ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთი: ჩვენს ქვეყანაში რუსული წარმოების რაკეტამ 2 ადამიანი მოკლა


პოლონეთი ადასტურებს, რომ მის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტები რუსული წარმოების იყო. რაკეტების ჩამოვარდნას ქვეყნის აღმოსავლეთში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსულმა იარაღმა გადაკვეთა ნატოს საზღვრები.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამას მოვლენათა "ძალიან სერიოზული ესკალაცია" უწოდა და თქვა, რომ როგორც უკრაინა მოკავშირეებს აფრთხილებდა, "ტერორი უკრაინის საზღვრებთან არ გაჩერდება".

პოლონეთის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ რუსეთის ელჩი გამოიძახა და მისგან "დაუყოვნებლივ დეტალურ ახსნა-განმარტებას" მოითხოვს.

პოლონეთის მთავრობის პრეს-სპიკერმა პიოტრ მიულერმა თქვა, რომ სანამ ოფიციალური პირები კვლავ მომხდარის მოკვლევით არიან დაკავებულნი, შეიარაღებული ძალების ნაწილი მაღალ საბრძოლო მზადყოფნაშია.

პოლონეთის მედიამ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ცნობები იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთით მდებარე სოფელ პრჟევოდოვში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, რუსული რაკეტა ჩამოვარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო, "უკრაინა-პოლონეთის საზღვართან ახლოს რაიმე სამიზნეზე იერიშის მიტანა" და თქვა, რომ ფოტოებზე ასახულ სავარაუდო ზიანს არაფერი აქვს საერთო რუსულ შეიარაღებასთან.

სამშაბათს მოსკოვმა მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო იერიშები გააძლიერა, დაიბომბა არაერთი ქალაქი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ სამშაბათს რუსულმა ძალებმა 90-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს უკრაინის ქალაქების, უმეტესად კი ენერგო-ობიექტების წინააღმდეგ. ამავე დროს, დიდი ოცეულის სამიტში მონაწილე სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას მოლაპარაკებებზე უარის თქმაში სდებს ბრალს. უკრაინელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მოსკოვს არა მშვიდობა, არამედ - მორჩილება სურს.

პოლონეთის მხარდამჭერი განცხადებები უკვე გააკეთეს ნატოს არაერთი წევრი ქვეყნის ლიდერებმა. პოლონეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა ამერიკელი კოლეგაც. პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერებმა პოლონეთში დღეს მომხდარი ინციდენის გამოძიების აუცილებლობაზე და ნატოს მეოთხე მუხლის ამოქმედების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ნატოს წევრ ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება აქვს საკონსულტაციოდ შეკრიბოს მთელი ალიანსი, თუკი მის უსაფრთხოებას რაიმე დაემუქრება.

XS
SM
MD
LG