ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: 2023 წლიდან, რუსეთი სკოლებში სამხედრო სწავლებებს დაიწყებს


ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველკვირეული სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის განათლების მინისტრმა, სერგეი კვარცოვმა თქვა, რომ "სამხედრო სწავლებები რუსეთის სკოლებში 2023 წლის სექტემბერში დაბრუნდება".

წვრთნები მოიცავს "ქცევის წესებს ქიმიური, ან ატომური თავდასხმის დროს, ასევე პირველადი დახმარების გაწევას და კალაშნიკოვის იარაღის მოხმარების ცოდნას".

ბრიტანული ანგარიშის მიხედვით, "რუსეთის ოფიციალური პირები ცდილობდნენ, რომ სწავლება 2014 წელს აღედგინათ მას შემდეგ, რაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ამ ინიციატივის წყალობით, ახალწვეულების ცოდნის ხარისხი გაუმჯობესდებოდა. 8 წლის შემდეგ, თითქმის არაფერი შეცვლილა და რუსი წვევამდელები სუსტი, მწირი ცოდნით არიან".

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში ახლა სასწავლო პროგრამის შემუშავებაზე მუშაობენ, რომელიც მთავარი ხაზი იქნება სამხედრო სწავლებისა სკოლაში. პროგრამა წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, შემდეგ კი ავტორიზაცია გაიაროს.

"ეს სწავლება, სავარაუდოდ მოამზადებს მოსწავლეებს სამხედრო უნარებში, რადგან ისინი გაწვევის ასაკს უახლოვდებიან",- ნათქვამია ბრიტანეთის სადაზვერვო დოკუმენტში. მათივე აზრით, სკოლებში სამხედრო სწავლების დაბრუნება უფრო დიდი პროექტის ნაწილია, რომელიც რუსებში იდეოლოგიისა და პატრიოტიზმის გაღვივებას, ასევე საჯარო ინსტიტუტების ნდობის ჩამოყალიბებას ემსახურება.

XS
SM
MD
LG