ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქვეყანა ზღვარზე - საქართველო ვაშინგტონის ფოკუსში


საქართველო კვლავ ვაშინგტონის ყურადღების ცენტრშია. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არამხოლოდ ანალიტიკურ წრეებში, არამედ, კაპიტოლიუმის კედლებშიც განიხილავენ. სენატში საქართველოს შესახებ სპეციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც სენატორებმა, ისევე როგორც, სახელმწიფო დეპარტამენტის მოწვეულმა მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი გამოწვევაა დემოკრატიის განვითარებისთვის და ამ ვითარების გაგრძელება არა ქართველი ხალხის, არამედ - კრემლის ინტერესებს შეესაბამება.

„ყოველი დღე, როცა ოპოზიციის წევრები ციხეში არიან, რუსეთის გამარჯვებაა. ყოველი დღე, როცა საქართველოს პარლამენტის სავარძლები ცარიელია, საზიანოა საქართველოს ხალხისთვის და რუსეთის გამარჯვებაა“, - თქვა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კი განმარტა, რომ საქართველოს ბოლო ათწლეულის განმავლობაში დემოკრატიზაციის მიმართულებით პროგრესი ჰქონდა, და ამერიკას არ სურს, ეს პროგრესი შეჩერდეს. თუმცა მისი აზრით, პროგრესი ახლა შეჩერებულია, რადგან მხარეები მოლაპარაკებისა და კომპრომისისთვის არ არიან მზად .

საქართველოს დიდი ხანია ხედავენ როგორც დემოკრატიის კუნძულს ავტორიტარიზმის ზღვაში, ქვეყანა ახლა დგას ზღვარზე, ის შესაძლოა ორივე მიმართულებით წავიდეს: დარჩეს დემოკრატიის კუნძულად, ან გადაიხაროს ამ ზღვისკენ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დემოკრატიის კუნძულად დარჩება ამ მზარდად არასტაბილურ რეგიონში,
- დევიდ კრამერი

„გვსურს, ორივე მხარე მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას და გამონახონ გამოსავალი, რომელიც არა მხოლოდ ამ ჩიხურ მდგომარეობას დაასრულებს, არამედ ისეთ ზოგად თემებსაც გადაჭრის, როგორიცაა დამოუკიდებელი სასამართლოსკენ სვლა და საარჩევნო რეფორმების გატარება სამომავლოდ წინ წასასვლელად. იმედია, ორივე მხარე გამოიჩენს ამ საკითხებისადმი თავდადებას. მმართველ პარტიას, იმის გამო, რომ მას ძალაუფლება აქვს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება კომპრომისის მიღწევაში, მაგრამ ასევე აქვს პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც. ორივე მხარე უნდა გაერთიანდეს, რადგან ეს უნდა იყოს გადაწყვეტილება, რომელსაც ქართველები ქართველებისთვის მიაღწევენ“, - ამბობს სენატორი.

ანალიტიკოსები და რეგიონის მკვლევრები კი, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ათწლეულების განმავლობაში აკვირდებიან, სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების მსგავსად, ამბობენ, რომ კრიზისი დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას, რადგან ეს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯსა და განვითარებას უკიდურესად ვნებს.

საქართველოს გულშემატკივრები ვაშინგტონიდან ამბობენ, რომ 2021 წელი სტრატეგიულად გარდამტეხი ეტაპია საქართველოსთვის. ქვეყანა ზღვარზეა პლურალიზმსა და ერთპარტიულ მმართველობას, დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტეგრაციასა და რუსეთის ინტერესებს შორის.

“საქართველოს დიდი ხანია ხედავენ, როგორც დემოკრატიის კუნძულს ავტორიტარიზმის ზღვაში, ქვეყანა ახლა დგას ზღვარზე, ის შესაძლოა ორივე მიმართულებით წავიდეს: დარჩეს დემოკრატიის კუნძულად, ან გადაიხაროს ამ ზღვისკენ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დემოკრატიის კუნძულად დარჩება ამ მზარდად არასტაბილურ რეგიონში“, - ამბობს დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივეერსიტეტის უფროსი მკვლევარი. მისი აზრით, ყოველი დღე, სანამ ეს პრობლემა არ გადაიჭრება, არის დაკარგული შესაძლებლობა საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის და ეს საკითხები დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს.

კრამერმა საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩ, იან კელისთან ერთად ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს მიმოიხილავს და ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, მხრეებს თანამშრომლობისკენ, ამერიკის შეერთებულ შტატებს კი უფრო აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე კრიზისი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვისაც საზიანო პროცესია.

„გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ახლანდელი კრიზისი საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის საშინელი რამაა. ეს მშვენიერი ქვეყანა, არაჩვეულებრივი ხალხით, გამოირჩეოდა ძირითადად იმით, რომ დემოკრატია საკმაოდ ძლიერი იყო. თუ კრიზისი დროულად არ გადაიჭრა, საქართველო დემოკრატიული გზიდან გადახვევის რისკის ქვეშაა“, - ამბობს კრამერი, მკვლევარი, რომელიც „ფრიდომ ჰაუზის“ ყოფილი პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწეა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით.

თუკი პოლიტიკური პარტიები ვერ მოახერხებენ, რომ გადაჭრან სიტუაცია და ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, ახლა ამას უფრო დამაზიანებელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ ვნახავთ ძალიან არადემოკრატიული მმართველობის სტილს, ჩვენ ვნახავთ რეჟიმს. ნამდვილად ძალიან დიდი პრობლემაა ძალაუფლების დაბალანსების საკითხი, ამისთვის პლურალისტური პარლამენტია საჭირო,
- იან კელი

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ჯერ სრულად არაა დაკომპლექტებული და ქვეყანას საგარეო ურთიერთობების რადარებზე სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთანაც უწევს გამკლავება. თუმცა კრამერი და კელი ამბობენ, რომ ეს შეერთებული შტატებისთვის საქართველოს მნიშვნელობას სულაც არ აკნინებს: ის სტრატეგიული სატრანსპორტო მნიშვნელობის ქვეყანა, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი და ყველაზე პროამერიკულად განწყობილი სახელმწიფოა რეგიონში. სწორედ ამიტომ ამერიკამ უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს საკუთარი გავლენა და დაეხმაროს საქართველოს კრიზისის მოგვარებაში. თუმცა, ამავე დროს, პოლიტიკურმა სპექტრმა ქვეყანას ეს უპირატესობა არ უნდა დააკარგვინოს.

„ეს არის კრიზისი, რომელიც თუ არ გადაიჭრა, საქართველოს უკან დახევს. ამერიკა კი საქართველოს შეხედავს და იტყვის: ჩვენ საკმარისად გვაქვს სხვა პრობლემები იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებსაც შეუძლიათ, რომ გადალახონ ეს პოლიტიკური კრიზისები, [მომავალში] მათზე ვფოკუსირდებით და არა საქართველოზე, ეს კი ყველასთვის საშინელება იქნება“, - მიიჩნევს კრამერი და განმარტავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ უნდა იმუშავონ კომპრომისზე, ხელისუფლებამ კი უნდა გაათავისუფლოს ნიკა მელია.

"მელიას დაკავებამ სიტუაცია უფრო გაამწვავა და ჩიხი კრიზისად აქცია. ისაა წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ლოგიკურია, რომ არ შეიძლება პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მათგანი ციხეში ზის. საჭიროა კრიზისის ამ ნაწილის დაუყოვნებლივი გადაწყვეტა და შემდეგ პოლიტიკურ პარტიებზე იქნება დამოკიდებული კომპრომისის შემუშავება", - მიიჩნევს ის.

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, იან კელი ფიქრობს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებისთვის კრიზისად შეფასება სულაც არაა გადაჭარბება. ძალაუფლების კონცენტრაცია კი ქვეყნისთვის ნაცნობი პრობლემაა, თუმცა ახლა ზიანის მასშტაბი შესაძლოა უფრო საშიში იყოს:

"ვფიქრობ ამჟამად [მდგომარეობა] განსხვავებულია: თუკი პოლიტიკური პარტიები ვერ მოახერხებენ, რომ გადაჭრან სიტუაცია და ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, ახლა ამას უფრო დამაზიანებელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ ვნახავთ ძალიან არადემოკრატიული მმართველობის სტილს, ჩვენ ვნახავთ რეჟიმს. ნამდვილად ძალიან დიდი პრობლემაა ძალაუფლების დაბალანსების საკითხი, ამისთვის პლურალისტური პარლამენტია საჭირო", - ამბობს ყოფილი დიპლომატი.

ვაშინგტონში თანხმდებიან, რომ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მიერ შეცდომის დაშვება, უკან დახევა ან ამ გზიდან გადახვევა მხოლოდ კრემლის ინტერესებს შეესაბამება. ექსპერტები უახლესს ანგარიშში ამბობენ, რომ კრიზისი ქვეყანას რუსეთისგან არსებული საფრთხის მიმართ კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის. ისინი მხარეებს მოლაპარაკებისკენ, ნატოს და ევროკავშირს - უფრო მკაფიო განცხადებებისკენ, ამერიკის მთავრობას კი - მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

„შეერთებულ შტატებს ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე, მათ შორის ევროპელ პარტნიორებზე, მეტი გავლენა აქვს საქართველოზე და საქართველოში. ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკამ უნდა გადადგას ნაბიჯები, ჩაერთოს და შეასრულოს როლი საქართველოს დახმარებაში, მათ შორის ახლანდელი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისთვის ფასილიტაციაში", - ამბობს დევიდ კრამერი და ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეერთებული შტატების მიერ ქვეყნისთვის გაწეულ დახმარებას იხსენებს:

"ამერიკამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში 4 მილიარდი დოლარის სამხედრო და არასამხედრო დახმარება გაუწია საქართველოს, მისი დემოკრტიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. ასევე დამატებითი რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად".

უფრო მკაფიო და კონკრეტული მოწოდებების მოსმენა სურს იან კელისაც. მისი აზრით, "საჭიროა პირდაპირი, მკაფიო და მარტივი განცხადებები" იმ ფაქტის შესახებ, რომ ერთპარტიული პარლამენტი შეუსაბამოა ნებისმიერ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის. ვფიქრობ, ორივე მხარისთვის კომპრომისზე წასასვლელად საკმარისი წამახალისებელი ფაქტორი უნდა იყოს ის, რომ ახლანდელი „სტატუს ქვო“ ქვეყანას უპირველესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის მიღწევის შესაძლებლობას არ აძლევს. ვისურვებდი, ევროკავშირისგან მარტივ განცხადებას, რომ ეს მიუღებელია. ახლანდელი სიტუაცია არ დაგაახლოვებთ საგარეო პოლიტიკის უპირველეს მისწრაფებასთან“, - ამბობს იან კელი.

კომპრომისისთვის მზაობის ნაკლებობის გამო კრიტიკის პარალელურად, უმაღლესი საერთაშორიოს ტრიბუნებიდან საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადებებიც კეთდება. მაშინ, როცა სენატში საქართველოს შესახებ მსჯელობდნენ, ბრიუსელმა ნატოს მინისტერიალს უმასპინძლა. წევრი ქვეყნები თანხმდებიან, რომ ალიანსი რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეების მთავარი შემაკავებელი ძალაა. სწორედ ამიტომ ნატო, სხვა ნაბიჯების გადადგმასთან ერთად, აპირებს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს რეგიონის იმ ქვეყნებთან, რომლებიც მის ღირებულებებს იზიარებენ. ნატო რუსეთის ქმედებებს საქართველოსა და უკრაინაში პროვოკაციულად მიიჩნევს და დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებს.

ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ამერიკას და ევროკავშირს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი მომავალში კოორდინირებულად იმოქმედონ რუსეთის გამომწვევ/პროვოკაციულ ქმედებებზე. მათ შორის უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ასევე დეზინფორმაციასა და საარჩევნო პროცესებში ჩარევაზე, კიბერსაქმიანობასა და სამხედრო ძალის დემონსტრირებაზე.

„რუსეთი სრულ არსენალს იყენებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს საქართველო რაც შეიძლება მცირედ დემოკრატიული და რაც შეიძლება შორს დასავლეთისგან“, - ამბობს ალინა ინია, გერმანიის მარშალის ფონდის "Black Sea Trust რეგიონული თანამშრომლობის“ დირექტორი. მისი თქმით, პრობლემების დაუყოვნებლივი მოგვარების საჭიროება ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან უფრო გადამჭრელი პასუხების აუცილებლობას აჩენს. „ჩვენ საქართველოზე ფიქრი ჯერ არ უნდა შევწყვიტოთ“, - ამბობს ინია.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG