ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უარი კრემლს, თანხმობა კიევს - უკრაინა სკვითური ოქროს არტეფაქტებს იბრუნებს 


ჰოლანდიის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით „სკვითური“ ოქროს არტეფაქტები უკრაინაში დაბრუნდება და არა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში. გადაწყვეტილება მოსამართლემ მხარეების მიერ წარდგენილ არგუმენტებზე დაფუძნებით მიიღო.

მოსამართლე პაულინ ჰოფმეიჯერ-რუთენმა პროცესზე თქვა, რომ არტეფაქტებზე ანექსირებული ყირიმის ინტერესებს, კიევის ინტერესები აღემატება. სწორედ ამიტომ მოსამართლის გადაწყვეტილებით უძველესი ნამუშევრები ჰოლანდიის მუზეუმმა ოფიციალურ კიევს უნდა გადასცეს.

საუბარია იმ არტეფაქტებზე, რომელიც 2014 წელს ჰოლადიაში ყირიმიდან გამოსაფენად ჩაიტანეს, თუმცა რუსული აგრესიის შემდეგ ვითარება შეიცვალა და კრემლმა ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, მას შემდეგ სასამართლოში მიმდინარეობს დავა ვის გადაეცემოდა ჰოლანდიაში გამოფენილი ნამუშეხვრები.

მოსამართლე ჰოფმეიჯერ-რუთენის გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა.

„ჩვენ ყოველთვის ვიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია. სკვითური ოქროს დაბრუნების შემდეგ ჩვენ აღვადგენთ კონტროლს ყირიმზე,“- წერს ტვიტერში უკრაინის პრეზიდენტი,

ჰოლანდიის სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ კრემლში დუმილს ამჯობინებენ. ჟურნალისტების კითხვა პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, უპასუხოდ დატოვა. ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელი სერგეი აქსიონოვი კი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „უსამართლო და უკანონოა“.

აქსიონოვმა სააგენტო „ინტერფაქსთან“ საუბრის დროს აღნიშნა, რომ არტეფაქტები ყირიმს ეკუთვნის და შესაძლოა მოსამართლის გადაწყვეტილება შემდგომ ისტანციაში გასაჩივრდეს.

2016 წელს ჰოლანდიის სასამართლოს ქვედა ინსტანციამ, ჰოლანდიურ მუზეუმს უკრაინისთვის საგანძურის გადაცემა დაავალა. საუბარია არქეოლოგიურ საგანძურზე რომელიც ძვირფას ქვებს, ჩაფხუტებს და სამოსს მოიცავს. მაშინაც ანექსირებული ყირიმის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. კრემლის ამ ნაბიჯს, საერთაშორისო თანამეგობრობის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. რუსეთს აგრესიული ქმედებებისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო, როგორც ევროკავშირმა ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG