ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდი ამბობს, რომ "ჰამასმა" მისი 12 მოქალაქე გაათავისუფლა


ტაილანდი აცხადებს, რომ პარასკევს, "ჰამასის" მიერ გათავისუფლებულ მძევალთა შორის 12 სწორედ მისი მოქალაქეა. ისრაელის მედია იუწყება, რომ ქალებისა და ბავშვების ჯგუფი "ჰამასმა" "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებს უკვე გადასცა. ეს დროებითი ზავის პირობებში მძევალთა პირველი გაცვლაა. ისრაელი, სანაცვლოდ, დაკავებულ პალესტინელებს ათავისუფლებს.

პრემიერ-მინისტრმა სრეტა თავისინმა თქვა, რომ ღაზიდან 12 ტაილანდელი გაათავისუფლეს, თუმცა დამატებითი დეტალები არავის დაუზუსტებია და მათ შესახებ არც აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია.

ისრაელის მედია კი ამბობს, რომ "წითელმა ჯვვარმა" და ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა უკვე ჩაიბარეს მძევალთა პირველი ნაკადი. თუმცა, ჟურნალისტები ამ ინფორმაციას დამოუკიდებლად ვერ ამოწმებენ.

შეთანხმების მიხედვით, რომელიც ყატარის შუამავლობით იყო მიღწეული, 7 ოქტომბერს გატაცებული 240 ადამიანიდან, პარასკევს 13 ქალი და ბავშვი უნდა გაათავისუფლონ, ისრაელი კი მათ ნაცვლად 39 პალესტინელს გაუშვებს საპატიმროდან. მათ შორის, 24 ქალი და 15 მოზარდია. სულ, ამ ზავის თანახმად, 4 დღის განმავლობაში 50 მძევალი და 150 პალესტინელი უნდა გათავისუფლდეს. თუმცა, ისრაელი არ გამორიცხავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ზავი განაგრძოს, თუკი "ჰამასი" მძევლების გათავისუფლებას განაგრძობს და დღეში 10 მძევალს მაინც გამოუშვებს.

XS
SM
MD
LG