ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოხდება თუ არა სახალხო ამბოხება საუდის არაბეთში?


მოხდება თუ არა სახალხო ამბოხება საუდის არაბეთში?
მოხდება თუ არა სახალხო ამბოხება საუდის არაბეთში?

უცხოური პრესის მიმოხილვა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს ეთმობა

უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ რეჩელ ბრონსონის სტატიით სათაურით „რამდენად შესაძლებელია ის, რომ ახლო აღმოსავლეთის შემდეგი სახალხო ამბოხება საუდის არაბეთში მოხდეს?“ რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ 25 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„ტუნისი. ეგვიპტე. იემენი. ბაჰრეინი. ახლა კი სახალხო ამბოხება და ძალადობა ლიბიაში. გახდება თუ არა საუდის არაბეთი შემდეგი?

თვით რევოლუციის ცნება საუდის არაბეთის სამეფოში წარმოუდგენლად გვეჩვენება. მაგრამ, ‘ფეისბუქზე’ გახსნილი გვერდი სამეფოს მოსახლეობას მოუწოდებს 11 მარტს დაგეგმილ ‘რისხვის დღის’ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღოს. საუდის არაბეთის თვალსაჩინო მოღვაწეები პოლიტიკური და სოციალური რეფორმების ჩატარებას ითხოვენ. ამასობაში მხცოვანი მონარქი მეფე აბდულა ქვეყანაში არეულობის თავიდან აცილების მიზნით მოსახლეობას ახალი ეკონომიკური დახმარების პაკეტს დაპირდა.

შეერთებულ შტატებს საუდის არაბეთში ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესები გააჩნია, თუმცა ამერიკელები სამეფოს წარმომადგენლებს ხშირად ზიზღით უყურებენ. როგორც ერთმა მაღალჩინოსანმა საუდის არაბეთის მთავრობის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, ‘რა აქვს საერთო შეერთებულ შტატებს ქვეყანასთან, სადაც ქალებისთვის ავტომანქანების ტარება აკრძალულია, ყურანმა კონსტიტუცია შეცვალა და თავის მოკვეთა ხშირია?’ ეს ძალიან რთული კითხვა გახლავთ, მაგრამ მოკლე პასუხი გეოპოლიტიკას უკავშირდება და აგრეთვე იმას, რომ ჩვენ ამერიკაში განათლებულ საუდის არაბეთის ლიბერალურ ელიტას ვიცნობთ და ჩვენ ის მოგვწონს.

ვაშინგტონს საუდის არაბეთის მონარქიის დაცემა არ სურს. ობამას ადმინისტრაციას იმედი აქვს, რომ დროის განმავლობაში მონარქია შეიცვლება და სამეფოში სახელმწიფო მართვის უფრო ეფექტური და წარმომადგენლობითი სისტემა დამკვიდრდება, რომელიც ლიბერალურ პოლიტიკასა და კანონებს გაატარებს. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რევოლუციების შედეგად შეიძლება გამარჯვებულები აღმოჩნდნენ ისინი, ვისი წარმატებაც ჩვენ არ გვაწყობს.“

მიმოხილვას ვაგრძელებთ ბრეტ სტივენსის სტატიით სათაურით „სად არის არაბი ჯორჯ ვაშინგტონი?“ რომელიც გაზეთ „უოლ სტრით ჯორნალში“ 1 მარტს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„წარმატებულ რევოლუციებს წინდახედული ლიდერები უძღვებიან. სწორედ ასე მოხდა ჯორჯ ვაშინგტონის ან მანდელას შემთხვევაში. ისინი ხომ დამსახურებული და უბადლო მორალური რეპუტაციით სარგებლობდნენ. სამართლიან ფასეულობებში გამობრძმედილებმა მათ ხომ არა მხოლოდ მოწინააღმდეგენი დაამარცხეს არამედ მხარდამჭერთა შორის ვნებათაღელვის ჩაწყნარება შესძლეს.

კარგი იქნებოდა იმის დაჯერება, რომ ამგვარი პოლიტიკური მოღვაწეები თავისით გამოჩნდებიან. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ეგვიპტეში ინტერნეტ საძიებო კომპანია ‘გუგლის’ თანამშრომელმა უაელ გონიმმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. მაგრამ სამარადისო პოლიტიკურ პრობლემად რჩება ის გარემოება, რომ კეთილსინდისიერ ხალხს, როგორც წესი, პოლიტიკური ამბიციები არ უჩნდებათ. ისინი ასპარეზს თაღლითებს, რომანტიკოსებსა და ტურებს უთმობენ.

ამერიკელები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან და ბუნებრივია, რომ მათი სიმპატიები დემონსტრანტების მხარეზეა. არანაკლებ ბუნებრივია ის შეხედულებაც, რომ ის სახალხო მოძრაობები, რომელიც უკეთესი ცხოვრების იმედით გაღვივებული დაჩაგრული ხალხისგან შედგება, როგორც წესი, ამ ხახლის მიმართ ანგარიშვალდებული მთავრობების არჩევით მთავრდება. შეიძლება ჩვენ სწორედ ამგვარი შედეგიც მივიღოთ.“

XS
SM
MD
LG