ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრიპის ვირუსი საქართველოს და მის მეზობლებს უტევს


H1N1

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი საქართველოს მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მომდევნო კვირების მანძილზე, ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების ინტენსივობა, დიდი ალბათობით, მოიმატებს, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ამჟამად, H1N1 ვირუსი ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს.

ჯერჯერობით, გრიპის ვირუსით სიკვდილის მხოლოდ ერთი შემთხვევა აღინიშნა. პაციენტი ლანჩხუთის რაიონიდან თბილისში უმძიმეს მდგომარეობაში გადმოიყვანეს. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და იგი 14 იანვარს გარდაიცვალა. 2016 წლის პირველ თვეში, საქართველოს მასშტაბით, გრიპის ვირუსის დიაგნოზით, უკვე 9000-მდე პაციენტი აღირიცხა, ანუ ეს ნიშნავს რომ, ამ ეტაპზე, ყოველ 100 000 ადამიანზე ვირუსის 248 შემთხვევაა გამოვლენილი.

ექიმები განსაკუთრებით აფრთხილებენ ორსულებს, მოხუცებს, ბავშვებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს, რომ მოერიდონ მასიური თავშეყრის ადგილებს. მათი პროგნოზით, მომდევნო კვირებში, ვირუსის გავრცელების მატებას, არამდგრადი ამინდი და სასწავლო პროცესის განახლებაც შეუწყობს ხელს.

2016 წლის პირველ თვეში, საქართველოს მასშტაბით, გრიპის ვირუსის დიაგნოზით, უკვე 9000-მდე პაციენტი აღირიცხა, ანუ ეს ნიშნავს რომ, ამ ეტაპზე, ყოველ 100 000 ადამიანზე ვირუსის 248 შემთხვევაა გამოვლენილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი მოუწოდებს მშობლებს, რომ თუ კი ბავშვს, თუნდაც ერთი დღის განმავლობაში ექნება მაღალი ტემპერატურა (+38C და ზევით), დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ამბობს

„რაც ახლა გრიპია საქართველოში სუყველა არის H1N1. ანუ, თუ ადამიანს აქვს გრიპი ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მას აქვს H1N1-ის ვირუსი. სტატისტიკით, ჯერ მხოლოდ ნახევარია იმის, რაც შეიძლება ჩავთვალოთ, ზამთარში, ეპიდემიურ გავრცელებად. ახლა არის, დაახლოებით 250 შემთხვევა 100 000 ადამიანზე, ეპიდემიოლოგიურ ზღვარი საქართველოსთვის არის 500 და მეტი შემთხვევა 100 000 ადამიანზე.“

საქართველოსგან განსხვავებით, გრიპის ვირუსის გააქტიურების გამო, გაცილებით რთული მდგომარეობაა ახლო და შორეულ სამეზობლოში. ბოლო ორი თვის განმავლობაში სომხეთში გრიპის ვირუსით უკვე 14 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, ერთი საქართველოს მოქალაქე იყო, ჯავახეთის რეგიონიდან. იგი ჯერ გიუმრიში მკურნალობდა, შემდეგ ერევანში , სადაც 11 იანვარს გარდაიცვალა კიდეც.

„არმენპრესის“ ცნობით, ამჟამად რეანიმაციაში რჩება 100-მდე პაციენტი, ცხრა მათგანი ხელოვნული სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, 120-ზე მეტი დაავადებული კი ორსული ქალბატონია. თუმცა, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს ჯერ არ მიახლოებია.

ბოლო ორ თვეში, საქართველოს მოსაზღვრე, რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკებში, გრიპით გარდაცვალების 20-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 5 - დაღესტანში, 6 - ადიღეასა და 4 - ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე, კრასნოდარის მხარეში.

რთული სიტუაციაა ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც გუშინ ეპიდემიოლოგიური ზღურბლის გადალახვის გამო კარანტინი გამოცხადდა და გაურკვეველი ვადით, ყველა სასწავლო დაწესებულება და საბავშვო ბაღი დაიხურა. ვირუსი 3000-ზე მეტ ბავშვს აღენიშნა და ერთი მათგანი, სამწუხაროდ, კრიტიკულ მდგომარეობაშია. ვლადიკავკაზში ცდილობენ თავიდან აიცილონ, შარშანდელი სიტუაცია, როცა გრიპის ეპიდემიის დროს 13 ადამიანი დაიღუპა.

ურთულესი მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში, სადაც ბოლო სამ თვეში გრიპის ვირუსმა უკვე 47 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. არაოფიციალური ცნობებით კი ეს ციფრი 70-ს აჭარბებს. მათ შორის - 25 ადამიანი, 2016 წლის პირველ 19 დღეში გარდაიცვალა. გუშინ, კარანტინი გამოცხადდა სუმის, ჩერკასის, ხერსონის, ტერნოპოლის, ჟიტომირის, ასეევ ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპირებულ ოლქებში, აქ სასწავლო დაწესებულებები იანვრის ბოლომდე დაიხურა.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური ზღურბლი ქვეყანაში სავარაუდოდ, მომავალ კვირას გადაილახება. პანიკის გამო, უკრაინის აფთიაქებიდან გაქრა პრეპარატი „ტერაფლიუ“.

შვეიცარიული კომპანია „როშეს“ ეს პრეპარატი ცნობილი 2009 წლის გრიპის პანდემიის შემდეგ გახდა, როცა H1N1 ვირუსი მექსიკაში პირველად იქნა აღმოჩენილი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) მაშინ მხოლოდ ამ პრეპარატზე გასცა დადებითი რეკომენდაცია, რამაც მწარმოებელს მილიარდობით შემოსავალი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას კი მძაფრი კრიტიკა მოუტანა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, თუ რატომ უწოდეს 2009 წელს, ამ ვირუსს „ღორის გრიპი“ და რატომ არის შეცდომა დღეს ამ ტერმინის გამოყენება

„მაშინ როცა პირველად გამოვლინდა ეს ვირუსი, ანუ, როდესაც მან შეიძინა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პოტენციალი და ვირუსის პირველი გენეტიკური ანალიზი გაკეთდა, სპეციალისტებმა ახალი ვირუსის გენებში აღმოჩენილი გარკვეული ფრაგმენტი მიამსგავსეს, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გამოვლენილ, ღორის ვირუსის გენის ფრაგმენტს და მაშინ პირველად გაიჟღერა ტერმინმა - „ღორის ვირუსი“.

თუმცა, შემდეგ მალევე და საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს ვირუსი ღორთან დაკავშირებული არ იყო, გადადიოდა ადამიანიდან ადამიანზე. და იქედან გამომდინარე, რომ სეზონული გრიპის ვირუსიც არსებობდა a/H1N1-ის ფორმულით, იოლად რომ განესხვავებინათ, რომელ კონკრეტულ შტამზე იყო საუბარი, გამარტივებისთვის, ამიტომ შეარქვეს „ღორის გრიპი“. სინამდვილეში ღორებთან არანაირი კავშირი არ არსებობს.

დღეს, აღარავინ არ უწოდებს ამ ვირუსს ღორის გრიპს, ეს შემორჩა ალბათ, მხოლოდ საქართველოში. უბრალოდ აღინიშნება, რომ ეს არის a/H1 ყოფილი პანდემიური ვირუსი.“

საინტერესოა, რომ წინა კვირას აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციით მიმართა მოსახლეობას არ გაემგზავრონ მეზობელ ქვეყნებში და პარალელურად, გაამკაცრა ეპიდემიოლოგიური კონტროლი ქვეყნის აეროპორტებსა და სახმელეთო სასაზღვო პუნქტებში.

ოფიციალურმა ბაქომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ ირანში გრიპის ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა, 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, 121 ადამიანს მიაღწია. თურქეთში კი 2016 წლის იანვარში - გრიპით უკვე 8 ადამიანი დაიღუპა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიის (WHO) მონაცემებით, გრიპის სეზონი ოქტომბრიდან იწყება და აპრილამდე გრძელდება. ყოველ წელს, გრიპის ვირუსით მსოფლიოში 3 მილიონამდე ადამიანი ავადდება, აქედან, საშუალოდ, 500 000-მდე დაავადებული იღუპება.

იხილეთ WHO-ს პროგნოზი და საინფორმაციო ვიდეორგოლი გრიპის ვირუსის შესახებ http://www.euro.who.int/en/health-topics/communicable-diseases/influenza/news/news/2016/01/what-can-countries-expect-during-this-years-influenza-season და https://www.youtube.com/watch?v=yhhJfT86Bgg

კომენტარების ნახვა (3)

XS
SM
MD
LG