ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დენ ფრიდი: საქართველო შორდება თავის მეგობრებს. ვის აწყობს ეს? ალბათ, პუტინს!


ორშაბათს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა განახლდა. 29 ნოემბრის სხდომა, ხანგრძლივი იურიდიული პროცესის დასაწყისია. ნოემბერი კი, როგორ ჩანს, საკრარული თვე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 18 წლის წინ, ნოემბერში, ვარდებით ხელში, სააკაშვილმა და მისმა თანამებრძოლებმა, საქართველოს ისტორიის ახალი თავი დაიწყეს. 18 წლის შემდეგ, ის საპყრობილეშია და ამბობს, რომ „საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია“.

ვარდების რევოლუციას, 2 მთავრობის განვლილ 9-9 წელს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, „ამერიკის ხმასთან“ დენ ფრიდი, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, აფასებს. ფრიდი თავის სიტყვით გამოსვლის დროს, მესამე პრეზიდენტმაც ახსენა. ის კარგად იცნობს ქვეყანას და რეგიონს და უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოს ერთგული მეგობრების სიაშია.

18 წლის წინ ახალგაზრდა რეფორმატორების გუნდი საქართველოს მთავრობაში მშვიდობიანი რევოლუციის გზით მოვიდა. როგორ ფიქრობთ რა მნიშვნელობა ჰქონდა მაშინ ამ რევოლუციას და როგორ აფასებდა 18 წლის წინ დასავლეთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს?

რამდენიმე ჩვენგანი იცნობდა მიშა სააკაშვილს იმ დროიდან, როდესაც ის შევარდნაძის მთავრობაში იყო. თუმცა, ვარდების რევოლუცია ჩვენთვის დიდი სიურპრიზი იყო. ვიცი, რომ კრემლის ნარატივია, რომ ამერიკელებმა მოაწყვეს ფერადი რევოლუციების სერია, მაგრამ ეს უაზრობაა, ჩვენ არც ასეთი კარგები ვართ. ნამდვილად გაკვირვებულები ვიყავით.

მახსოვს, რომ პარიზში, თვითმფრინავში ვჯდებოდი, როდესაც ბოლო რაც შევიტყვე ის იყო, რომ ხალხი ქუჩაში იყო გამოსული. მომავალი 9 საათის განმავლობაში ინფორმაცია არ მქონდა და როდესაც თითმფრინავიდან ჩამოვედი, ვარდების რევოლუცია უკვე მომხდარი იყო. ეს არ არის გზა, რომლითაც მთავრობები უნდა იცვლებოდეს. არ მინდა იფიქროთ, რომ ზედმეტად ენთუზიაზმით ვუდგები იმ ცვლილებებს, რომელიც მაშინ მოხდა, მაგრამ უნდა გავიხსენოთ რამდენად დისფუნქციური იყო საქართველო ვარდების რევოლუციამდე.

შევარდნაძე დიდ პატივისცემას იმსახურებს იმის გამო, რაც მან გააკეთა, როგორც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ის ჭკვიანი, ღირსეული, პატივსაცემი ადამიანი იყო , რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა თავისი ქვეყნისა და მსოფლიოსთვის. მაგრამ ბოლოს საქართველო, უბრალოდ უფუნქციო გახდა. ყოველ წელს საქართველო გვეხვეწებოდა, რომ დავხმარებოდით ენერგო და სხვა მიმართულებით, რომ როგორმე ზამთარი გადაეგორებინათ. ასე ქვეყნის ტრანსფორმაცია, უბრალოდ ვერ მოხდებოდა.

სააკაშვილი ლიდერია, რომელსაც უამრავი დადებითი თვისება აქვს, თუმცა, ასევე უამრავი უარყოფითიც. მისი მმართველობის ადრეულ წლებში მისი დადებითი მხარეები დომინირებდა, ეკონომიკა აყვავდა, მან ბევრი გააკეთა კორუფციასთან ბრძოლისთვისაც, მანდ ბევრი გააკეთა საქართველოს მოდერნიზებისთვის. თუმცა, დიახ, მან ყველაფერი არ გააკეთა, და შეცდომებიც ჰქონდა. ასე რომ შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკა ვარდების რევოლუციას უყურებდა იმედით და ასევე გარკვეული შიშითაც.

თქვენ თქვით, რომ სააკაშვილმა შეცდომებიც დაუშვა. ადამიანის უფლებების დარღვევა, ელიტური კორუფცია და სხვა პრობლემები, ამაზე მართლაც საუბრობდნენ სააკაშვილის მეორე ვადის დროს, ამან 2012 წელს მთავრობის ცვლილებამდეც მიგვიყვანა, ახლა კი ამ ბრალდებების საფუძველზე ის საპატიმროშია. საქართველოს 9-9 წლის განმავლობაში 2 სხვადასხვა მთავრობა ჰყავდა, როგორ შეფასებდით ბოლო 18 წელს ქვეყანაში?

მართალი ხართ, რეპრესიების პრობლემა არსებობდა და მე, მაგალითად, 2007 წლის ნოემბრის დემონსტრაციას ვგულისხმობ. სააკაშვილი აღარ აირჩიეს იმიტომ, რომ ქართველების აზრით, მან ვერ შეძლო დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და კორუფციის საკითხების სწორი მართვა.ის გადაირჩიეს და უნდა ვთქვათ, რომ მისი უდიდესი პლიუსია, რომ როდესაც წააგო არჩევნები, ის წავიდა. ეს იყო ძალაუფლების გადაბარების მშვიდობიანი გზა,რაც ძალიან კარგად მეტყველებს სააკაშვილზე.

მე არც ენმ-ს მომხრე, ან მოწინააღმდეგე ვარ და არც ოცნების, მე საქართველოს მომხრე ვარ და მინდა, რომ ამ ქვეყნის წარმატება ვნახო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის უნდა გახდეს დემოკრატიული, კანონის უზენაესობის მქონე ევროპის ნაწილი ქვეყანა.

ქართული ოცნება მოვიდა მთავრობაში იმ დაპირებით, რომ გააგრძელდება სააკაშვილის მთავრობის დროს დაწყებულ კარგ საქმეებს და უარს იტყოდა ცუდ ნაწილზე- რომ განვაზოგადოთ დაპირებები, დაახლოებით ასე გამოდის ის, რასაც ისინი ამბობდნენ. მაგრამ, გასული წლის განმავლობაში ძალიან მძიმე იყო იმის ყურება, როგორ აქეზებდა მთავრობა ქუჩებში ძალადობას, იმის ნახვა როგორი ზეწოლა იყო მედიაზე და ბოლოს სააკაშვილის დაკავება.

ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება, როგორც წესი, ცუდი იდეაა. თუ სააკაშვილის მიმართ ერთ-ერთი კრიტიკული არგუმენტი ის იყო, რომ ის ძალიან პერსონალურად უდგებოდა ყველაფერს, მაშინ რას ვამბობთ ამ შემთხვევაში "ქართულ ოცნებაზე"?

არავის მოსწონს ივანიშვილის ხსენება, მაგრამ ისაა ლიდერი და ძალა "ქართული ოცნების" მიღმა. მასთან მიმართებაში კი სულ მიჩნდება კითხვა- აქვს თუ არა მას საკმარისი დემოკრატიული პასუხისმგებლობა? ხდება ქართული დემოკრატია უფრო ძლიერი, თუ არა?

ამერიკის დახმარება საქართველოსადმი მხოლოდ საქართველოს გეოგრაფიული მდებაროების გამო არ მიეწოდება. ეს დახმარება მოდის იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს რეგიონში ყველაზე დემოკრატიული ევროპული სტილის ქვეყნის სტატუსი ჰქონდა.

საქართველოს დიდხნიანი ტრადიცია აქვს ბევრად უფრო ლიბერალური პოლიტიკისა, ვიდრე მის მეზობლებს. აკეთებს თუ არა "ქართული ოცნება" საკმარისს იმისთვის, რომ სიტუაცია ამ მხრივ გააუმჯობესოს? ამაზე მე, როგორც ამერიკელი, ვერ ვუპასუხებ, ეს ქართველების გადასაწყვეტია. მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა, ნამდვილად არასწორია და ეს პრობლემაა.

ახლა, როდესაც პუტინი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე, რომლებიც დემოკრატიისკენ მიისწრაფვიან, ზეწოლას ახდენს, საქართველომ საკუთარი სუვერენიტეტი უნდა გააძლიეროს დემოკრატიის გაძლიერებით.

როგორც ახსენეთ, სააკაშვილი, რომელიც 18 წლის წინ გმირად და რეფორმატორად იყო მიჩნეული, ახლა საპატიმროშია. როგორ შეაფასებთ სააკაშვილთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს- მის საქართველოში დაბრუნებას, დააპატიმრებას და ამის შემდეგ მის ყოველდღიურ ბრძოლას სხვადასხვა საკითხებისთვის?

"ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობა" სამართლიან არჩევნებში დაამარცხა. მათ უნდა ჰქონდეთ იმის თავდაჯერება, რომ ამის გაკეთება ისევ შეუძლიათ და არ უნდა იყენებდნენ, ზრდილობიანად რომ ვთქვათ ადმინისტრაციულ რესურსებს, რაც სხვანაირად შეიძლება ჟღერდეს, როგორც რეპრესიული მეთოდი.

სააკაშვილი არის ექსპრესიული, დრამატული და დამაპირისპირებელი- დიახ, მაგრამ ასეთია სხვაუ ამრავი პოლიტიკოსიც. თუ "ქართულ ოცნებას" ის არ მოსწონს, მაშინ დაამარცხონ ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში.

ასევე ვისურვებდი, რომ ოპოზიციის პოლიტიკაც, ნაკლებად იყო პირად გრძნობებზე დამაყარებული და უფრო მეტად ფოკუსირდებოდეს პროგრამებზე, რაც რეალურად დაეხმარება ქართველ ხალხს. ეს რომ გაეკეთებიანთ, შეიძლება არჩევნებიც მოეგოთ.

მიუხედავად იმისა, მოსწონს ვინმეს სააკაშვილი თუ არა, არავინ უნდა იყოს აღფრთოვანებული იმით, რომ ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია. ამას პოლიტიკა დაჰყავს კონკრეტულ ადამიანებამდე.

სააკაშვილს უყურებდნენ, როგორც ახალგაზრდა პროდასავლურ რეფორმატორს. მან მიაღწია გარკვეულ შედეგებს და ვერ შეძლო ზოგიერთი მიზნის შესრულება. ქართველმა ხალხმა ის ორჯერ აირჩია და ბოლოს აღარ აირჩია, ახლა კი ის საპატიმროშია. დაბრუნდება თუ არა სააკაშვილი ხელისუფლებაში ეს მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ხელისუფლების მოვალეობა კიისაა, რომ პატივი სცეს დემოკრატიას.

ბიძინა ივანიშვილი ახსენეთ. ამ ტურბულენტურ გარემოში, სად ხედავთ მის როლს, არავისთვისაა საიდუმლო, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთის პირადი მტრები არიან.

ვფიქრობ, როდესაც პოლიტიკა კონკრეტულ პირებს შორის რბოლად გადაიქცევა, აღარ ემსახურება თავის ქვეყანას ისე კარგად, როგორიც ის ამას უნდა აკეთებდეს. არ მომწონს მონოპოლიური პოლიტიკა. არაფერი მაქვს მდიდარი ადამიანების საწინააღმდეგო, მაგრამ არ მგონია, რომ იყო მდიდარი საკმარისი არაა იმისთვის, რომ მართო ქვეყანა.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობა დამატებით პრობლემებს აჩენს, ისეთს, როგორიც, მაგალითად საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა, რათა ოპოზიცია მთავარ მიზანს და გზას ააცდინოს და არ მისცეს დრო ისეთ მასშტაბურ პრობლემებთან გასამკლავებლად, როგორიც სასამართლო სისტემაში არსებული კორუფცია და საარჩევნო სისტემის პრობლემებია. ეთანხმებით ამ აზრს?

ვიტყოდი, რომ ოპოზიციამ უნდა იფიქროს იმ გამოწვევებზე, რომელიც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ახლა ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას აპროტესტებენ, პოლიტიკა არ უნდა გახდეს ერთი კონკრეტული პირით მოცული.

ოპოზიციამ უნდა იფიქროს დემოკრატიულ პრინციპებზე და ქვეყნის მომავალზე, ეს ადვილად სათქმელი და რთულად გასაკეთებელია. მით უმეტეს მაშინ, როდესაც სააკაშვილს აქვს იმის ნიჭი, რომ პოლიტიკა მის ირგვლივ ატრიალოს.

ახლა საკითხავია, შეუძლია თუ არა ოპოზიციას ისე მოიქცეს, როგორც სჭირდება ხალხს და მათ პრობლემებს, მიუხედავად იმისა, მოსწონთ მათ სააკაშვილი თუ არა.

თქვენ თქვით, რომ საქართველოს ერთ დროს, რეგიონში ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის სტატუსი ჰქონდა. როგორ დაახასიათებდით საქართველოს ამ კუთხით ახლა?

საქართველოს მეგობრები ამერიკაში, რომელთა რიცხვიც უზარმაზარია საგარეო ურთიერთობათა წრეებში, შეძრწუნებულები არიან იმით, რასაც საქართველოში გასული წლის განმავლობაში ხედავდნენ. მათ შორის, სხვა საკითხებთან ერთად, ეს ეხება სააკაშვილის დაკავებასაც.

საქართველო შორდება თავის მეგობრებს. ვის აწყობს ეს? ალბათ, პუტინს, იმიტომ რომ ამას საქართველოს იზოლაციამდე მივყვავართ. ევროპელები, რომლებსაც ყოველთვის შერეული დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოსადმი, ახლა ამბობენ "ჩვენ რატომ უნდა გვადარდებდეს ეს?".

საქართველოს სჭირდება, რომ მოიკრიბოს პოლიტიკური კაპიტალი და ეს შეუძლია იმით, რომ დაუბრუნდეს რეფორმების გზას. არ მაინტერესებს ვინ გააკეთებს ამას, "ქართული ოცნება", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", თუ ვინმე სხვა. ვფიქრობ, საქართველოს სჭირდება იმის ჩვენება, რომ მას აქვს მომავალი და ის არაა გახვეული პოსტსაბჭოთა ავტოკრატიაში, საითაც, ბევრის აზრით, ქვეყანა მიექანება კიდეც.

როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს? რა უნდა გააკეთოს მთავრობამ და ოპოზიციამ იმისთვის, რომ პროცესი ჯანსაღ პოლიტიკურ ჩარჩოებში მოექცეს?

მთავრობა არ უნდა იყენებდეს რეპრესიულ მეთოდებს და არ უნდა ახალისებდეს ძალადობას ქუჩებში. ეს მათი პასუხისმგებლობაა. წერტილი! ოპოზიციამ კი, როგორც გითხარით, მეტი უნდა იფიქროს პროგრამებზე, რომელიც ხალხს დაეხმარება და შეწყვიტოს პერსონალიებზე დამყარებული პოლიტიკის წარმოება.

საბოლოოდ, საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ დემოკრატიულ გზაზე დაბრუნდა. სამართლიანები რომ ვიყოთ საქართველოსადმი, უნდა ვთქვათ, რომ დემოკრატია გამოწვევის წინაშეა ყველგან და მათ შორის ამერიკაშიც.

არ მინდა იფიქროთ, რომ საქართველოს მოვუწოდებ იყოს დემოკრატიული და ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყანა იდეალურია. ეს ასე არაა. ამიტომ პროდემოკრატიულმა ძალებმა უნდა იმუშაონ ორი მიმართულებით- საკუთარ ქვეყნებში და მსოფლიოს მასშტაბით.

დემოკრატიის სამიტზე მინდა რომ გკითხოთ, რომელიც ძალიან მალე დეკემბრის დასაწყისშიჩატარდება. მოდით, ამ სამიტისა და საქართველოს მასში მონაწილეობის მნიშვნელობაზევისაუბროთ.

პრეზიდენტი ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია ცდილობენ, რომ გააერთიანონ დემოკრატიული ქვეყნები, იმიტომ, რომ თუ ავტოკრატები ერთად მუშაობენ, მაშინ ჩვენც ერთად უნდა ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე გასაკეთებლად. ძალიან რთულია, რომ გააერთიანო ყველა ეს ქვეყანა და შეკრიბო სამიტი, რომელიც შედეგებს მოიტანს. ეს სამიტი საფუძველს ყრის, ხოლო მომდევნო სამიტი, რომელიც ერთი წლის შემდეგ ჩატარდება, უკვე შედეგების მომტანი უნდა იყოს.

გამოწვევაა ის, თუ როგორ შევთანხმდეთ კონკრეტულ დეკლარაციაზე და რა ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ დემოკრატიას დავეხმაროთ. ბევრი იდეა შეიძლება იყოს, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლა, სოლიდარობა თავისუფალ და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს შორის და ა.შ ძალიან ბევრი რამაა რისი გაკეთებაც დემოკრატიებს შეუძლიათ, თუმცა ეს არ იქნება ადვილი. ძალიან მიხარია, რომ საქართველო ამ ყველაფრის ნაწილი იქნება.




XS
SM
MD
LG