დღეს ძალაში შევიდა ახალი მექანიზმი, რომელიც ბრიტანეთს, საფრანგეთს და გერმანიას, ამერიკული სანქციების გვერდის ავლით, ირანთან საქმის წარმოების საშუალებას მისცემს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკამ დატოვა 2015 წელს ირანთან დადებული საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც ევროპის კავშირი ემხრობა.
სამი ქვეყნის ინიციატივით, საგანგებო უწყება შეიქმნა, სახელად "ინსტექსი". სახელი ითარგმნება როგორც - სავაჭრო ოპერაციების დამხმარე ინსტრუმენტი (INSTEX - Instrument in Support of Trade Exchanges).
უწყება საფრანგეთში დარეგისტრირდა. მის მართვას საკუთარ თავზე გერმანია იღებს, დაფინანსება კი ბრიტანეთთან ერთად, სამივე ქვეყნიდან მოხდება. ვაშინგტონის მიერ ირანზე დაწესებული სანქციების მიუხედავად, ევროპის კავშირის ქვეყნები ამ უწყების საშუალებით თეირანთან ვაჭრობას გააგრძელებენ. უწყებას მხარს უჭერს ევროკავშირის 28 წევრი.
შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისინი თვალს ადევნებენ მიმდინარე მოვლენებს. გერმანიაში შეერთებული შტატების საელჩოს პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა გარკვევით თქვა, რომ ის, ვინც ირანთან ივაჭრებს, ძალიან რისკავს და შესაძლოა შეერთებულ შტატებში ფინანსურ სისტემაზე წვდომა და ამერიკასთან საქმის წარმოების შანსი დაკარგოს.
Facebook Forum