ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკაშენკო ავტოკრატია-ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს აფასებს


ბელარუსის მოქმედმა, არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, საპრეზიდენტო ფიცი მალულად, საპროტესტო აქციებისა და დასავლეთისგან მწვავე კრიტიკის ფონზე დადო. ფიცის დადება ბოლო 26 წლის განმავლობაში მან მეექვსედ შეძლო, თუმცა, ახლა ჩნდება კითხვა, შეინარჩუნებს თუ არა ამჯერად ლუკაშენკო საპრეზიდენტო სკამს?

ტომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, „ამერიკის ხმის“ რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ლუკაშენკო ავტოკრატია: „საკუთარი თავის ინაუგურაცია, პირდაპირი მნიშნელობით ავტოკრატიაა, ეს საკმაოდ სასაცილოა. ჩემთვის ისიც ძალიან სასაცილოა, რომ ეს ყველაფერი ჩუმად ჩატარდა... ეს აჩვენებს როგორი მასხარა პიროვნებაა, თავად ლუკაშენკო“.

ლუკაშენკოს ფიცის დადების ღონისძიებას ათობით ადამიანი ესწრებოდა, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო, რომ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართებოდა. სპეციალურად ინაუგურაციისთვის მინსკში ქუჩები გადაკეტეს და ვითარებას სამართალდამცავები აკონტროლებდენ.

ფოტო და ვიდეო მასალა ღონისძიებიდან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა გამოცემებმა და ტელეკომპანიებმა მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელეს, რაც ცერემონია დასრულდა. თუმცა, კანონი ბელარუსში სახელმწიფო არხებს ავალდებულებს ცერემონიის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები, 9 აგვისტოს ჩატარდა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ხმათა 80% ლუკაშენკომ, 10% კი სვიატლანა ციხანუსკაიამ, ოპოზიციის ლიდერმა მიიღეს. სწორედ ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები და ხალხის უკმაყოფილება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ლუკაშენკომ არჩევნები გააყალბა და ის ქვეყნის არალეგიტიმური პრეზიდენტია.

საპროტესტო აქციებში მონაწილეები იმღამესვე და შემდეგ კიდევ რამდენჯერმე, ლუკაშენკოს ბრძანებით, დაარბიეს. ათასობით ადამიანი კი დააკავეს. გარდა ამისა, ლუკაშენკოს რეჟიმი აშინებდა და ზეწოლას ახდენდა ოპოზიციის ლიდერ ქალებზე. სვიატლანა ციხანუსკაიას და ვერონიკა ცეპკალას ჯერ შვილების გახიზვნა მოუწიათ ქვეყნიდან, შემდეგ კი თავადაც იძულებულები გახდნენ, რომ ქვეყანა დაეტოვებინათ. მარია კოლესნიკოვა ჯერ გაიტაცეს, შემდეგ კი დააპატიმრეს. ემუქრებოდნენ მწერალ სვეტლანა ალექსიევიჩსაც, რომლის დაცვაც ევროკავშირის ელჩებს მოუხდათ. თუმცა, ეს ლუკაშენკოს მთავრობის მიერ ჩადენილი საქმეების სრული ჩამონათვალი არ არის.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ხალხი ქუჩებიდან ქრება და მათ შესახებ არავინ არაფერი იცის. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე, საარჩევნო კამპანიის დროსაც, ოპოზიციონერებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაკავება, ლუკაშენკოს მთავრობისთვის გამოცდილი მეთოდი იყო. მათ ოპოზიციის ორი ლიდერი, ვიქტორ ბაბარიკა და სერგეი ციხანუსკი დააკავეს, ხოლო ვალერი ცეპკალას, ყოფილ ელჩს ამერიკასა და მექსიკაში, არ მისცეს უფლება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. მოგვიანებით, ცეპკალაც იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა შვილებთან ერთად.

სწორედ ამგვარი მიდგომების გამო, სვიატლანა ციხანუსკაია, ოპოზიციის ლიდერი, ითხოვს, რომ ლუკაშენკოზე და ყველა იმ პირზე, ვინც დარბევებსა და დაკავებებშია დამნაშავე, დაწესდეს სანქციები. ევროკავშირი აპირებდა კიდეც ლუკაშენკოსთვის სანქციების დაწესებას, თუმცა, კვიპროსმა ეს წინადადება დაბლოკა, ვიდრე ევროკავშირი არ გადაწყვეტს თურქეთ-კვირპროსს შორის დაპირსპირების საკითხს. ტომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ამბობს, რომ ერთი წევრის მიერ, საკუთარი პრობლემების გადაჭრის სანაცვლოდ, სხვა წინადადების დაბლოკვა, ევროკავშირში, ხდება ხოლმე. ყოფილი პრეზიდენტი თვლის, რომ ახლაც სწორედ ეს შემთხვევაა, მისი აზრით, კვიპროსი აზრს არ შეიცვლის და დაბლოკავს სანქციების წინადადებას, ვიდრე იმას არ მიიღებს, რაც სურს. „ზოგადად, კვიპროსში, რუსეთის საკითხის გათვალისწინებით, ამბობენ, რომ არსებობს სხვა ასპექტებიც [სანქციების წინადადების დაბლოკვის მიზეზად], თუმცა ამ ნაწილის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს“.

ამ დრომდე, სანქციები არ დაუწესებია არც ამერიკას, თუმცა, ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და კანადამ სანქციები ბელარუსში ინდივიდუალურ პირებს დაუწესონ. სააგენტო “როიტერის” ცნობით, საქმეში ჩახედულმა ექვსმა წყარომ თქვა, რომ ქვეყნების სანქციების დაწესებას მათი შეხედულებით გაყალბებული არჩევნების და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის გამო გეგმავენ. მათ თქვეს, რომ სანქციების მიზანი იმის ჩვენებაა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა ბელარუსში ჩატარებულ საკამათო არჩევნებს და დემონსტრანტებისადმი მოპყრობას, შესაძლოა შედეგები მოჰყვეს.

საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ, თუ საჭირო გახდებოდა, სიტუაციის გასაკონტროლებლად და დემონტრანტების დასაშლელად, რუსეთს მიმართავდა დასახმარებლად. არჩევნების შემდეგ, პუტინმა და ლუკაშენკომ რამდენჯერმე ტელეფონით ისაუბრეს, შემდეგ კი სოჭში შეხვდნენ, სადაც პუტინმა ლუკაშენკოს თავისი მხარდაჭერა გამოუცხადა.

შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ პუტინი, ლუკაშენკოს 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს გამოუყოფს. ასევე, სთავაზობს აქამდე არსებული სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციას; საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ძალების ბელარუსში განთავსებას და რუსი მედესანტეების მონაწილეობით, ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, სახელწოდებით „ სლავური ძმობა.“

ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, პუტინის მიერ, ბელარუსის მხარდაჭერის თემაზეც ისაუბრა. „ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე, აქვს თუ არა დასავლეთს რაიმე ბერკეტი, რომ აიძულოს მოსკოვი, მხარი აღარ დაუჭიროს ბელარუსს, ყოფილმა პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „არ მგონია, რომ ეს ასეა. ვფიქრობ, მოსკოვი ახლა, როგორც მინიმუმ იმ თვითშეფასებით, რომ ის უზომოდ გავლენიანი ქვეყანაა და მას უდიდესი როლის აქვს მსოფლიოში, არავის მისცემს უფლებას, რომ „მიაწვნენ“. ვფიქრობ, რომ თუ მოგვარების საკითხი არსებობს, მაშინ ეს ბელარუსის შიგნით მოხდება. პარალელურად, დასავლეთი და საერთაშორისო ორგანიზაციები აგრძელებენ ოპოზიციის ლიდერ სვიატლანა ციხანუსკაიასთან ერთად მუშაობას. ციხანუსკაია თვლის, რომ ბელარუსის საკითხი, ამ ეტაპზე მხოლოდ ბელარუსმა ხალხმა ქვეყნის შიგნით უნდა გადაწყვიტოს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG