ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელს და "ჰამასს" შორის დადებული ოთხდღიანი ზავის დეტალები


ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში დაპირისპირებულმა მხარეებმა დროებით შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლი ღაზის სექტორში სულ ცოტა, ოთხი დღით უნდა შეწყდეს. ამასობაში, "ჰამასმა" მინიმუმ ის 50 მძევალი უნდა გაათავისუფლოს, რომლებიც დაჯგუფებამ ისრაელზე თავდასხმის დროს, ოქტომბერში გაიტაცა. ისრაელი კი 150 დატყვევებულ პალესტინელს გაუშვებს საპატიმროდან და ამ 4 დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ დახმარებას შეუშვებს. ზავის პირობების ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს.

პირველი შეთანხმება თითქმის 7 კვირის განმავლობაში მიმდინარე ომში, ყატარის შუამდგომლობით იქნა მიღწეული. მას მთელ მსოფლიოში მიესალმებიან, როგორც ისრაელიდან გატაცებული მძევლების დაბრუნების, ისე - ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შემსუბუქებაში პროგრესის საიმედო ნიშანს.

ისრაელმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეიძლება გაგრძელდეს, თუ პალესტინელების დაჯგუფებამ მეტი მძევალი გაათავისუფლა. ხოლო პალესტინელთა ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ 100-მდე მძევალი შეიძლება გათავისუფლდეს თვის ბოლომდე.

"ჰამასმა" და მასთან დაკავშირებულმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთ ქალაქებში შეჭრის შემდეგ, ტყვედ აიყვანეს დაახლოებით 240 მძევალი. აქამდე "ჰამასმა" მხოლოდ ოთხი მძევალი გაათავისუფლა.

ზავის დადების საბოლოო, ოფიციალური დრო ჯერ არ არის გამოცხადებული. ვარაუდობენ, რომ ცეცხლი დაპირისპირებულ მხარეებს შორის ხუთშაბათს, 23 ნოემბერს, დილიდან შეწყდება.

21 ნოემბრის ღამით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ 50 ქალი და ბავშვი გათავისუფლდება ოთხი დღის განმავლობაში, დღეში - მინიმუმ 10 ადამიანი. გარდა ამისა, ზავი შეიძლება ყოველდღიურად თითო დღით გახანგრძლივდეს მანამ, სანამ დღეში დამატებით 10 მძევალს გაათავისუფლებენ.

"ისრაელის მთავრობა ყველა მძევლის სახლში დაბრუნების მიზნის ერთგული რჩება. ამაღამ მან დაამტკიცა შემოთავაზებული შეთანხმება, როგორც ამ მიზნის მიღწევის პირველი ეტაპი" - ნათქვამია მთავრობის გუშინდელ განცხადებაში.

პარალელურად, ისრაელის იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ პალესტინელთა სია, რომლებსაც ისრაელის ციხეებიდან გაუშვებენ. მათი რიცხვი 300-მდეა.

"ჰამასის" თქმით, პირველი 50 მძევლის გათავისუფლება ისრაელის ციხეებში მყოფი 150 პალესტინელი ქალისა და ბავშვის სანაცვლოდ მოხდება. ამას გარდა, ღაზის სექტორშიღაზის სექტორშიჰუმანიტარული, სამედიცინო და საწვავის ასობით სატვირთო მანქანა შევა. ისრაელი კი შეაჩერებს ყველა საჰაერო რეისს ღაზის სამხრეთით და ყოველდღიურად შეინარჩუნებს ექვსსაათიან ფრენის აკრძალვის შეთანხმებას ღაზის ჩრდილოეთით.

პალესტინელები იუწყებიან, რომ პირველ 50 მძევალს, რომლებიც უნდა გათავისუფლდნენ, შემდეგ მოჰყვება კიდევ 50. მათ სანაცვლოდ, ისრაელი კიდევ 150 პალესტინელ ტყვეს გაათავისუფლებს. „მეორე პარტია მოჰყვება პირველ ჯგუფს. ამის ორგანიზებას დასჭირდება ოთხი ან ხუთი დღე“, - აღნიშნავს პალესტინელების წარმომადგენელი.

ისრაელმა ღაზის სექტორის ბლოკადა და დაბომბვა "ჰამასის" თავდასხმის პასუხად დაიწყო. 7 ოქტომბრის თავდასხმას ისრაელში სულ ცოტა, 1 200 ადამიანი შეეწირა, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა. მას შემდეგ, დაჯგუფება "ჰამასის" მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის ოფიციალური პირების ცნობით, ისრაელის საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების გამო, 14 000-ზე მეტი ღაზელი დაიღუპა, მათგან დაახლოებით 40% ბავშვია.

ადგილზე ამ ცნობების გადამოწმება ჯერჯერობით შეუძლებელია. შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG