ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო რუსეთისგან ფიროსმანის "შავი ლომის" დაბრუნებას მოითხოვს


ფიროსმანის "შავი ლომი"
ფიროსმანის "შავი ლომი"

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, თუ როგორ მოხვდა რუსეთში, 1993 წელს, თბილისიდან გატაცებული, გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ერთ-ერთი შედევრი - „შავი ლომი“.

სხვადასხვა ცნობებით, „შავ ბაზარზე“ ამ ტილოს ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარია. „შავი ლომის“ პირველი მეპატრონეები, ფრანგ მხატვარ მიშელ ლე დანტიუსთან ერთად, ფიროსმანის აღმომჩენები და მისი პირველი ბიოგრაფები თბილისელი ძმები ილია და კირილე ზდანევიჩები იყვნენ.

მოგვიანებით ტილო კირილე ზდანევიჩის მემკვიდრის, ცნობილი ქართველი მხატვრის აპოლონ ქუთათელაძის ოჯახში აღმოჩნდა. 1993 წელს, რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა, „შავი ლომი“ სწორედ აპოლონ ქუთათელაძის შვილის, მხატვარ ყარამან ქუთათელაძის სახელოსნოდან გაიტაცა.

18 წლის მანძილზე, „შავი ლომის“ ბედი უცნობი იყო, სანამ ფიროსმანის ეს შედევრი. ერთი კვირის წინ, სრულიად მოულოდნელად, მოსკოვის ანტიკვარულ სალონში არ გამოიფინა. ყარამან ქუთათელაძემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა

„პირველი კითხვა, რატომ არ იყო გაცხადებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ ფიროსმანის ეს ნამუშევარი არის ნაპოვნი? სად არის ეს საბუთი?! მეორე კითხვა - არის თუ არა ჩატარებული ექსპერტიზა, სანამ სურათი მოსკოვში გამოიფინებოდა?!

და ძირითადი კითხვა, როგორ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი ამ ნამუშევარმა?! საბუთები ამხანაგებმა წარმოგვიდინონ ქართულ მხარეს და ბევრი რამ გაირკვევა. მაგრამ, ეს ყველაფერი არის თაღლითობა, არაპროფესიონალიზმი და თვალებში ნაცრის შეყრა. მიმდინარეობს ოფიციალური გამოძიება და დაველოდებით ოფიციალური გამოძიების შედეგებს.“

გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს დახმარებით, რუსულ მხარეს შედევრის დაბრუნება მოსთხოვა. გაირკვა, რომ „შავ ლომს“ ინტერპოლის ხაზითაც ეძებდნენ.

ქართული კანონებით, კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე ხელოვნების ნიმუშის, საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა აკრძალულია, თუნდაც, ის კერძო კოლექციაში იყოს დაცული.

ქართული მხარის პრეტენზიების შემდეგ, რუსებმა „შავი ლომი“ სალონიდან სასწრაფოდ ჩამოხსნეს. მოგვიანებით კი გაავრცელეს დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ყარამან ქუთათელაძემ „შავ ლომზე“ ყველა უფლება რუსეთის მოქალაქეს გადასცა.

რუსული ვერსიის თანახმად, „შავი ლომის“ ამჟამინდელმა მფლობელმა ფიროსმანის ტილო, რამდენიმე წლის წინ კერძო აუქციონზე შეიძინა და მას შემდეგ, რაც გაიგო რომ სურათი მოპარული იყო, თბილისში ჩამოვიდა და ყველა პრობლემა იურიდიულად მოაგვარა.

რუსები ასევე ამტკიცებენ, რომ „შავი ლომი“ უკვე მეორედ გამოიფინა, ბოლო შვიდი წელი კი სურათი მოსკოვის ცენტრში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდით მდებარე, სასტუმრო „ბელგრადის“ ინტერიერს ამშვენებდა.კულტურის მინისტრი ნიკა რურუა ამბობს

„რუსეთის კულტურული ძეგლების დაცვის სააგენტომ გამოგვიგზავნა წერილი. რუსები ამბობენ, რომ ფიროსმანის „შავი ლომი“ პატრონმა ნოტარიალური თანხმობით გადასცა მეორე პიროვნებას, ვინც შემდეგ, სურათი გასხვისების უფლებით გაიტანა. ეს მოხდა რამდენიმე წლის უკან.

ეს არის იმ წერილის მოკლე შინაარსი, რაც რუსებისგან მივიღეთ. ახლა ამ დოკუმენტის ავთენტურობას, ნამდვილობას გამოძიება ადგენს და ბუნებრივია უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.“

დოკუმენტის მიხედვით, „შავ ლომზე“ ყველა უფლება ყარამან ქუთათელაძემ, 2002 წელს, სამი წლის ვადით, რუსეთის მოქალაქეს, 42 წლის ვიაჩესლავ ეფიმოვს, 2000 ლარად გადასცა. ეფიმოვს სურათის გაყიდვის უფლებაც მიენიჭა.

ყარამან ქუთათელაძემ უკვე განაცხადა, რომ ეს დოკუმენტია გაყალბებულია და ეფიმოვმა მასზე ხელი შეცდომით მოაწერინა. თავის მხრივ, ქუთათელაძის განცხადება უარყო ნოტარიუსმა ბესო ბულიამ, რომელმაც დაადასტურა, რომ 2002 წელს, თბილისში, ქუთათელაძე და ეფიმოვი ნადმვილად იმყოფებოდნენ მასთან აღნიშნული რწმუნების გასაფორმებლად.

გამოძიებამ უკვე დაკითხა ქუთათელაძე, და ასევე გეგმავს ეფიმოვისა და ბულიას დაკითხვას, რომლებიც ამჟამად მოსკოვში ცხოვრობენ. თავის მხრივ, ქუთათელაძემ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს რწმუნების გაუქმების მოთხოვნით. ყველაზე მეტ კითხვას დოკუმენტში დაფიქსირებული ფასი იწვევს. ხელოვნებადმოცოდნე თამაზ სანიკიძე ამბობს

„2000 ლარად ან 2000 დოლარად ფიროსმანის გაყიდვა, მით უმეტეს ისეთი ოჯახისგან, როგორიც ყარამან ქუთათელაძის ოჯახია და რომელმაც, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივად იცის ფიროსმანის ფასი, ეს რა თქმა უნდა დიდ ეჭვს იწვევს.“

ლეგენდარულმა მირზაანელმა პრიმიტივისტმა „შავი ლომი“ თბილისში, 1911 წელს, ორთაჭალის ბაღში მდებარე, სამიტიკნო „ელდორადოს“ მფლობელ ტიტევიჩის თხოვნით დახატა. აქვე დაასრულა ნიკო ფიროსმანმა მისი კიდევ ორი ცნობილი ტილო -„ორთაჭალის ტურფები“ და „ჟირაფი“.

მოგვიანებით თბილისის სხვადასხვა სამიტიკნოების მფლობელებისგან, სადაც კი ნიკალას ოდესმე უმუშავია, ფიროსმანის ნახატები ფრანგმა მხატვარმა მიშელ ლე დანტიუმ და ძმებმა ზდანევიჩებმა შეაგროვეს და გამოისყიდეს.

დღეისათვის, ფიროსმანის სურათების ძირითადი ნაწილი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული, თუმცა კერძო კოლექცებში მიმოფანტული მისი შედევრები, მაინც ხვდება ხოლმე საზოგადოების ყურადღების ქვეშ.

2007 წელს, უცნობმა მყიდველმა, სოთბის აუქციონზე, მილიონ 600 ათას დოლარად იყიდა ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“, რომელიც მანამდე ფრანგი პოეტისა და პოლიტიკოსის ლუი არაგონის კერძო კოლექციაში ინახებოდა.

2011 წლის აპრილში კი პოლიციამ საქართველოდან ფიროსმანის სურათის „კახური ღვინოს“ გატანის ფაქტი აღკვეთა. რითი დასრულდება დავა ნიკალას „შავი ლომისთის“ ჯერჯერობით, ბოლომდე ნათელი არ არის.

XS
SM
MD
LG