ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სად არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი?“


„სად არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი?“
„სად არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი?“

უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ მარკ თისენის სტატიით სათაურით „სად არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი?“ რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ 28 მარტს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„როცა რონალდ რეიგანმა, შეერთებული შტატების ბოლო პრეზიდენტმა, რომელმაც ლიბიის დაბომბვის ბრძანებგა გასცა, ტრიპოლის ცაში სამხედრო ოპერაციები დაიწყო, მან ერს ოვალური ოფისიდან მიმართა. როცა ჯორჯ ბუშ უფროსმა პანამაში, სპარსეთის ყურესა თუ სომალიში სამხედრო ოპერაციების ბრძანებები გასცა, მან ერს სიტყვით მიმართა. გამონაკლისს არც ბილ კლინტონი წარმოადგენდა, როცა მან ერაყში, ავღანეთში, სუდანსა თუ იუგოსლავიაში სამხედრო იერიშების ბრძანება გასცა. წინამორბედთა მაგალითს მიჰყვა ჯორჯ ბუშ უმცროსმაც, როცა მან ავღანეთსა და ერაყში სამხედრო ოპერაციების დაწყების შესახებ ხალხს აცნობა.

უკვე 10 დღე გავიდა მას შემდეგ რაც ლიბიაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო და მხოლოდ ორშაბათს საღამოს ბარაკ ობამამ ჩათვალა საჭიროდ პირდაპირ მიმართოს ამერიკელ ხალხს მისი ბრძანებით დაწყებული სამხედრო მოქმედებების შესახებ. ობამამ უფრო მეტი დრო და ძალისხმევა დახარჯა გაეროსა და არაბულ სახელმწიფოთა ლიგის მხარდაჭერის მოსაპოვებლად ვიდრე ამერიკელი ხალხისა ან კონგრესში მისი წარმომადგენლების. რა მივიღეთ ჩვენ შედეგად? გასულ კვირას ჩატარებულმა გალაპის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ ცხადყო, რომ ლიბიაში ობამას სამხედრო ჩარევას ამერიკელთა მხოლოდ 47 პროცენტი ემხრობა, რაც ბოლო 30 წლის მანძილზე შეერთებული შტატების სამხედრო კამპანიის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის ყველაზე დაბალ დონეს წარმოადგენს. ეს კი სულაც არ არის გასაკვირი. პრეზიდენტს ხომ სამხედრო მოქმედებების დაწყების მიზეზი, მისიის ამოცანები და შესაძლო შედეგები ამერიკელი ხალხისთვის არ აუხსნია.

თანამედროვე ისტორიაში ობამა შეიძლება პიველი პრეზიდენტი და მთავარსარდალი აღმოჩნდეს, რომელმაც ამ თანამდებობასთან დაკავშირებული კიდევ ერთი წოდება - თავისუფალი სამყაროს ლიდერის წოდება - ნებაყოფლობით დათმო. მან ხომ არა მხოლოდ ეს წოდება დათმო, მან ეს წოდება ფრანგებს დაუთმო, რაც ნამდვილად წარმოუდგენელია.“

მიმოხილვის დღევანდელ გამოშვებას ვასრულებთ როს დუთატის სტატიით სათაურით „ომი ყოველგვარი სხვა სახელწოდების გარეშე,“ რომელიც გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში“ 27 მარტს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„რაც არ უნდა დავარქვათ ლიბიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს, შეერთებული შტატები ომში ჩაერთო, რაც თავის თავად ბევრ მნიშვნელოვან კითხვას ბადებს, რომლებზეც პრეზიდენტმა პასუხი უნდა გასცეს.

რა არის ჩვენი სამხედრო ამოცანა? გაეროს რეზოლუციის თანახმად, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, დაშვებულია მხოლოდ საჰაერო ძალის გამოყენება სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად თუ მას კადაფის მომხრე ძალებისგან ‘თავდასხმის საფრთხე ემუქრება.’ მაგრამ ჩვენ ამ მანდატს ძალიან ლიბერალურად ვხსნით. ჩვენმა საჰაერო იერიშებმა მეამბოხეებს კონტრ-შეტევის უფლება მისცა, მაგრამ კონტრ-შეტევის წარმატება შემდგომ საჰაერო მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული.

შეგვიძლია თუ არა მისიის მართვა სხვებს გადავაბაროთ? ოფიციალურად ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია ერაყში სამხედრო ჩარევაზე ბევრად უფრო მრავალმხრივია. მაგრამ, როგორც ჟურნალ ‘ფორეინ პოლისის’ თანამშრომელი ჯოშ როგინი აღნიშნავს, როცა ლაპარაკია პირდაპირ სამხედრო მხარდაჭერაზე, ლიბიის ომში მონაწილე ქვეყნების კოალიცია ‘ცივი ომის დასრულებიდან მოყოლებულ ყველა სხვა მნიშვნელოვან მრავალმხრივ ოპერაციაზე’ მცირეა.

უშლის თუ არა ლიბია ამერიკის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვას? კადაფის ძირგამომპალი რეჟიმის წინააღმდეგ ომის წარმართვის ფონზე ჩვენი მტრები სირიაში დემონსტრანტებს ესვრიან, ჩვენი მოკავშირეები საუდის არაბეთში დისიდენტებს ახშობენ, იემენის მთავრობას დამხობა ემუქრება, ისრაელში ძალადობის ტალღა აგორდა, და მუსლიმთა საძმო ეგვიპტელ სამხედროებთან ალიანსის შექმნისკენ იღწვის. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენ ერაყის ოკუპაცია არ დაგვიმთავრებია, ავღანეთში მეამბოხეებს ვებრძვით და ირანის შეკავებას ვცდილობთ.

გასულ კვირას ჟურნალ ‘ატლანტიკ მონსლის’ თანამშრომელმა ჯეფრი გოლდბერგმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ის ცხელი წერტილები დაასახელა, რომელიც ‘ამერიკის უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს ვიდრე ლიბია.’ შედეგად მის ცხრილში ექვსი ასეთი წერტილი აღმოჩნდა, ავღანეთ-პაკისტანის, ირანის, ერაყის, იემენში ალ ყაიდას თავშესაფრების, პოსტ-მუბარაქის ეგვიპტესა და ისრაელ-პალესტინური კონფლიქტის ჩათვლით.“

XS
SM
MD
LG