ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარი კასპაროვი: ნავალნი გმირივით მოიქცა


მოსკოვში, ოპოზიცინერ ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები გრძელდება. ასევე, გრძელდება ამ აქციებზე პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების დაკავება, მათ მიმართ ძალაუფლების გადაჭარბება და მომიტინგეების დარბევა.

"ამერიკის ხმის" რუსულ განყოფილებასთან ექსკულუზიურ ინტერვიუში, გარი კასპაროვმა, რუსეთში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.

კასპაროვის თქმით, ახლა ნავალნი რუსეთში საპროტესტო მოძრაობის მთავარი გმირი და ხალხის გამაერთიანებელია. "რა თქმა უნდა, ნავალნი გმირივით მოიქცა. მან მისცა ბიძგი საპროტესტო მოძრაობას. ნათელია, რომ ის, რაც მოსკოვის ქუჩებში 23 და 31 იანვარს, ასევე, 2 და 14 თებერვალს მოხდა, ნავალნის სახელთან იყო დაკავშირებული. მისი მოწამვლა, მკვლელობის მცდელობა, რუსეთში დაბრუნება, დაპატიმრება და ფილმი "პუტინის სასახლე", ამ ყველაფერმა ნავალნისა და მისი გუნდის ქმედებებთან ერთად, გამოიწვია სიტუაციის დრამატული ცვლილებები რუსეთში, და ცვლილებები მთავრობასა და საზოგადოების აქტიურ ნაწილს შორის ურთიერთობებშიც",- ამბობს ცნობილი მოჭადრაკე.

კასპაროვი თვლის, რომ რუსი ხალხის მზარდი პროტესტი სულ უფრო იკრებს ძალას და რეალური საფრთხეა პუტინის ხელისუფლებისთვის. კასპაროვის თქმით, ერთადერთი იარაღი, რაც ხელისუფლებას დარჩა, ძალადობა და საკუთარი მოქალაქეებისადმი ძალის გამოყენებაა.

"უნდა გვახსოვდეს, რომ მათთვის [რუსეთის პოლიციისთვის] სისასტიკეს საზღვარი არ აქვს და ხაზს ვუსვამ იმასაც, რომ მათ არც დასჯის ეშინიათ. ისინი სისხლის მიმართ ალერგიულები არასდროს ყოფილან. დღეს, რეჟიმი იმ ეტაპზეა, როდესაც ქვეყნის მმართველობის ყველა მეთოდი, გარდა პირდაპირი ძალადობისა, ყავლგასულია...საკუთარი თავის დასაცავად რუსეთის დიქტატურა თავის უკანასკნელ, ტრადიციულ რესურსს-ძალადობას გამოიყენებს", - უთხრა "ამერიკის ხმის" ჟურნალისტს, დანილა გალპეროვიჩს გარი კასპაროვმა.

ერთ-ერთ გამოსავლად კასაპორვს დასავლეთის აქტიური ქმედებები და სანქციების გამკაცრება ესახება. მისი აზრით, საჭიროა, რომ დასავლეთის ქვეყნები შეთანხმებული, ერთიანი სტრატეგიით მოქმედებდნენ და ჰქონდეთ გეგმა, რომელიც პუტინის რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებს წინ აღუდგება, და მას საკადრის პასუხს მოსთხოვს.

"დასავლურ ქვეყნებს ძალიან ბევრი საშუალება აქვთ და ეს მხოლოდ "მაგნიტსკის" აქტი კი არა, ასევე, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონებიცაა. თუმცა, მთავარი შეკითხვა აქ პოლიტიკურ ნებასთან დაკავშირებით ისმის. ეს ნება, დასავლეთს, კოლექტიურად, ნამდვილად აკლია",- ამბობს კასპაროვი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG