ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთს უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიაქვს


უკრაინის ათზე მეტ ქალაქში, რუსული საჰაერო თავდასხმა ერთდროულად მიმდინარეობს. ქალაქებში საგანგებო სიტუაციის გამო გათიშულია ელექტროენერგია. ვითარება მსგავსია დედაქალაქ კიევშიც.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგნელი, კირილო ტიმოშენკო სიტუაციას "კრიტიკულად" აფასებს. ის მოუწოდებს უკრაინელებს, რომ მაქსიმალურად შეამცირონ ელექტრო ენერგიის მოხმარება და "გაუძლონ" სიტუაციას.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, საჰაერო თავდასხმას, კიევში სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რუსეთმა საჰაერო იერიში დღეს მთელი უკრაინის მასშტაბით მიიტანა. უკრაინის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ქალაქებში ოფიციალური პირები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მოსკოვის სამიზნე ენერგო-ობიექტები და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა. თავდასხმის შედეგად დაბომბილია საცხოვრებელი სახლებიც.

ამ დროისთვის, მინიმუმ 10 ქალაქი და რეგიონი იუწყება, რომ საჰაერო თავდასხმის ქვეშ არიან. ეს, ზოგიერთი შეფასებით, სავარაუდოდ, კრემლის პასუხია, უკრაინის მიერ ხერსონის გათავისუფლებაზე, რომელიც თითქმის 9 თვიანი ომის განმავლობაში მუდმივი შეტაკებების ადგილი იყო.

ბრძოლის ველზე დანაკარგების მატებასთან ერთად, რუსეთი ბოლო თვეებში სულ უფრო ხშირად ბომბავს უკრაინის ელექტრო-ინფრასტრუქტურას. ექსპერტების განმარტებით, რუსეთს სურს ზამთარი იარაღად აქციოს და უკრაინის მოსახლეობა სიცივესა და სიბნელეში დატოვოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ლვივში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, რივნეში, ხარკივში. ასევე რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს კრივი რიჰში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიურ ქალაქში.

თავდასხმის ქვეშაა ქვეყნის დედაქალაქი კიევიც. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ იწვის საცხოვრებელი სახლები. კიევის მერის თქმით, დაიბომბა სამი სახლი.

XS
SM
MD
LG