ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოგზაურობა ყარაბაღში ძვირი სიამოვნებაა


2012 მარტი. დავით ტურაშვილი სტეფანაკერტში

აზერბაიჯანმა საქართველოს კულტურის მინისტრის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება ვერ გარისკა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:47 0:00
ბმული


აზერბაიჯანმა ორი ქართველი მწერალი დათო ტურაშვილი და ბესო ხვედელიძე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. უფრო ადრე ბაქოს „შავ სიაში“ საქართველოს მწერალთა კავშირის თავჯდომარე მაყვალა გონაშვილი და ჟურნალისტი მარგარიტა ახვლედიანიც მოხვდნენ. მიზეზი ყველა შემთხვევაში ერთია – საქართველოს მოქალაქეებმა ოკუპირებული მთიანი ყარაბაღი სომხეთის მხრიდან მოინახულეს, რაც აზერბაიჯანის კანონდებლობის უხეში დარღვევაა.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ტურაშვილი და ხვედელიძე სტეფანაკერტში 2012 წლის მარტში ჩავიდნენ. ყარაბაღში მაშინ სამხეთ კავკასიის ლიტერატურული ალმანახის მეორე გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.

ალმანახში კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მწერლების, დრამატურგებისა და პოეტების შემოქმედებაა წარმოდგენილი. პროექტს 2011 წლიდან, ევროკავშირის დაფინანსებით, ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია International Alert ახორციელებს.

ალმანახის პრეზენტაცია სტეფანაკერტამდე ბაქოსა და თბილისში გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, ყარაბაღში ვიზიტის შესახებ ინფორმირებული იყო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუმცა წლინახევრის შემდეგ ბაქომ მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო. მწერალი დათო ტურაშვილი ამბობს:

„ამაში მე და ბესო ხვედელიძე დამნაშავეები არ ვართ, იმიტომ რომ ინგლისური პროგრამა იყო, ინგლისელებთან ერთად ვიყავით და დარწმუნებული ვარ თვითონ ინგლისელებმა არ იცოდნენ რომ ამას ასეთი პრობლემები შეიძლებოდა მოჰყოლოდა, თორემ ელემენტარულად გაგვაფრთილებდნენ.

ეს პროგრამა კავკასიური პროგრამა იყო, რომელიც სხვათა შორის ბაქოში დაიწყო. ჯერ ბაქოში ვიყავით და შემდეგ წავედით ყარაბაღში. ასე რომ არც აზერბაიჯანელებს უთქვამთ და არც ინგლისელებს.

მე ვარ ერთი–ერთი მთავარი პროპაგანდისტი აზერბაიჯანელებთან მეგობრობისა და ურთიერთობის. ვთარგმნი, ვარ თანაავტორი, მათთან ერთად უამრავი პროექტი მაქვს. ჩემზე კარგ მეგობარს აზერბაიჯანელები საქართველოში ვერ იპოვნიან, ასე რომ რა მოხდა ვერ მივხდი.“

საინტერესოა, რომ სამხრეთ კავკასიის ლიტერატურული ალმანახის მთავარი რედაქტორი აფხაზ ბათალ კობახიასთან ერთად, საქართველოს კულტურის ამჟამამინდელი მინისტრი, დრამატურგი გურამ ოდიშარიაც არის.

ოდიშარიამ და კობახიამ მთიანი ყარაბაღი პირველად 2002 წელს მოინახულეს, მაშინ მათ სტეფანაკერტში იანვერ რზაევის დოკუმენტური ფილმი ჩაიტანეს, რომელიც აზერბაიჯანში აკრძალული იყო. 2011 წელს კი ოდიშარია და კობახია მთიან ყარაბაღს კიდევ ერთხელ ეწვივნენ.

თითქმის გამორიცხულია, რომ ოფიციალური ბაქო ამ ვიზიტების შესახებ ინფორმირებული არ იყოს. სავარაუდოდ, გურამ ოდიშარიას ამჟამინდელი სტატუსის გამო, აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორის საქართველოს მთავრობის წევრის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება ვერ გარისკა.

ტურაშვილის, ხვედელიძის, გონაშვილისა და ახვლედიანის გარდა, „შავ სიაში“ კიდევ შვიდი პიროვნებაა, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ (ოთხი ცხინვალელი და სამი სოხუმელი).

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი კახა აბდალაძე ამბობს, რომ ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი რომ ბაქოს „შავ სიაში“ შეყვანილი უცხოეთის მოქალაქე სიიდან ამოეღოს.

„ოფიციალური შეტყობინება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ჯერ არ მიგვიღია. ეს საუბარი, მათ შორის ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია ჩვენთვის არაოფიციალურია სანამ მათი საგარეო უწყება ოფიციალურად არ შეგვატყობინებს.

როგორც კი მივიღებთ ამ დოკუმენტს გავუგზავნით ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს თბილისში. პრეცედენტი რომ შავ სიაში შეტვანილი პერსონა აზერბაიჯანს სიიდან ამოეღოს ჩვენთვის ცნობილი არ არის.“

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახლებული „შავი სია“ 2 აგვისტოს გამოაქვეყნა. მასში 335 უცხოეთის მოქალაქე მოხვდა.
ბაქომ პერსონა ნონ გრატად არაერთი ცნობილი პერსონა გამოაცხადა. მათ შორის, მსოფლიო ოპერის ვარსკვლავი მონსერატ კაბალიე, რომელმაც მთიანი ყარაბაღი ივნისის დასაწყისში მოინახულა, შემდეგ კი კონცეტი ერევანში გამართა.

„შავ სიაში“ ასევე მოხდნენ: რუსეთის, შვეიცარიის, კვიპროსის, ურუგვაის, საფრანგეთის, საბერძნეთის, არგენტინის, ჰოლანდიის, ავსტრიის, კანადის, იორდანიის, ავსტრალიის, ლივანის, ირანის, პოლონეთის და სლოვაკეთის პარლამენტის წევრები.

დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი ბარონესა კეროლაინ კოკსი, ევროკავშირის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი სამხეთ კავკასიაში პიტერ სემნები, ცნობილი იტალიელი მომღერალი ალ ბანო.

ასევე ქართველი, რუმინელი, უკრაინელი, რუსი, ბულგარელი, ჰოლანდიელი, იაპონელი, კვიპროსელი, თურქი, იტალიელი, ჩეხი, ინგლისელი, ავსტრიელი, გერმანელი, ბელგიელი, არგენტინელი და ამერიკელი ჟურნალისტები, მათ შორის ამერიკის ხმის მოსკოვის ბიურის ხელმძღვანელი ჯეიმს ბრუკი.

ის, რომ ბაქო შავი სიის შედგენით სულაც არ ხუმრობს, ახლახანს თავის თავზე ქართველმა ჟურნალისტმა მარგარიტა ახვლედიანმა გამოსცადა. 2013 წლის მაისში, აზერბაიჯანში ჩაფრენილი ახვლედიანი ბაქოს აეროპორტში დააკავეს, ერთი დღე გააჩერეს და უკანვე გაააბრუნეს.

XS
SM
MD
LG