ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა "საშიშ ფაზაში" გადადის - ყოფილი სენატორების წერილი


შეერთებული შტატების ყოფილი სენატორებისგან შემდგარი დიდი ჯგუფი, რომელშიც რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის წევრები ერთიანდებიან, სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. წერილს, რომელიც ორშაბათს "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნდა, 44 ყოფილი კანონმდებელი აწერს ხელს.

მიმართვაში ყოფილი სენატორები კონგრესის დღევანდელ წევრებს მოუწოდებენ "დემოკრატიის სადარაჯოზე" დადგნენ და არ მისცენ თავს უფლება "კრიტიკულ გზაჯვარედინზე" პარტიული ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენონ. მათი თქმით, შეერთებული შტატები ახლა "საშიშ ფაზაში" გადადის.

44 ყოფილი კანონმდებლის შეშფოთება ე.წ. მალერის გამოძიებით არის გამოწვეული. სპეციალური გამომძიებელი პრეზიდენტ ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან, რუსეთთან სავარაუდო გარიგებას იძიებს.

წერილში ნათქვამია, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყოფილმა სენატორებმა თავი მოვალედ ჩათვალეს, ხმა ამოიღონ "იმ სერიოზულ გამოწვევებზე, რის წინაშეც კანონის უზენაესობა, კონსტიტუცია, მართვის ინსტიტუტები და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება აღმოჩნდა". მათი აზრით, ამერიკა ახლა კრიტიკულ მოსახვევში დგას, სადაც "სასწორზეა ჩვენი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები, სადაც უნდა მოხდეს კანონის უზენაესობის და ჩვენი ინსტიტუტების უნარის დაცვა, რათა მათ თავისუფლად და დამოუკიდებლად გააგრძელონ ფუნქციონირება".

ყოფილი კანონმდებლების წერილს სხვებთან ერთად ხელს აწერენ რესპუბლიკური პარტიის წევრები: ჯონ უორნერი, რიჩარდ ლუგარი და ჩაკ ჰეიგელი. დემოკრატების მხრიდან კი არიან ისეთი ცნობილი სენატორები, როგორიცაა ჯონ კერი, ტომ დაჩლე და კრის დოდი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG