ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელისა და "ჰამასის" ზავი ორი დღით გახანგრძლივდა


ყატარმა ორშაბათს განაცხადა, რომ ზავი ისრაელსა და "ჰამასის" ძალებს შორის ღაზაში ორი დღით გახანგრძლივდა.

„მიღწეულია შეთანხმება ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ზავის გახანგრძლივებაზე კიდევ ორი დღით“, - თქვა ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ თეთრ სახლში ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ შეთანხმება მიღწეულია.

შეიარაღებულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ასევე განაცხადა, რომ შეთანხმდა ზავის ორდღიან გაგრძელებაზე ყატართან და ეგვიპტესთან, რომლებიც ხელს უწყობდნენ არაპირდაპირ მოლაპარაკებებს ორ მხარეს შორის.

„ყატარელ და ეგვიპტელ ძმებთან მიღწეულია შეთანხმება დროებითი ჰუმანიტარული ზავის გახანგრძლივებაზე ორი დღით, იგივე პირობებით, რაც წინა ზავის შემთხვევაში“,- თქვა „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა "როიტერთან" სატელეფონო საუბარში.

არცერთ განცხადებაში არ იყო მითითებული რამდენი მძევალი გათავისუფლდება, მაგრამ იქამდე ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა დიაა რაშვანმა განაცხადა, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკება კიდევ 20 ისრაელელი მძევლის გათავისუფლებაზე, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებულთაგან. სანაცვლოდ ისრაელის ციხეებში მყოფი 60 პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდება, თქვა მან.

თავდაპირველი ოთხდღიანი ზავი ორშაბათს ღამით უნდა დასრულებულიყო.

ჰუმანიტარული ვითარება

გასულ კვირაში შეთანხმებული ზავი იყო ომის პირველი პაუზა შვიდი კვირის განმავლობაში მას შემდეგ, რაც "ჰამასი" ისრაელს თავს დაესხა, რის შედეგადაც ისრაელის მონაცემებით, 1200 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 240 მძევალი ღაზაში გადაიყვანეს.

ამ თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა დაბომბა ანკლავი და დაიწყო სახმელეთო შეტევა ღაზის ჩრდილოეთში. "ჰამასის" მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის ადმინისტრაციის განცხადებით, დაახლოებით 14,800 პალესტინელი დაიღუპა და ასობით ათასი დევნილი გახდა.

ზავით ასევე დაშვებული იქნა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა.

კვირას „ჰამასმა“ მძევალთაგან გაათავისუფლა 17 ადამიანი, მათ შორის, 4 წლის ებრაელ-ამერიკელი გოგონა, რითაც პარასკევის შემდეგ გათავისუფლებულთა ჯამური რაოდენობა 58-მდე გაიზარდა.

კვირას ისრაელმა 39 თინეიჯერი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა და ზავის შედეგად გათავისუფლებული პალესტინელების საერთო რაოდენობა 117-მდე გაიზარდა.

ისრაელის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ღაზაში მძევლად რჩება 184 ადამიანი, მათ შორის 14 უცხოელია და 80 ორმაგი მოქალაქეობის მქონე ისრაელელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG