ეგვიპტეში მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე მუსლიმთა საძმოს პოლიტიკური კამპანიის წარმართვა უჭირს
ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნების პირველ რაუნდამდე სულ რამდენიმე დღეღა დარჩა და უფლებადამცველი ჯგუფები გამოთქვამენ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ უშიშროების სამსახურები ოპოზიციის წევრებზე ზეწოლას ახდენენ. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ელიზაბეთ არნოტი ეგვიპტიდან იუწყება, დაშინების მსხვერპლთა სიაში მუსლიმთა საძმოს წევრებიც აღმოჩნდნენ. საერთო მღელვარებამ მიაღწია ისეთ დონეს, რომ საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, ეგვიპტეს მეორე ქალაქის ალექსანდრიის სასამართლომ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საპარლამენტო არჩევნები იქ არ გაიმართება.
ბოშრა ალ სამანის კეთილი სახე აქვს. გაცნობის შემდეგ მას ბევრი მოთმინება ეტყობა, რომელიც მან მასწავლებლის ხანგრძლივი კარიერის შედეგად შეიძინა. მას განსაზღვრული აქვს გახდეს შემდეგი კანონმდებელი ქალაქ ალექსანდრიიდან. მაგრამ ეგვიპტელ ამომრჩევლებს მისი გაცნობა გაუჭირდებათ რადგან მისი პოლიტიკური კამპანიის პლაკატები უცნობმა პირებმა ქალაქის კედლებიდან ჩამოხსნეს. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირებისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებშიც გავრცელებული ცნობების თანახმად პოლიციელები შედიან, მუსლიმთა საძმოს წევრი დამოუკიდებელი კანდიდატების პლაკატებს განგებ ანადგურებენ.
ალ სამანი კანონის მოთხოვნების თანახმად დარეგისტრირებული კანდიდატია, რომელსაც ეგვიპტის კონსტიტუციის მიხედვით საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება აქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მას ამ მსხვილ საპორტო ქალაქში სამწუხაროდ ფარულად გამოსვლა უხდება. მისი მეგაფონით შეიარაღებული მომხრე ქარხნიდან სამუშაო ცვლის ბოლოს გამოსულ მუშებს უხსნის იმას თუ როგორ უნდა ამოიცნონ ისინი ბოშრა ალ სამანის სახელი საარჩევნო ბიულეტენში. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ რადგან ეგვიპტეში მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი წერა-კითხვის უცოდინარია. თვით კანდიდატი აქტიურად განმარტავს საკუთარ დამოკიდებულებას ისეთი საკითხების მიმართ როგორიც არის ადამიანის უფლებები, განათლება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა.
საკუთარი საარჩევნო კამპანიის წარმართვისას ბოშრა ალ სამანის ყოველ ადგილას გაჩერება მხოლოდ ხანმოკლე პერიოდით თუ შეუძლია რადგან უფრო დიდი ხნით დარჩენა სარისკოა უშიშროების სამსახურის მუდმივი ზეწოლის გამო.
ალ სამანის მიაჩნია, რომ მას სხვებთან შედარებით იღბალმა გაუღიმა.
კანდიდატი აღნიშნავს, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ალექსანდრიასთან ახლომდებარე დელტის რეგიონში უშიშროების ძალებმა საარჩენო კამპანიასთან დაკავშირებული მიტინგი დაარბიეს. დარბევის შედეგად დაშავდა ბევრი აქტივისტი და ზოგი მათგანი ციხეშიც აღმოჩნდა.
იმავე დღეს ქაიროში მუსლიმთა საძმოს ცნობილმა წევრმა საად კატანიმ პრეს კონფერენციაზე გამოსვლისას მთავრობის რეპრესიები საჯაროდ დაგმო. რამდენიმე საათის შემდეგ კი როცა კატანი ქაიროს სამხრეთით მდებარე რაიონში მანქანით მგზავრობდა მას დანებითა და ჯაჭვებით შეიარაღებული უცნობი პირები დაესხნენ თავს. შედეგად დაშავდა მძღოლი მაგრამ კატანი თავდასხმას გადაურჩა.
ოთხშაბათს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ჰიუმან რაითს ვოტჩმა“ გამოაქვეყნა ანგარიში რომელშიც ნათქვამია, რომ იმ რამდენიმე კვირის მანძილზე, რომელიც 28 ნოემბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს წინ უძღვოდა, ეგვიპტის მთავრობამ ბევრი ოპოზიციის კანდიდატი და აქტივისტი დააშინა და დაუსაბუთებლად დააპატიმრა. უფლებადამცველი ჯგუფი აღნიშნავს, რომ უშიშროების ძალებმა დააკავეს მუსლიმთა საძმოს ასობით წევრი, რომლებიც მოსახლეობაში პროკლამაციებს ავრცელებდნენ ან საჯარო ადგილებში პოლიტიკური კამპანიის ამსახველ პლაკატებს აკრავდნენ. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტეში მუსლიმთა საძმოს წევრობა კანონით დაშვებულია, მაგრამ ვინაიდან ამ ორგანიზაციის პლატფორმა ისლამს უკავშირდება კონსტიტუციით ის როგორც პოლიტიკური პარტია იკრძალება. მისი წევრები მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატებად იყრიან კენჭს.
ეგვიპტის მმართველი ეროვნული დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა აბდ ალ ჰაი ებეიდმა განაცხადა, რომ „ჰიუმან რაითს ვოტჩის“ ანგარიში „წმინდა ცილისწამებას“ წარმოადგენს.
მისი თქმით, ანგარიში ეგვიპტის მთავრობას უსამართლოდ ადანაშაულებს. მას ქუჩებში ხშირად უხდება გასვლა და ამდენად ანგარიშში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. აბდ ალ ჰაი ებეიდს მიაჩნია, რომ უფლებადამცველი ჯგუფი ამგვარ საქმეებში არ უნდა ერეოდეს. ხოლო რაც შეეხება დაშინების კერძო შემთხვევებს, მისი აზრით, კანდიდატები ხშირად უსიამოვნებას თვითონ იწვევენ.
ეგვიპტის მთავრობა გამუდმებით აცხადებს, რომ ქვეყანაში არჩევანი მმართველ ეროვნულ დემოკრატიულ პარტიასა და მისი წარმოდგენით მუსლიმთა საძმოს ექსტრემისტებს შორის მდებარეობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასული საუკუნის ეგვიპტელი ისლამისტების მაგალითი და გამოცდილება დღევანდელი ისლამისტი ტერორისტების და მეამბოხეების უმრავლესობას კვლავინდებურად შთააგონებს.
ამ მოსაზრებას ზოგიერთი დასავლელი დამკვირებელი იზიარებს. ამერიკის ხმაში ცოტა ხნის წინ გამართული დისკუსიის დროს ეგვიპტეში ამერიკის ყოფილმა ელჩმა ედვარდ ვოლკერმა ეგვიპტის მუსლიმთა საძმო, რომელმაც ექსტრემიზმი ათწლეულების წინ უარყო, ღაზას სექტორში გამაგრებულ მოძრაობა ჰამასს შეადარა. როგორც ცნობილია, პოლიტიკური ძალადობა მოძრაობა ჰამასის ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენს.
„მე არ მჯერა, რომ ისინი დემოკრატიას ემხრობიან. ვფიქრობ, რომ ღაზას სექტორში ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ იმას თუ როგორ მოიქცევა მუსლიმთა საძმო იმ შემთხვევაში თუ ეს ორგანიზაცია მოიპოვებს უმრავლესობის სტატუსს ისეთ ქვეყანაში როგორიც არის ეგვიპტე,“ აღნიშნა ვოლკერმა.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში მუსლიმთა საძმოს მოსვლა ნაკლებად შესაძლებელია, ძალზედ მნიშვნელოვანია იმ სამართლებრივი დაბრკოლებების მოცილება, რომელიც ამ ორგანიზაციას ეგვიპტის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას ხელს უშლის, აღნიშნავს ამერიკელი ექსპერტი.
ამასობაში მუსლიმთა საძმო ეგვიპტის სოციალურ ცხოვრებაში მაქსიმალურ ინტეგრაციას ცდილობს. მუსლიმთა საძმო მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს იმის გამო, რომ ორგანიზაცია გაჭირვებულებს სამედიცინო უზრუნველყოფას, განათლებას და სასურსათო დახმარებას სთავაზობს. ამ ბოლო ხანებში მუსლიმთა საძმო დახმარებას არამუსლიმებსაც უწევს. ამ მიზნით ორგანიზაციის წევრებმა დაცვა ეგვიპტელ ქრისტიანებსაც აღუთქვეს მას შემდეგ რაც მათ ერაყელი ტერორისტები დაემუქრნენ.