ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას ამბობს ნატოს IV და V მუხლები


ნატოს წევრი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების შესაძლო ჩამოგდების შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გააჩინა კითხვები და მოლოდინები იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა, ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა, ნატოს მეხუთე მუხლი აამოქმედოს.

ევროპაში შეერთებული შტატების არმიის ყოფილი მთავარსარდალი, თადარიგის გენერალი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ ამ დრომდე არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამისი მოქმედება მეოთხე მუხლის ამოქმედება იქნებოდა, რაც ალიანსის წევრებს შორის, საკითხზე კონსულტაციის გამართვას გულისხმობს.

მეოთხე მუხლი

ნატოს დამფუძნებელი ხელშეკრულების IV მუხლის თანახმად, წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ნებისმიერი საკითხი ნატოს მთავარ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში, ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოში წამოჭრან.

მეოთხე მუხლში ნათქვამია: „მხარეები ერთად გაივლიან კონსულტაციას, როდესაც რომელიმე მხარის აზრით, საფრთხე ემუქრება რომლიმეს ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ან უსაფრთხოებას.“

ნებისმიერ წევრ ქვეყანას შეუძლია ოფიციალურად გამოიყენოს, აამოქმედოს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი. წევრი ქვეყნის მიერ მეოთხე მუხლის ამოქმედებისთანავე, საკითხის განხილვა შედგება, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ერთობლივი გადაწყვეტილება, ან მოქმედების რაიმე ფორმა.

1949 წელს ალიანსის შექმნის შემდეგ, მე-4 მუხლი შვიდჯერ იქნა გამოყენებული. 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბულგარეთმა, ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, პოლონეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა, მე-4 მუხლის მიხედვით კონსულტაციების გამართვა მოითხოვეს.

მანამდე, 2003 წლიდან, 2015 წლის ჩათვლით, ამავე მუხლის საფუძველზე, თურქეთმა საბჭოს შეკრება რამდენჯერმე მოითხოვა.

მეხუთე მუხლი

„მხარეები თანხმდებიან, რომ მათგან ერთ ან მეტზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, განიხილება ყველა მათგანზე თავდასხმად„ - ეს არის ამონარიდი ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების, იგივე ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლიდან. მეხუთე მუხლი კოლექტიურ თავდაცვით მოქმედებებს განსაზღვრავს და ალიანსის ქვაკუთხედად მიიჩნევა, პრინციპით - „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“.

1949 წელს, ალიანსის დაფუძნების მთავარი მიზანი, საბჭოთა კავშირისგან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ გაერთიანება და რისკების შეკავება იყო. ნატო წინ უღდგებოდა საბჭოთა რუსეთის მცდელობას, გაევრცელებინა საკუთარი კონტროლი აღმოსავლეთ ევროპასა და კონტინენტის სხვა ნაწილებში. იმთავითვე, ალიანსის ერთობას, ეფექტურს სწორედ მეხუთე მუხლი ხდის.

მეხუთე მუხლი ადგენს შემდეგს: თუ ნატოს მოკავშირე იქნება შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლი, ალიანსის თითოეული წევრი ამ ძალადობის აქტს განიხილავს, როგორც შეიარაღებულ თავდასხმას ყველა წევრზე და მიიღებს ზომებს, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის, თავდასხმის ქვეშ მყოფი მოკავშირის დასახმარებლად.

ისტორიაში პირველად, ნატოს შეთანხმების მეხუთე მუხლი, ალიანსმა 2001 წელს, შეერთებული შტატების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ აამოქმედა. თუმცა V მუხლი არ გულისხმობს, რომ ალიანსის პირდაპირ სამხედრო პასუხს გასცემს თავდასხმას, არამედ მოქმედების გეგმას ის საერთო კონსულტაციების შედეგად შეიმუშავებს.

რა მოხდა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე?

15 ნოემბერს გავრცელდა ცნობები, იმის შესახებ, რომ უკრაინა პოლონეთის საზღვარზე ჩამოგდებულ სავარაუდოდ ორ რაკეტას, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პოლონეთი აცხადებს, რომ მომხდარის მიზეზების დადგენაზე მუშაობს. მათივე თქმით განიხილება საკითხი, მიმართავს თუ არა ვარშავა მე-4 მუხლის ამოქმედებას. ვარშავის განცხადებით, ის სამხედრო მზაობას ზრდის.

მსოფლიო ლიდერებმა, სოლიდარობა გამოუცხადეს პოლონეთს. ვაშონგტონი აცხადებს, რომ ამ დროისთვის, მომხდარის დადასტურება არ შეუძლია და საკითხის შესასწავლად, ვარშავასთან ერთად მუშაობს.

თავად მოსკოვი, გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინა-პოლონეთის საზღვარის მახლობლად, რუსულ ძალებს არანაირი გასროლა არ განუხორციელებია.

პარალელურად, 15 ნოემბერსვე, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმები მიიტანა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან მოყოლებული, ეს კიევის წინააღმდეგ მოსკოვის ყველაზე ფართომასშტაბიან საჰაერო იერიშია.

XS
SM
MD
LG