ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი ისრაელ-"ჰამასის" კონფლიქტზე: "ომის ფარგლებს გავცდით, ეს ტერორიზმია"


რომის პაპი ფრანცისკე ოთხშაბათს ცალცალკე შეხვდა „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ისრაელელების ნათესავებს და პალესტინელებს, რომელთა ოჯახის წევრებიც ღაზაში არიან. პაპმა დღესვე თქვა, რომ ისრაელი - "ჰამასის" კონფლიქტი, ომის ფარგლებს გასცდა და „ტერორიზმად" იქცა.

საკუთარ რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, წმინდა პეტრეს მოედანზე წინასწარ მომზადებული ტექსტის გარეშე მიმართვისას მან თქვა, რომ უშუალოდ გაიგო, თუ როგორ იტანჯება „ორივე მხარე“ კონფლიქტში.

„ეს არის ის, რასაც ომები აკეთებს. მაგრამ, აქ ჩვენ ომის ფარგლებს გავცდით. ეს ტერორიზმია“, - თქვა პაპმა.

ვატიკანში ისრაელის ელჩმა თქვა, რომ არ სურს, პირდაპირ უპასუხოს პაპს. თუმცა, ამასთან, რაფაელ შუცმა განმარტა: „არსებობს მარტივი განსხვავება, ერთი მხარე კლავს, აუპატიურებს და არ ზრუნავს საკუთარ მხარეზე მყოფ ადამიანებზე. მეორე მხარე კი თავდაცვით ომშია ჩართული.“

შუცმა პრესკონფერენციაზე იმ მძევლების ოჯახის წევრებთან ერთად ისაუბრა, ვინც პაპს შეხვდნენ. მათი თქმით, პაპი ფრანცისკეს განცხადების შესახებ არაფერი იცოდნენ, რადგან ის მათთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

ღაზაში მცხოვრები პალესტინელთა ოჯახის წევრები, რომლებიც პაპს ასევე შეხვდნენ, პრესკონფერენციის გამართვას მოგვიანებით გეგმავენ.

ვატიკანში გამართულ შეხვედრებსა და პაპის განცხადებებს, რამდენიმე საათით წინ უსწრებდა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ისრაელი და „ჰამასი“, ღაზაში, მინიმუმ ოთხი დღით ცეცხლს შეწყვეტენ. დროებით ცეცლის შეწყვეტას მხარეებისგან შემდეგი წინაპირობა აქვს, - „ჰამასმა“ 50 მძევალი უნდა გაათავისუფლოს, ისრაელმა კი ციხეში მყოფი 150 პალესტინელი.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი 8 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც დაჯგუფების წევრები ისრაელში შეიჭრნენ და 1200 ადამიანი, მეტწილად მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს, 240 ადამიანი კი დაატყვევეს და ღაზაში მძევლად წაიყვანეს. მას შემდეგ, „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ომის შედეგად, ღაზაში მცხოვრები 14 000 პალესტინელი დაიღუპა, მათგან 40% კი ბავშვია. ათობით ქვეყანას, მათ შორის 1997 წლიდან შეერთებულ შტატებს, „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG