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის საპატრიარქოს გვერდზე
მღდელ მამალაძის დონეცკში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის საპატრიარქოს გვერდზე

რუსეთის საპატრიაქოს ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, 2008 წლის აპრილში, მამალაძე დონეცკელი ქართველების თხოვნით, ილია მეორის მიერ მივლენილ იქნა, რუსეთის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიაში. 2010 წლის აგვისტოში კი პირადად პატრიარქმა აიყანა დეკანოზის ხარისხში.

2015 წელს, მამალაძე იერარქიულ კიბეზე უფრო დაწინაურდა და საპატრიარქოში ორი მაღალი თანამდებობა მიიღო - ქონების მართვის ხელმძღვანელი და სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი გახდა. თუმცა, 2015 წლის დეკემბერში, მის ნაცვლად ქონების მართვა მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას ჩააბარეს, მამალაძე კი მოადგილედ გადაიყვანეს. 2016 წლის აგვისტოში, პატრიარქმა დეკანოზი მამალაძე მეორე ჯვრის ტარების უფლებითაც დააჯილდოვა.

სკანდალური ბრალდებით დაკავებული დეკანოზის მფარველი და მასწავლებელი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ძმისშვილი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, 55 წლის დიმიტრი შიოლაშვილია. დიმიტრის კათოლიკოს-პატრიარქი მემკვიდრედ განიხილავს და იგი ამჟამად გერმანიაში ილია მეორესთან ერთად იმყოფება.

მიტროპოლიტი დიმიტრი და დეკანოზი მამალაძე
მიტროპოლიტი დიმიტრი და დეკანოზი მამალაძე

დეკანოზ მამალაძის დაკავებას, რომელიც ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს, წინ უძღოდა პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სოსო ოხანაშვილის პროკურატურაში დაბარება.

ოხანაშვილი ბერლინიდან ჩამოიყვანეს და მისი არყოფნის პერიოდში, გერმანიაში მყოფი პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების უსაფრთოებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა გადაიბარა. ბერლინში სპეციალურად ამ მიზნით ჩაფრინდა სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

გენერალ-მაიორმა ჩუბინიძემ გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე, სოსო ოხანაშვილის მიმართ შეკითხვები აღარ არის და იგი კვლავ ასრულებს პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობას. სოსო ოხანაშვილი ასევე პატრიარქის ძმისშვილის, მიტროპოლიტ დიმიტრის სიძეა.

თეოლოგი ლევან აბაშიძე ამბობს, რომ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მხოლოდ იმაზე შეიძლება საუბარი, რომ ეს სიტუაცია სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტს დიდ ჩრდილს აყენებს.

"თუ მართლა, ვიღაცა ვიღაცის მკვლელობას ამზადებდა, ეს ერთმნიშვნელოვნად უმძიმესი ცოდვაა და ძალიან დიდი ტკივილია რომ ეს თემა ეკლესიას უკავშირდება“
ლევან აბაშიძე, თეოლოგი

„თუ კი აქ საუბარია ვინ დაიკავებს პატრიარქის ტახტს მომავალში, ნამდვილი ჭეშმარიტი ქრისტიანობა სწორედ ის არის, რომ სასულიერო პირი ამაზე არ უნდა ფიქრობდეს. მკვლელობაზე ხო აქ საერთოდ საუბარი ზედმეტია.

თუ მართლა, ვიღაცა ვიღაცის მკვლელობას ამზადებდა, ეს ერთმნიშვნელოვნად უმძიმესი ცოდვაა და ძალიან დიდი ტკივილია, რომ ეს თემა ეკლესიას უკავშირდება.“

84 წლის ილია მეორე, საეკლესიო ისტორიოგრაფიის მიხედვით, სრულიად საქართველოს რიგით, 141-ე კათოლიკოს-პატრიარქია. 2016 წლის დეკემბრის ბოლოს, მისი აღსაყდრებიდან 39 წელი შესრულდა, თუმცა პატრიარქი საზეიმო ღონისძიებებს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ დაესწრო და მას შემდეგ იგი მკურნალობს.

ბოლო თვეებია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით სკანდალი სკანდალზე ხდება (ღია დაპირისპირება მეუფე იაკობსა და სოსო ოხანაშვილს, მეუფე პეტრესა და პატრიარქის მდივან შორენა თეთრუაშვილს, დიღმის საეკლესიო დაჯგუფებასა და დეკანოზთა ჯგუფს შორის და უმძიმესი ბრალდება მიტროპოლიტ სერაფიმეს წინააღმდეგ - ზ.წ) რაც თეოლოგების აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ პატრიარქის ტახტისთვის გააფთრებული ბრძოლა მიდის. დღის ბოლოს პრემიერმა კვირიკაშვილმაც განაცხადა, რომ „ქვეყანამ უდიდესი უბედურება აიცილა თავიდან.“

წმინდა სინოდის წევრთა ნაწილს, მათ შორის, ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს ბრალდების არ სჯერა. მისი აზრით, დეკანოზი, დაინტერესებულმა ძალებმა "უბრალოდ გაწირეს", მეორე ნაწილი კი გამოძიების დასრულების მომხრეა. საპატრიარქოს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ დეკანოზ მამალაძის დაკავების ფაქტი მათთვის "სრულიად მოულოდნელია".

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უახლოეს ისტორიაში უკვე იყო პატრიარქის მკვლელობის ფაქტი. 1918 წლის 28 ივნისს, მარტყოფში საპატრიარქოს რეზიდენციაში, საკუთარ საწოლში მოკლული ნახეს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, სრულიად საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი, 68 წლის კირიონ მეორე. მისი მკვლელობის საქმე გამოუძიებელი დარჩა და დღემდე ბურუსით არის მოცული.

XS
SM
MD
LG