ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დიდი ოცეულის" ქვეყნები უკრაინაში რუსეთის ომს გმობენ 


20 წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ლიდერებმა ბალიში, სამიტი უკრაინაში რუსული ომის მტკიცე დაგმობით დაასრულეს და თქვეს, რომ ომი აუარესებს მსოფლიო ეკონომიკურ მდგომარეობას.

„დიდი ოცეულის“ მხრიდან ეკონომიკური სამიტის საბოლოო დოკუმენტში უკრაინაში რუსეთის ომის დაგმობა მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი იყო. „წევრთა უმეტესობამ მკაცრად დაგმო ომი უკრაინაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის იწვევს უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვას და ამძაფრებს არსებულ სისუსტეებს გლობალურ ეკონომიკაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში გამოყენებულია სიტყვები „წევრთა უმრავლესობა“, რადგან ჩანაწერს სამიტში მონაწილე რამდენიმე ქვეყანა ბოლომდე არ იზიარებს და ასევე იმისთვის, რომ წარმოჩენილიყო აზრთა სხვადასხვაობა ჩანაწერთან მიმართებით. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „დიდი ოცეული“ არ არის ფორუმი უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად.

მიუხედავად ამისა, განცხადებაში გამოყენებულია ნაწყვეტი, გაეროს მარტის რეზოლუციიდან, რომელიც „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას“ გმობდა და მოითხოვდა „[რუსული ჯარის] სრულ და უპირობო გაყვანას“ უკრაინის ტერიტორიიდან. ეს კი „დიდი გარღვევა“ იყო - მიაჩნია ჯონ კირტონს, "დიდი ოცეულის" კვლევითი ჯგუფის დირექტორს.

კირტონმა ასევე აღნიშნა, რომ სამიტზე გამოჩნდა ჩინეთისა და ინდოეთის „რიტორიკის აქტიური ცვლილება“, რომლებიც შეუერთდნენ „დიდი გეოპოლიტიკური განხეთქილების დემოკრატიულ მხარეს“.

ინდონეზიაში, ტროპიკულ კუნძულ ბალიზე გამართული ორდღიანი სამიტის დროს უკრაინაში რუსული აგრესია უფრო მასშტაბური გახდა. აღმოსავლეთ პოლონეთში კი რაკეტა ჩამოვარდა, რომელმაც ნატოს მოკავშირეებს შორის დიდი მღელვარება გამოიწვია. მომხდარის ფონზე ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სასწრაფოდ მოიწვია "დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგანგებო შეხვედრა.

ვარშავა ამბობდა, რომ უკრაინის საზღვართან აფეთქება რუსული წარმოების რაკეტამ გამოიწვია და გამოძიება გრძელდება. თუმცა მოგვიანებით, პოლონეთმა დააზუსტა, რომ მის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა სავარაუდოდ უკრაინული თავდაცვის საზენიტო სისტემიდან იყო გასროლილი.

მანამდე, ამერიკის პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ რაკეტის ტრაექტირიის მიხედვით, "ნაკლებად სავარაუდოა", რომ რაკეტა რუსეთიდან იყო გასროლილი და აქვე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ვარშავას მომხდარის გამოძიებაში დაეხმარება.

რუსულ სარაკეტო იერიშებს უკრაინაში 15 ნოემბერს 1 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 7 მილიონამდე ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სამიტის ფონზე დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეს „არის თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“. აქვე სუნაკმა განმარტა, რომ თუ ომი გაგრძელდება „ეს გლობალურ ეკონომიკას გაანადგურებს“.

„დიდი ოცეულის“ სამიტი ინდონეზიაში ისე დასრულდა, რომ მასში რუსეთის პრეზიდენტს მონაწილეობა არც ონლაინ მიუღია და არც - ბალიზე ჩასულა. სამიტზე რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი წარმოადგენდა. ლავროვის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის იზოლაციას ცდილობს.

სამიტის 16-გვერდიან კომუნიკეში გამოხატულია ღრმა შეშფოთება არაერთი საკითხის თაობაზე, მათ შორის სასურსათო და ენერგეტიკულ კრიზისებზე, რაც შეეხება უკრაინის საკითხს, ინდონეზიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ ნაწილის დოკუმენტში ჩაწერას ყველაზე „ძლიერი და მკაცრი“ დისკუსიები მოჰყვა.

ფორუმის ფარგლებში ჩინეთმა რუსეთი ღიად გააკრიტიკა და მხარი დაუჭერა კრიტიკულ პოზიციებს, რამაც ანალიტიკოსთა ნაწილი გააკვირვა. სი ძინპინს „არ სურს მხარი დაუჭიროს დამარცხებულს“ უკრაინის ქალაქ ხერსონში რუსეთის დამარცხების შემდეგ, - ფიქრობს ჯონ კირტონი, "დიდი ოცეულის" კვლევითი ჯგუფის დირექტორი. ”მან იცის, რომ მას სჭირდება G-20-თან თანამშრომლობა, რათა გადაჭრას მრავალი მზარდი სისუსტე, რომელთა პირისპირაც ახლა ჩინეთია", - ამბობს ანალიტიკოსი.

„დიდი ოცეული“ 1999 წელს დაარსდა, თავდაპირველად, როგორც ფორუმი ეკონომიკური გამოწვევების გადასაჭრელად. მისი წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG