ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური "ვენდეტის" აღმოფხვრისკენ მოუწოდებს


ევროპარლამენტის რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის შესახებ
ევროპარლამენტის რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის შესახებ

ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც 15 თებერვალს მიიღეს, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა პოლიტიკური პოლარიზაციის მადემონსტრირებელი საქართველოში. მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროპარლამენტში არსებობს „ჯგუფი“, რომელიც საქართველოს დაზიანებას ცდილობს. რეზოლუციის მხარდაჭერას ევროპარლამეტართა დიდი რაოდენობის მიერ კი იმით ხსნიან, რომ ისინი "შეცდომაში არიან შესული მცდარი შინაარსის დოკუმენტებით".

რეზოლუცია ევროპარლამენტის ერთდროულად ხუთმა პარტიამ დააინიცირა. ესაა ევროპის სახალხო პარტია, სოციალ-დემოკრატიული პარტია, ახალი ევროპის პარტია, მწვანეთა პარტია, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმების ჯგუფის პარტია. რეზოლუციის ძირითად ტექსტს მხარი 636 -დან 577-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა (წინააღმდეგი 33). მის შესწორებას კი, რომელიც უშუალოდ ბიძინა ივანიშვნილის დასანქცირების აუცილებლობასა და საჭიროებას ასაბუთებს, ხმა 362 დეპუტატმა მისცა (წინააღმდეგი 121). ის ევროპის სახალხო პარტიამ დააინიცირა.

ევროპარლამენტის რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის შესახებ
ევროპარლამენტის რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის შესახებ

რეზოლუციის ტექსტით, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალონ და გაათავისუფლონ. მასში აღნიშნულია, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და პიროვნული ღირსებები უნდა იყოს აღიარებული და რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივას. „საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს რეფორმებსა და წინსვლაზე. ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებით არსებული ვითარება ლაკმუსის ტესტია საქართველოს მთავრობისთვის წარმოაჩინოს დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულება,“- ნათქვამია დოკუმენტში.

რეზოლუციაში განხილულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდომარეობის დეტალები, მისი წონის კლებისა და ამგვარი მდგომარეობის შენარჩუნების შემთხვევაში, პერსპექტივის საკითხები. აღნიშნულია მძიმე მეტალებით მოწამვლის შესახებაც. ნათქვამია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობა და აქვს ვალდებულება მიაწოდოს ადექვატური მკურნალობა.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტსაც, გამოიყენოს შეწყალების ბერკეტი და გაათავისუფლოს სააკაშვილი. ეს აქტი ხელს შეუწყობს პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას - მიიჩნევენ ევროპარლამენტარები.

რეზოლუციის შესწორებულ ნაწილში ნათქვამია, რომ „ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვნილმა ფუნდამენტური როლი ითამაშა სააკაშვილის დაკავებაში, რაც იყო მისი პირადი ვენდეტის ნაწილი, ამიტომ ევროპარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას, ევროპის საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ბატონი ივანიშვნილისადმი სანქციების დაწესების საკითხი, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო“.

„ვიხილეთ რამოდენიმე აბსურდული რეზოლუცია, რომელიც საერთოდ სიმართლეს არ შეესაბამება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, 2012 წლიდან მოყოლებული ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაცია. მათი თითოეული განცხადება არის აბსურდზე, სიცრუეზე, დეზინფორმაციაზე დაფუძნებული. თუ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ის, რომ არ მისცენ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, დაიტოვონ თავისთვის,“- განაცხადა კახი კალაძემ, თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებთან.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ანა ნაცვლიშვილმა, პარლამენტის წევრმა „ლელოდან“ განაცხადა, რომ მათი პოლიტიკური პარტია მხარს უჭერს სააკაშვილის გათავისუფლებას. „ძნელად წარმოსადგენია, რომ ქვეყანას, რომლის რეალური მმართველისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს ევროპარლამენტი, ევროკავშირის კარი გაუხსნან. რეზოლუციაში კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ივანიშვნილი, ან ევროკავშირი. ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ერთი მუჭა ხალხი, ან დემოკრატიული რეფორმები. ესაა ის არჩევანი, რომლის წინაშე საქართველო და ქართველი ხალხი დგას,“- გვეუბნება ანა ნაცვლიშვილი.

ევროპარლამენტის რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის შესახებ
ევროპარლამენტის რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის შესახებ

პოლიტიკოსები ოპოზიციიდან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეზოლუციის გაუთვალისწინებლობა უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის წევრობაზე განხილვის პროცესში. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტის შინაარსის განხილვაში ნაკლებად შედიან. მას მთლიანად დეზინფორმაციის შედეგად წარმოადგენენ. „ევროპარლამენტის რეზოლუციები საქართველოსთან მიმართებით იქცა დეზინფორმაციისა და საქართველოზე თავდასხმის წყაროდ, რაც ძალიან სამწუხაროა. რეზოლუციაში ძალიან ბევრი უზუსტობაა. ერთ-ერთია მათგან სააკაშვილის დაკავების საფუძველი. გარკვეული ჯგუფი ევროპარლამენტში ცდილობს საქართველოს დაზიანებას იმ მიზნით, რომ სააკაშვილი ციხიდან დაიხნსნან... ერთადერთი, რაშიც ვეთანხმები რეზოლუციას, არის ის, რომ სააკაშვილის საქმე ნამდვილად ლაკმუსის ტესტია იმის საჩვენებლად, თუ ვინაა საქართველოს მეგობარი და ვინ სააკაშვილის მეგობარი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტმა რეზოლუცია გასული წლის 14 დეკემბერსაც მიიღო, რომელშიც საუბარი იყო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესებისა და მომეტებული გავლენების აღმოფხვრის თაობაზე. ის ეხებოდა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვნილის გადაჭარბებულ გავლენებს პოლიტიკაში. შესწორების სახით კი მისი სანქცირების შესახებ საკითხი შევიდა.

ევროპარლამენტის კიდევ ერთი რეზოლუცია გასული წლის 9 ივნისსაც იქნა მიღებული. მასში ასევე საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოში გაუარესებული დემოკრატიული გარემოს თაობაზე, ჟურნალისტების მიმართ ზეწოლისა და ნიკა გვარამიას დაკავების თაობაზე. რეზოლუცია მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას შეემცირებინა აგრესია და დისკრიმინაციული მოპყრობა მედიის მიმართ.

ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციების დინამიკა აჩვენებს, რომ საქართველოსთან მიმართებით პრობლემური საკითხების ჩამონათვალი ხშირად ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა მათი სიმძიმის ხარისხი მატულობს.

XS
SM
MD
LG