ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესა რუსეთ-საქართველოს ომის მეორე წლისთავზე


უცხოური პრესა რუსეთ-საქართველოს ომის მეორე წლისთავზე
უცხოური პრესა რუსეთ-საქართველოს ომის მეორე წლისთავზე

მიმოხილვაში გამოყენებულია ბრაინ ვითმორის სტატია "საქართველოს გადატვირთვა" (ჟურნალი "ფორეინ პოლისი") და დმიტრი ტრენინის სტატია "როგორ შეიძლება მშვიდობის მიღწევა საქართველოსთან" (გაზეთი "მოსკოუ თაიმსი")

უცხოური პრესის მიმოხილვის დღევანდელი გამოშვების მთავარი თემაა რუსეთ-საქართველოს ომის მეორე წლისთავი. მიმოხილვას ვიწყებთ ბრაიან ვითმორის სტატიით სათაურით „საქართველოს გადატვირთვა,“ რომელიც ჟურნალ „ფორეინ პოლისიში“ 9 აგვისტოს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„თვით ის ფაქტი, რომ პირველად წლების მანძილზე ქართველებს აღარ ემუქრებათ რუსეთის თავდასხმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას მოსკოვთან ‘გადატვირთვის’ პოლიტიკის მოულოდნელი შედეგია. ყოველივე ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ობამას კრიტიკოსების ბრალდებებს, რომ თითქოს რუსეთის მეზობელი სახელმწიფოები, საქართველოს ჩათვლით, ვაშინგტონის მოსკოვთან დაახლოებისგან დაზარალდებიან.

თავდაპირველად შეშფოთების გამოხატვის შემდეგ, ქართველი ოფიციალური პირები ახლა აღნიშნავენ, რომ ყოფილ ზესახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებამ ვაშინგტონს მოსკოვზე წყნარი მაგრამ ეფექტური გავლენის მოხდენის საშუალება მისცა და ამასობაში თბილისის უსაფრთხოებაც გაუმჯობესდა.

ობამას აქებს გიგა ბოკერია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი. ‘რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი თავდასხმის საშიშროება, თუ მთლიანად არა, მნიშვნელოვნად მაინც შემცირებულია სწორედ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის აქტიური პოზიციის გამო,’ აღნიშნა ბოკერიამ პირად საუბარში.

ივნისში მედვედევის ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში, რომლის დროსაც მან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხში ამერიკის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა, კარგ მაგალითს წარმოადგენდა იმისა, თუ რისი დაკარგვა შეუძლია მოსკოვს მცდარი პოლიტიკის გამო. როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში მედვედევმა ცნობილი სილიკონის ველიც მოინახულა დასავლელი ინვესტორების მოზიდვის მიზნით. მათი მონაწილეობით კრემლი რუსეთის მაღალი ტექნოლოგიების სექტორის მოდერნიზაციას გეგმავს. მოსკოვს კარგად ესმის ის, რომ ყოველივე ეს დავიწყებას მიეცემა, თუ რუსეთი საქართველოში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში პროვოკაციებს დაიწყებს.

მაგრამ შეერთებული შტატების ჩარევის მიუხედავად რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდგომარეობა კვლავინდებურად დაძაბულია. რუსეთის სამხედრო ნაწილები ამაგრებენ პოზიციებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და რუსეთის საჯარისო ნაწილებს თბილისისგან სულ რაღაც 40 კილომეტრი აშორებს. ამას გარდა, საქართველოს სუვერენიტეტი დიდი ხნის მანძილზე აღიზიანებდა მოსკოვს და კრემლის ოფიციალური პოლიტიკა თბილისის მიმართ უცვლელია და თბილისში რეჟიმის შეცვლას მოითხოვს.

ობამას ადმინისტრაციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად დიდი სიფრთხილე სჭირდება. ვაშინგტონმა მოსკოვს კვლავინდებურად უნდა აგრძნობინოს, რომ მეზობელი სახელმწიფოების პატივისცემით რუსეთი უფრო ბევრს მოიგებს ვიდრე მათი დაშინებით.“

უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორის დმიტრი ტრენინის სტატიით სათაურით „როგორ შეიძლება მშვიდობის მიღწევა საქართველოსთან,“ რომელიც გაზეთ „მოსკოუ თაიმსში“ 9 აგვისტოს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„2008 წლის აგვისტოს ‘პატარა ომმა’ შესძრა მსოფლიო, მაგრამ არ შეცვალა იგი. მართალია რუსეთ-საქართველოს საბრძოლო მოქმედებებმა არ წარმოქმნა ახალი ცივი ომი, მაგრამ ხუთდღიანი ომი აშკარა დემონსტრირება იყო იმისა, რომ ცივი ომიდან თითქმის ორი ათწლეულის გასვლის შემდეგ ევროპის უსაფრთხოება კვლავინდებურად უაღრესად მყიფეა.

მდგომარეობამ ორივე მხარეს საგარეო პოლიტიკის შეცვლისკენ უბიძგა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ‘გადატვირთვის’ ღილაკს დააჭირა. ხოლო მოსკოვი შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან ალიანსის იდეით გამოვიდა.

მოსკოვში პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მას სააკაშვილთან არანაირი ურთიერთობა არ ექნება. ეს შეიძლება 2013 წლამდე გაგრძელდეს, როცა სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა იწურება. ან შეიძლება უფრო მეტი დრო დაიკავოს, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილმა ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა და ვლადიმირ პუტინის მაგალითის მსავსად პრეზიდენტის სავარძლის დატოვების შემდეგ სრული კონტროლი შეინარჩუნა ძლევამოსილი პრემიერ მინისტრის პოსტზე.

სააკაშვილმა რუსეთ-ქართული ურთიერთობებისა და, ირონიულად, ქართულ-დასავლური ურთიერთობების გაუმჯობესება შეაფერხა. რასაკვირველია მას ამჟამად კონსტიტუციურად დაცული მანდატი გააჩნია, მაგრამ როცა მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, თუ მას ნამდვილად ადარდებს საქართველოს და ქართველი ხალხის ბედ-იღბალი, მან პრეზიდენტის სავარძელი უნდა დატოვოს ‘პუტინის მაგალითის’ გამოყენების გარეშე.

ამასობაში რუსეთის მთავრობამ უნდა შეცვალოს საქართველოსადმი დამოკიდებულება. რუს ხალხს ქართველ ხალხთან ტრადიციულად კარგი ურთიერთობები ჰქონდა. მაგრამ მედვედევისა და პუტინის პოლიტიკის შედეგად ქართველ ხალხზე ზეწოლა გაიზარდა, რაც კრემლის ჩანაფიქრის მიხედვით სააკაშვილზეც გაზრდიდა ირიბ ზეწოლას. ეს პოლიტიკა წარუმატებელი აღმოჩნდა. სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული მცდარი და არაეფექტური მცდელობების ნაცვლად, რომელიც სინამდვილეში მის პოზიციას აძლიერებს, რუსეთმა ქართველი ხალხის სიმპატიების მოსაპოვებლად უნდა წარმართოს ძალისხმევა და პოსტ-სააკაშვილის პერიოდისთვის მოემზადოს. ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მიზანშეწონილი იქნბოდა.

ამ ნაბიჯებში უწინარეს ყოვლისა იგულისხმება ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, ქართველი მოქალაქეებისთვის რუსული ვიზების გაცემის გამარტივება, რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინოების შემოტანა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან კონტაქტების ხელშეწყობა.“

XS
SM
MD
LG