ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ბაქომ ნეიტრალიტეტი აირჩია“


სააკაშვილი და ალიევი ბათუმში

ბაქოში დიდი ინტერესით შეხვდნენ სააკააშვილის ინიციატივას, საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის შექმნის შესახებ

აგვისტოს ომის დროს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ნეიტრალიტეტის გზა აირჩია და მხარი არ დაუჭირა საქართველოს რუსეთთან ომში - ასეთია აზერბაიჯანის ერთ-ერთი ცნობილი პოლიტოლოგის ელდარ ნამაზოვის შეფასება.

ნამაზოვი რამდენიმე წლის მანძილზე, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიავის კანცელარიის უფროსი, შემდეგ კი საერთაშორისო საკითხებში მთავარი მრჩეველი იყო.

დღეს იგი საზოგადოებრივ ფორუმს „აზერბაიჯანისთვის“ წარმოადგენს და მოქმედი პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მწვავე კრიტიკით გამორჩევა. ელდარ ნამაზოვმა „ამერიკი ხმას“ ექსკლუზიური ინტერვიუ გუშინ მისცა, მას ბაქოში დავუკავშირდით.

აგვისტოს ომის დროს, ჩემი აზრით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ძალიან ფრთხილი პოზიცია აირჩია და ფაქტობრივად, ნეიტრალიტეტის გზას დაადგა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის, უკრაინის პრეზიდენტები, რომლებიც ქართული სახელმწიფოს მხარდასაჭერად გამოფრინდნენ, ისინი თავდაპირველად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, განჯას აეროპორტში დაეშვნენ და იქედან ავტომობილებით ჩავიდნენ თბილისამდე.

ამ დროს, მეზობელი აზერბაიჯანის ოფიციალური პირები გვერდზე იდგნენ და ცდილობდნენ არ ჩარეულიყვნენ პროცესებში. ეს არ იყო სწორი პოზიცია. თუმცა, ხელისუფლებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანის საზოგადოება აქტიურად უჭერდა მხარს ჩვენს მოძმე საქართველოს.

მე პირადად და ჩემი მეგობრები ჩამოვედით თბილისში, ჩამოვიტანეთ ჰუმანიტარული დახმარება და მონაწილეობას ვიღებდით ყველა იმ მიტინგსა და პრეს-კონფერნეციაში, რომელიც საქართველოს მხარდასაჭერად იმართებოდა.

ელდარ ნამაზოვი
ელდარ ნამაზოვი

ორი წლის წინანდელი მოვლენების შეფასებისას, ელდარ ნამაზოვი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ 2008 წლის აგვისტოში, სინამდვილეში იყო ორი ომი. ერთი ომი საქართველომ მოიგო, მეორეში კი დამარცხდა.

პირველი ომი იყო საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ სეპარატისტულ რეჟიმთან. თუ არ ვცდები, ის ომი ექვს-შვიდ საათში დასრულდა, საქართველოს არმიან ძალიამ მალე შეძლო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა ამ ტერიტორიაზე. სწორედ, ამის შემდეგ დაიწყო მეორე ომი, ეს უკვე იყო ომი რუსეთსა და საქართველოს შორის.

რა თქმა უნდა, ამ ორი ქვეყნის სამხედრო პოტენციალის შედარება შეუძლებელია და ამის შედეგი იყო, ის რომ ქართული არმია იძულებული იყო დაეტოვებინა ეს ტერიტორიები. იქედან გამომდინარე, რომ იყო ორი ომი და არა ერთი, შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი:

როგორც არ უნდა წარმოგვიდგინონ ეს სეპარატისტული რეჟიმები, საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, რომ თითქოს მათ ბრძოლით მოიპოვეს და დაიცვეს ე.წ დამოუკიდებლობა, სინამდვილეში, საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც რამდენიმე საათში შეუძლიათ ამ სეპარატისტული რეგიონებში კონსტუტუციური წესრიგი დაამყარონ.

პრობლემა იმაშია, რომ ამ მარიონეტული რეჟიმების უკან საგარეო ძალები დგანან - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში ეს რუსეთია, მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში კი სომხეთი და რუსეთი.

მიუხედავად სტრატეგიული თანამშრომლობისა, აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ვერ ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ ოფიციალურმა ბაქომ თბილისს უფრო აშკარა პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადოს. თუნდაც, ლიტვის პარლამენტის მსგავსად, აზერბაიჯანის პარლამენტმა ოფიციალურად აღიაროს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის ფაქტი. ელდარ ნამაზოვი ამბობს:

გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში ძალიან ფრთხილად იქცევა, ძალიან ბევრ საკითხში, ამასთან, ჩვენ ძალიან რთული ურთიერთობები გვაქვს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, განსაკუთრებით დემოკრატიული რეფორმების, ადამიანის უფლებების დაცვის, თავისუფალი არჩევნებისა და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ძალიან ძნელია თქმა, რომ აზერბაიჯანის პარლამენტი ასეთ დადგენილებას მიიღებს.

ჩვენ დავინტერესდით, რა რეაქცია მოჰყვა, ბათუმში პრეზიდენტ ილხამ ალიევთან შეხვედრისას, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ იდეას, აზერბაიჯანისა და საქართველოს კონფედერაციის შესახებ. ელდარ ნამაზოვმა კერძოდ გვითხრა:

„ამ იდეამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია აზერბაიჯანში, ჩვენთან, დიდი ხანია საუბრობენ და მსჯელობენ, აზერბაიჯან-თურქეთის კონფედერაციაზე, ბოლო დროს, განიხილება პრეზიდენტ სააკაშვილის იდეა, საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის შექმნაზე. არის მოსაზრება აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს კონფედერაციის აუცილებლობაზე.

მე ვფიქრობ, რომ ამ იდეაში არის რაციონალური მარცვალი და ის, იმაში მდგომარებს, რომ ეს სამი ქვეყანა გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად ერთმანეთთან ძალიან დაკავშირებულია. ჩვენი ინტერესები ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხებში ემთხვევა.

სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება თავად ითხოვს არსებული რესურსების გაერთიანებას, განსაკუთრებით, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ატარებენ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას და სურთ ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს იდეები - ორმხრივი და სამმხრივი კონფედერაციის შექმნის აუცილებლობაზე შემთვევით არ წარმოშობილა“.

აზერბაიჯანი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პარტნიორია, ბაქო საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, აზერბაიჯანთან საგარეო ვაჭრობამ 247 მილიონ დოლარი, მთლიანი ბრუნვის ათ პროცენტზე მეტი შეადგინა.

საქართველოს ექსპორტის 13 პროცენტზე მეტი აზერბაიჯანზე მოდის. მნიშვნელოვანია, რომ წინა წელთან შედარებით ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის მთელი 23 პროცენტით გაიზარდა, ასეთი მაჩვენებელი, საქართველოს არცერთ სხვა პარტნიორთან არ აქვს.

XS
SM
MD
LG