ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ამერიკა პოლონეთთან ერთად მუშაობს რათა დადგინდეს რა მოხდა,“- სახელმწიფო დეპარტამენტი


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი ამბობს, რომ შეერთებული შტატები პოლონეთთან ერთად მუშაობს რათა გაირკვეს რა მოხდა, პოლონეთ-უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

„ამერიკა გამოიძიებს მომხდარს და გადაწყვეტს რა იქნება შემდეგი ნაბიჯები,“- ამბობს პატელი სახელმწიფო დეპარტამენტიდან.

ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა თეთრი სახლის უშიშროების საბჭომაც, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკა ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

„ჩვენ ვნახეთ ცნობები პოლონეთიდან და ვმუშაობთ პოლონეთის მთავრობასთან მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად. ამ დროისთვის ჩვენ ვერ დავადასტურებთ ინფორმაციას ან რაიმე დეტალს. გავარკვევთ რა მოხდა და როგორი იქნება შესაბამისი შემდგომი ნაბიჯები,“- წერს ადრიან უოტსონი „ტვიტერზე“.

პოლონური მედიის ინფორმაციით ორი რუსული რაკეტა პოლონეთში, სოფელ პრჟევოდოვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. "რადიო Zet”- ის მიერ გავრცელებული ცნობით, რაკეტები ხორბლის საცავს დაეცა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა. რადიოს ინფორმაციით შემთხვევის ადგილზე პოლონური ჯარი, პოლიცია და პროკურატურის თანამშრომლები იმყოფებიან.

უცნობია რაკეტა პირდაპირ პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა, თუ ის უკრაინის ჩამოგდების შემდეგ მოხვდა პოლონურ მხარეს. პოლონური მედიის დაუდასტურებელი ცნობებით, რაკეტის სამიზნე სავარაუდოდ უკრაინა იყო.

ინფორმაციას ამ დროისთვის არც ადასტურებს და არც უარყოფს პენტაგონი. პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე, თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა თქვა, რომ ამერიკა ამ დროისთვის არ ფლობს დამატებით ფაქტებს, ინფორმაციის დასადასტურებლად.

"მედია იუწყება, რომ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა პოლონეთში უკრაინის საზღვრის მახლობლად. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ამ მომენტისთვის ამ ინფორმაციის დასადასტურებლად. როცა ჩვენ გვექნება განახლება, გავაკეთებთ განცხადებას,"- თქვა პენტაგონის პრესსპიკერმა.

რაკეტების პოლონეთის მიმართულებით გასროლა უარყო რუსულმა მხარემ. თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ ინფორმაციას „წინასწარ განზრახულ პროვოკაციას“ უწოდა, „რომელიც მიზნად ვითარების ესკალაციას ისახავს.“ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ ნამსხვრევებს „რუსულ იარაღთან არანაირი კავშირი არ აქვს“.

პოლონეთის მთავრობის სპიკერი, პიოტრ მიულერი ამბობს, რომ ამ წუთებში პოლონეთის მაღალი თანამდებობის პირები „კრიზისულ ვითარებას“ განიხილავენ. ის მედიას მოუწოდებს გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ. ოფიციალურ ვარშავას ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია.

რაკეტების ჩამოგდებას უარყოფს რუსული მხარე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას „წინასწარ განზრახულ პროვოკაციას“ უწოდებს, „რომელიც მიზნად ვითარების ესკალაციას ისახავს.“

დღეს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმები მიიტანა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ეს ყველაზე ფართომასშტაბიან საჰაერო იერიშია, 24 თებერვლიდან დღემდე. მოსკოვის სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG