ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ გამოიყენება კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ შერჩევით?


იღუმნოვი, რუსო და პაკლონსკი თბილისში საქართველოს პარტიარქთან შეხვედრაზე

ანუ, რა განსხვავებაა, რუსოს, პაკლონსკის, იღუმნოვს, შევჩენკოს, გავრილოვს, სოლოვიოვსა და ვასილი ლიხაჩოვს შორის?!

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:09 0:00
ბმული


ოფიციალურმა თბილისმა რუსეთის დუმის დეპუტატს, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კომუნისტ ვასილი ლიხაჩოვს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთაზე უარი უკვე მეორედ უთხრა. ლიხაჩოვი, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი, წინასაარჩევნო სიტუაციაზე დასაკვირვებლად, თბილისში, ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს უნდა ჩამოსულიყო.

თუმცა, ბოლო მომენტში, რუს დეპუტატს მოსკოვი-თბილისის თვითმფრინავზე შეძენილი ბილეთის უკან დაბრუნდება მოუხდა. PACE-ს დელეგაცია საქართველოში მის გარეშე ჩამოვიდა. სამი დღის უკან, თბილისმა კიდევ ერთხელ შეუთვალა სტრასბურგს, რომ ლიხაჩოვს არც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად შემოუშვებდა.

ოფიციალური განმარტების მიხედვით, ვასილი ლიხაჩოვი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ანუ რუსმა დეპუტატმა უხეშად დაარღვია საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ოფიციალური პოზიცია და დაამატა, რომ თბილისს არც სანქციების ეშინია:

„მათ კიდევ ერთხელ იკითხეს, ხომ არ შეგვიცვლია პოზიცია ლიხაჩოვთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მიიღეს მყარი პასუხი, რომ ჩვენ პოზიციას ვერ შევიცვლით, იმიტომ, რომ ამის საშუალება არ გვაქვს. ვერ დავარღვევთ კანონს და იმ ნათქვამ სიტყვას.

თუ რომელიმე ქვეყანა PACE-ს ვალდებულებას არ შეასრულებს, მაშინ მას ელის ორწლიანი სანქცია. მაგალითად ისეთი, რომ აქ აღარ ჩატარდება ევროსაბჭოს ოფიციალური ღონისძიებები.

თუმცა, მე გამოვრიცხავ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხში საქართველოს სანქცია დააკისროს და რუსეთს მწვანე შუქი მისცეს.“

საინტერესოა, რომ აჟიოტაჟი დეპუტატ ლიხაჩოვთან დაკავშირებით, დროში დაემთხვა თბილისში საერთაშორისო გამოფენას, სახელწოდებით - „სახელობითი ხატი - ისტორია და თანამედროვეობა“. გამოფენა, რომელზეც უძველესი რუსული ხატები იყო წარმოდგენილი, საქართველოს საპატრიარქომ და „მართლმადიდებელ მეცენატთა რუსულმა კლუბმა“ ერთობლივად მოაწყვეს.

ვინ იმყოფებოდა გამოფენაზე თბილისში რუსული მხრიდან და ვის უმასპინძლა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მისმა უწმინდესობა ილიამ მეორემ? მაშ ასე, თბილისში უპრობლემოდ ჩამოვიდნენ:

„მართლმადიდებელ მეცენატთა რუსული კლუბის“ გამგეობის თავჯდომარე ანდრეი პაკლონსკი. მას არაერთხელ დაურღვევია საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გადამწვარი ქართული სოფლების ფონზე, სწორედ მისი ინიციატივით მოეწყო ცხინვალში დიდი კონცერტი რუსი ოკუპანტებისთვის . 2013 წლის ზაფხულში, პაკლონსკიმ და მისმა ორგანიზაციამ უკვე აფხაზეთში მყოფ რუსი ოკუპანტებისთვის იზრუნეს და კონცერტი გუდაუთაში, რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე გამართეს

პაკლონსკი და იღუმნოვი ოკუპირებულ გუდაუთაში
პაკლონსკი და იღუმნოვი ოკუპირებულ გუდაუთაში

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიაქროს თანამშრომელი, მღვდელი სტეფანე იღუმნოვი. მასაც არაერთხელ აქვს დარღვეული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი. არაერთხელ იმყოფებოდა ცხინვალში, ჯავაში, გუდაუთაში, სოხუმში. ბოლოს, 2013 წლის ივნისში დალოცა რუსი ოკუპანტები აფხაზეთში.

სომხური ფესვების მქონე, რუსი საესტრადო მომღერალი აბრაამ რუსო იგივე აბრამ იპჯიანი. სეპარატისტთა ყოფილ ლიდერს ედუარდ კოკითს მისთვის მინიჭებული აქვს „სამხრეთ ოსეთის სახალხო არტისტის“ წოდება.

რუსომ ბოლო 10 წლის მანძილზე, 20-ზე მეტი კონცერტი გამართა ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში. ბოლოს, 2012 წლის 20 სექტემბერს „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დღეს“ გამოვიდა ცხინვალში. 2013 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემის დღეს, „აფხაზეთის დამოუკიდებლობას“ უკვე სოხუმში უმღერა.

რუსოს კონცერტი ოკუპირებული სოხუმის სტადიონზე
რუსოს კონცერტი ოკუპირებული სოხუმის სტადიონზე

​მანამდე, სექტემბრის ბოლოს, საქართველოში იმყოფებოდა სკანდალურად ცნობილი რუსი ჟურნალისტი და ნაციონალისტი მაქსიმ შევჩენკო, რომელიც მხატვრული ფილმის „ხატის“ ჩვენებას დაესწრო. შევჩენკოსაც არაერთხელ აქვს დარღვეული კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ, თუმცა თბილისში უპრობლემოდ ჩამოვიდა.

ასევე, არ შექმნია პრობლემა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს და მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტს, FSB-ს გენერალს გენადი სოლოვიოვს . მათ ივლისში, ეროვნულ სტადიონზე, თბილისის „დინამოსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის ამხანაგურ მატჩს, ვიპ ლოჟიდან ადევნეს თვალი.

სოლოვიოვი საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა, გავრილოვის ინიციატივით, კი ოკუპირებულმა "აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა" ფინანსური დახმარების სახით, რამდენიმე მილიარდი რუსული რუბლი მიიღეს.

რომან ფიფია და გენადი სოლოვიოვი თბილისში
რომან ფიფია და გენადი სოლოვიოვი თბილისში

„ამერიკის ხმა“ შეეცადა გაერკვია რატომ არ მოხდა საქართველოს კანონის მიხედვით, ამ ადამიანების დაჯარიმება ან დაპატიმრება? ქვეყნიდან გაძევება? მათ ხომ არაერთხელ და უხეშად დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობა? (ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, ამ ადამიანებს ფულადი ჯარიმა ან 2-დან 5 წლამდე ციხე ელოდათ - ზ.წ.) თუმცა, ამ საკითხზე, კომენტარის გაკეთება არავინ ისურვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამტკიცებს, რომ თბილისი მკაცრად იცავს, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის ყველა მოთხოვნას:

„საქართველოს აქვს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. და მან უნდა დაიცვას ეს კანონი და დაიცავს კიდევაც! ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პასუხი შეკითხვაზე შემოვა თუ არა საქართველოში ვინმე, ვისაც დარღვეული აქვს ეს კანონი.“

კანონი „ოკუპირებული ტერიტიროების შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის 23 ოქტომბერს მიიღო, მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სცნო. კანონი ამ ტერიტორიებზე განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს ადგენს.

კანონი ზღუდავს იქ თავისუფალ გადაადგილებას, ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, საჰაერო და საზღვაო მიმოსვლას, სარკინიგზო მიმოსვლასა და საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვებს, ფულად გადარიცხვებსა და იქ არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგელობას. ასევე, ბათილად აცხადებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დადებულ ნებისმიერ გარიგებას.

„ოკუპირებული ტერიტიროების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის წინა წლებში, 200-ზე მეტი ადამიანი იქნა დასჯილი - უმრავლესობა ადმინისტრაციული წესით, მცირე ნაწილი კი სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტიც გახდა.

საქართველოს ახალი მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა 2013 წლის თებერვლიდან ცდილობენ კანონის „შერბილებას“, თუმცა რეალურად, რუსეთისთვის არასასურველი კანონი ისედაც „შერჩევით“ მუშაობს.

XS
SM
MD
LG