ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დრონების გამოყენებით გამოწვეული უკმაყოფილება


ნავაზ შარიფი-ტერორიზმთან ბრძოლა საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული

პაკისტანის პრემიერ მინისტრ ნავაზ შარიფის დღის წესრიგის მთავარი თემა, პაკისტანში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული იერიშებია. მან გასულ თვეში გაეროში თქვა, რომ ტერორიზმთან ბრძოლა საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული.

„პაკისტანის საზღვართან შეიარაღებული უპილოტო აპარატების გამოყენება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა. ეს იწვევს მსხვერპლს უდანაშაულო სამოქალაქო მოსახლეობაში და ზიანს აყენებს ჩვენს მტკიცე პოზიციას და მცდელობას, აღმოვფხვრათ პაკისტანიდან მომდინარე ექსტრემიზმის და ტერორიზმის საფრთხე. მე დაჟინებით მოვითხოვ, რომ შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტოს ეს იერიშები.“

ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი აქბარ აჰმედი ამბობს, რომ ეს იერიშები იქცა იმის სიმბოლოდ, რომ პაკისტანს არ შეუძლია საკუთარი საჰაერო სივრცის გაკონტროლება.

„უპილოტო აპარატები იქცნენ პაკისტანში ამერიკის ძლიერების, მის მიერ საერთაშორისო კანონების და საერთაშორისო სუვერენიტეტის დარღვევისთვის მზადყოფნის მნიშვნელოვან და გამაღიზიანებელ სიმბოლოდ.“

სამშაბათს, პრეზიდენტ ობამას პრეს-მდივანმა ჯეი კარნიმ გაამართლა ასეთი დარტყმები.

„შეერთებული შტატები არ მიმართავს სასიკვდილო დარტყმებს, თუ ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს ცალკეული ტერორისტების შეპყრობის საშუალება გვაქვს.“

მიუხედავად ამისა, როგორც სჩანს ობამას ადმინისტრაცია ამცირებს უპილოტო აპარატების გამოყენებას. მაგრამ აჰმედი ამბობს, რომ მხოლოდ იერიშების შეწყვეტას შეუძლია ვაშინგტონის და ისლამაბადის ურთიერთობის გაუმჯობესება.

„ამჟამად პაკისტანში იმდენად ცუდი განწყობაა დასავლეთის და კერძოდ შეერთებული შტატების მიმართ, რომ მხოლოდ უპილოტო აპარატების მოცილებას, რაიმე ჟესტს შეუძლია ტემპერატურის დაწევა.“

როგორც ჩანს, ვაშინგტონი ცდილობს ზიანის გამოსწორებას. წელს ობამას ადმინისტრაციამ კონგრესს ერთ მილიარდ დოლარზე მეტი სთხოვა პაკისტანისთვის დახმარების გასაწევად.
თეთრ სახლში მოლაპარაკებების დაწყებამდე, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი შეხვდა ბატონ შარიფს და თქვა, რომ შეერთებულ შტატებს ძალიან სურს უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარება.

„პაკისტანთან ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ცდილობს ეკონომიკა გააუმჯობესოს და გაუმკლავდეს ამბოხებულებს. ის აგრეთვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში.“

პაკისტანის გავლენიანი სამხედროები მხარს უჭერენ შარიფის მთავრობის მიერ დაწყებულ „უპირობო“ მოლაპარაკებებს თალიბანის მებრძოლებთან, მაგრამ ძალის გამოსაყენებლადაც მზად არიან. არმიის მთავარი გენერალი ასფაქ ქაიანი ამბობს:

„ქვეყნის ხელისუფლებამ დიალოგის გზა აირჩია ამ უბედურებასთან გასამკლავებლად და პაკისტანის არმია ამ პროცესს მხარს უჭერს. მაგრამ ქვეყანამ და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა დაადგინოს ამ დიალოგის ჩასატარებელი პარამეტრები.“

იმ დროს, როცა თალიბანი აცხადებს, რომ მათი თავდასხმები ამერიკული უპილოტო აპარატების დარტყმების საპასუხოდ ხდება, აქბარ აჰმედი ამბობს, რომ პრემიერ მინისტრ შარიფის ეკონომიკური გეგმები ალბათ დროებით შეჩერდება.

„ნავაზ შარიფის ბიოგრაფიაშია ბიზნესმენობა და მეწარმეობა, მას სურს პაკისტანის ეკონომიკურ ლოკომოტივად გადაქცევა.“

აჰმედი ამბობს, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია, სანამ წესრიგი და კანონიერება არ აღსდგება.
XS
SM
MD
LG