ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩვენ დავარბილეთ - ირაკლი კობახიძე "ხალხის ძალის" კანონზე


მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ერთის მხრივ ამბობს, რომ არ გამოდგება "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") დამცველად, თუმცა მეორე მხრივ, ის აღნიშნავს, რომ "უფრო რბილია", ვიდრე "მისი ამერიკული ვარიანტი". ამის შესახებ მას ჟურნალისტებმა პარლამენტში დაუსვეს კითხვა.

"ჩვენ დავარბილეთ და ყველაფერი საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი.

შეიძლება ნედ პრაისს რუსული კანონი წაკითხული აქვს, შეიძლება ის ამით დაინტერესდა - მე რუსულ კანონებს ნამდვილად არ ვკითხულობ.

ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია
თქვა ნედ პრაისმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა

თუ საუბარია იმაზე, რომ ეს კანონი ამერიკულ კანონს არ ჰგავს, უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს. ამ ეტაპზე ამ კანონის დამცველად ვერ გამოვდგები, რადგან ჩვენ ამ კანონის გარშემო ჯერ პოზიციაც არ გვაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ რაც შეეხება შედარებას, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი", - ამბობს ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა" (არ იგულისხმება რეკლამა).

ვინ იგულისხმება "უცხო ძალაში":

  • სხვა სახელმწიფო ხელისუფლების სისტემების შემადგენელი ნაწილები;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეები;
  • იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოში;
  • ორგანიზაციები, მათ შორის ფონდები, რომლებიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში. რეგისტრაციისას აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ამ ორგანიზაციებს აქვთ ვალდებულება, საფინანსო დეკლარაცია ყოველწლიურად შეავსონ.

კანონპროექტი, თუ კანონად იქცა, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას მიანიჭებს ჩაატაროს კვლევა. "უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდების" ან დეკლარაციის არშევსებისთვის ორგანიზაცია 25 ათასი ლარით დაჯარიმდება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG