ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შტატები იხსნება, მოქალაქეების ნაწილი კი კოვიდის მონიტორინგის აპლიკაციებს იყენებს


პანდემიის გამო ამერიკაში ბიზნესებისთვის შეზღუდვების დაწესებიდან 6 თვეზე მეტი გავიდა. ამერიკის არაერთ შტატში სხვადასხვა აპლიკაციას იყენებენ ადამიანთათვის იმის შესატყობინებლად, რომ ისინი კორონავირუსით ინფიცირებულთა სიახლოვეს იმყოფებოდნენ. აპლიკაციების ერთ-ერთი უმთავრესი მისია ისაა, რომ ეს პირადი ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე მოხდეს.

ახლა, როდესაც ვირუსულ პანდემიას თეთრი სახლის კედლებს შიგნითაც ებრძვიან, დროულ გამოვლენასა და შეტყობინებაზე ქვეყანაში გაცილებით მეტს საუბრობენ. აპლიკაციების გამოყენება კი უფრო საჭირო და იმედისმომცემი ხდება, რამდენადაც შტატები უფრო და უფრო იხსნება და შეზღუდვები მსუბუქდება.

ჯანდაცვის სპეციალისტებს კვლავ ბევრი კითხვა აქვთ. მათი აზრით, აპლიკაციების ეფექტურობა ჯერ კიდევ უკეთ შესასწავლია, რადგან ტექნოლოგიები საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისში შეიქმნა და ამისთვის საკმარისი დრო არ ყოფილა.

ამერიკაში გამოყენებულ აპლიკაციათა შორის ყველაზე პოპულარული ის პროგრამებია, რომლებსაც მომხმარებელს "გუგლი" და "ეფლი" სთვაზობს.

შტატის მცხოვრებლებმა მათი ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების მიერ შემუშავებული აპლიკაცია ტელეფონში უნდა ჩამოტვირთონ. ამის შემდეგ მობილური ტელეფონები პირადი ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე, ანონიმურად აგროვებს ინფორმაციას ამ მობილურის სიახლოვეს მყოფი ტელეფონებისა და მათი დისტანციის შესახებ. ასევე იმის, თუ რამდენად დიდხანს იყო ესა თუ ის ტელეფონი მასთან ახლოს. "ციფრული ხელის ჩამორთმევის" შესახებ ინფორმაცია ტელეფონში ინახება. თუკი ესა თუ ის ადამიანი კოვიდ-დადებითი აღმოჩნდება, ის ჯანდაცვის უწყებისგან სპეციალურ კოდს იღებს, რომელიც აპლიკაციაში შეჰყავს. შემდეგ კი იმ ადამიანებს, რომელთა ტელეფონებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში ამ მობილურის სიახლოვეს დაფიქსირდა, სპეციალური შეტყობინება მისდით.

კოვიდ-19-თან დაკავშირებული აპლიკაციები თავდაპირველად აზიაში, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში გამოჩნდა. ამ ქვეყნებში ხელისუფლება ტელეფონის ადგილმდებარეობის თაობაზე მონაცემებს კონტაქტების მოკვლევისთვის იყენებს. ამასთან, მიდგომას, რომლითაც პირადი ინფორმაცია დაცული არაა, იყენებენ ქვეყნებში, სადაც ესა თუ ის ხელისუფლება ადამიანთა გადაადგილებასა და მათ კონტაქტებს აკონტროლებს. სწორედ ამიტომ სპეციალისტების ნაწილს აპლიკაციების მიერ ინფორმაციის შეგროვება მაინც აშფოთებს.

ამერიკის სხვადასხვა შტატი კი საკუთარი აპლიკაციების შექმნაზე მუშაობს, "ეფლისა" და "გუგლის" მიდგომის შესაბამისად, რომელიც იმ ტექნოლოგიას უნდა დაეფუძნოს, რომლითაც აპლიკაციები მობილურის ლოკაციის შესახებ ინფორმაციას არ გამოიყენებს.

ეთიკური მოსაზრებების გარდა, აპლიკაციების ეფექტურობა იმაზეცაა დამოკიდებული თუ რამდენად ბევრი ადამიანი გამოიყენებს მას. თუკი მათი დაინსტალირება ჩინეთის მსგავსად სავალდებულო არ გახდა, ეს საზოგადოებაში ნდობის თემა უფრო იქნება ვიდრე, სხვა ფაქტორი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG