ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამ ცხოვრების დედაც! შსს-ს გამომძიებელი ციხიდან ვადაზე ადრე გაუშვეს


ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი ჩოლოიანი თავისუფალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ციხეში სამი წელი უნდა გაეტარებინა, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის თვითკვლელობამდე მიყვანისა და ჩვენების იძულების გამო, თავისუფალია. ჩოლოიანი, რომელსაც სამ წლიანი პატიმრობა მოსამართლემ 2020 წლის სექტემბერში მიუსაჯა, 2021 წლის აგვისტოში მოულოდნელად "კარგი ყოფაქცევის" გამო გათავისუფლდა.

ლუკა სირაძე
ლუკა სირაძე
ეს არის არა მხოლოდ უსამართლო გადაწყვეტილება, არამედ პირდაპირი წაქეზება ნებისმიერი იმ დანაშაულისა, რომელიც სამართალდამცავებმა შეიძლება ჩაიდინონ და ისინი უბრალოდ დაუსჯელები დარჩნენ.
ნიკა სიმონიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე


„ეს არის არა მხოლოდ უსამართლო გადაწყვეტილება, არამედ პირდაპირი წაქეზება ნებისმიერ იმ დანაშაულისა, რომელიც სამართალდამცავებმა შეიძლება ჩაიდინონ და ისინი უბრალოდ დაუსჯელები დარჩნენ.

ძალიან აღშფოთებულები და გაბრაზებულები ვართ იმ გადაწყვეტილებით” - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა, საია გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ინტერესებს იცავს.

„ეს ჩვენი დაცინვაა, წელიწადნახევარი იჯდა ციხეში და ამის მეტი არაფერი მომხდარა. თან ამბობენ, რომ კარგი ყოფაქცევისთვის გაათავისუფლეს. ეს არის დაცინვა და შეურაცხყოფა. მით უმეტეს, რომ გამომძიებელი ჩოლოიანი მარტო არ ყოფილა იმ საქმეში და იგი დღემდე აფარებს ხელს სხვა პოლიციელებს, ახლა ნათელია რომ მთელი სახელმწიფო სისტემა აფარებს მათ ხელს“ - ამბობს გარდაცვლილის ძმა ბექა სირაძე.

ლუკა სირაძის დატოვებული წარწერა
ლუკა სირაძის დატოვებული წარწერა

15 წლის ლუკა სირაძე, მე-100 საჯარო სკოლის მოსწავლე, 2019 წლის დეკემბერში, დიღომში, „მწვანე სკოლის“ ეზოში გადაძვრა და სკოლის კედლებზე სხვადასხვა წარწერა გააკეთა - მათ შორის, „ამ ცხოვრების დედაც!“.

ამის გამო, სირაძე შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში ორჯერ დაკითხეს. გამომძიებელი ჩოლოიანი ლუკაზე ფსიქოლოგიურ და სიტყვიერ ზეწოლას ახდენდა და დანაშაულის აღიარებას მოითხოვდა.

შსს-ს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი
შსს-ს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი

საია-ს ცნობით, პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური იყო, რომ არასრულწლოვანი გამოკითხვისას შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარების გაწევა მოითხოვა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს - ბავშვს აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება.

ლუკამ დანაშაული არ აღიარა, თუმცა ბოლო დაკითხვიდან გამოსულმა სუიციდი სცადა, მეცხრე სართულიდან გადმოხტა და მიღებული ტრავმებით, 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა პროტესტი ლუკა სირაძეზე პოლიციის ძალადობის გამო, 2019, ინტერპრესნიუსის ფოტო
პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა პროტესტი ლუკა სირაძეზე პოლიციის ძალადობის გამო, 2019, ინტერპრესნიუსის ფოტო

შსს თავიდან ამტკიცებდა, რომ ლუკა სირაძეზე „ არანაირი სახის ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა“, ეს განცხადება შსს მინისტრის მაშინდელმა მოადგლე ნინო ცაციაშვილმა გააკეთა. თუმცა, საზოგადოებრივი პროტესტის აგორების შემდეგ, (მთელი საქართველოს მასშტაბით გაჩნდა წარწერები - ამ ცხობრების დედაც!) შსს იძულებული გახდა მხოლოდ გამომძიებელი ჩოლოიანი დაეკავებინა.

გარდაცვლილის დედა ელიკო ჩხიტუნიძე, რომელიც ასევე ესწრებოდა შვილის 6 საათიან დაკითხვას ამბობს, რომ 15 წლის ლუკაზე დაკავებული გამომძიებლის გარდა, ფსიქოლოგიურად სხვა პოლიციელებმაც იძალადეს, დედას ეჭვი ჰქონდა, რომ ერთ-ერთმა ლუკას ხელიც დაარტყა. ამის მიუხედად, ამ სამი პოლიციელის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა, შსს-მ მათ მხოლოდ „დისციპლინარული სახდელი“ დააკისრა, ისე, რომ მათი ვინაობაც არ გაუმჟღავნებია.

პროტესტი ზუგდიდში, "ქართული ოცნების" ოფისთან, ოდიშინიუსის ფოტო
პროტესტი ზუგდიდში, "ქართული ოცნების" ოფისთან, ოდიშინიუსის ფოტო
„ეს ჩვენი დაცინვაა, გამომძიებელი ჩოლოიანი მარტო არ ყოფილა იმ საქმეში და იგი დღემდე აფარებს ხელს სხვა პოლიციელებს, ახლა ნათელია რომ მთელი სახელმწიფო სისტემა აფარებს მათ ხელს“
ბექა სირაძე, გარდაცვლილის ძმა


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, რომელიც სირაძეების ოჯახის ინტერესებს იცავს, „სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო ნაწილში კვლავ გრძელდება გამოძიება სხვა პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. ასევე, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გულისხმობს პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას.

იმ პირობებში, როდესაც ლუკა სირაძის საქმეზე ჯერ კიდევ არსებობს არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა და ოჯახი ელოდება საქმის სრულყოფილ, სამართლიან გამოძიებას, მსჯავრდებული გამომძიებლის გათავისუფლება პროცესების მიმართ უნდობლობას იწვევს. მოვლენების ამგვარი განვითარება აჩენს განცდას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები შემწყნარებელნი არიან სამართალდამცავთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის მიმართ, რომელსაც უდიდესი ტრაგედია მოჰყვა” - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

საინტერესოა,რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში (სის) ჩოლოიანის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ მედიიდან გაიგეს.

"ჩოლოიანის საქმე იყო ერთ-ერთი რეზონანსული და პრეცედენტული საქმე, რომელზეც სხვადასხვა ეტაპზე მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა უპირველესად დაზარალებულის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ამგვარი კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის პრევენციასა და სამართალდამცავთა მიმართ ნდობის ამაღლების პროცესში. დამატებით გვსურს განვაცხადოთ, რომ ჩოლოიანის ვადამდელი გათავისუფლების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მედიის საშუალებით გახდა ცნობილი" - აღნიშნულია სის-ის სპეციალურ განცხადებაში.

პროტესტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, 2020
პროტესტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, 2020

შსს-ს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, ციხიდან ვადაზე ადრე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.

ჩოლოიანის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, ახალქალაქის, კუმურდოს, კარისა და სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG