ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი რიში: თუ პროგრესი არ გამოჩნდა, ფინანსური მხარდაჭერა ასე ვერ გაგრძელდება


აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე, საქართველოში "დემოკრატიის განმტკიცებაზე" ისაუბრეს. მოსმენა ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა მოიწვია.

მომხსენებლებად მოწვეულ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, კარა მაკდონალდს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტს შეკითხვები რამდენიმე რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორმა დაუსვა. ​

მათ შორის იყო სენატორი ჯიმ რიში, რომელიც სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრია. მოსმენის შემდეგ "ამერიკის ხმამ" სენატორ რიშს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

მოსმენაზე თქვენ საქართველოსთვის დახმარების მიცემის პირობების შესაძლო დაწესებაზე დასვით შეკითხვა. რას ფიქრობთ ამ პირობითობაზე, თუ შეიძლება განმარტეთ ეს შეკითხვა.

თვითონ ის ფაქტი, რომ ეს შეკითხვა დავსვი, ცხადია იმაზე მიუთითებს, რომ ამ თემაზე ვფიქრობ. აქ ბევრ ჩვენგანს ძალიან, ძალიან სურს, რომ საქართველო წარმატებული იყოს. ჩვენ საქართველოში 2012 წლის თავდაპირველ არჩევნებზე ვიყავით და უკან ძალიან ოპტიმისტური განწყობებით დავბრუნდით. [მას შემდეგ] ვნახეთ უკუსვლა და როგორც ჩანს, ვითარება არ უმჯობესდება, ის უარესდება. ვიცი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მიმდინარეობს მედიაცია. ორივე პოლიტიკურ პარტიას მტკიცედ მოვუწოდებ დასხდნენ და გამოსავალი მონახონ. თუ ახლა ვერ მონახეს სწორი გამოსავალი, მას ვერასოდეს მონახავენ. მეორეს მხრივ, ჩვენ საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის, ფინანსურადაც. ეს ვერ გაგრძელდება თუ პროგრესი არ იქნება. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ განიხილება, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს გონებაში ის, რომ პროგრესი გამოჩნდეს.

რაიმე ვადები ხომ არ გაქვთ მხედველობაში?

არ ვფიქრობ იმ ეტაპზე ვიყოთ, რომ ვადებზე ვისაუბროთ. ამ ეტაპზე არა.


არსებობს მოსაზრება, რომ მთავრობას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება კომპრომისის მონახვაში. თქვენ იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას და ფიქრობთ თუ არა, რომ მთავრობა რამეს სხვაგვარად უნდა აკეთებდეს?

მთავრობა, ისევე როგორც პოლიტიკური პარტიები, ადამიანებისგან შედგება. როდესაც მოლაპარაკებებზე ვსაუბრობთ, ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანების კეთილ ნებაზე, კეთილსინდისიერებასა და ჩართული ადამიანების ხასიათებზე. თუ ისინი სწორად გაერთიანდებიან, თუ ყველას ერთი მიზანი აქვს, თუ ყველა კეთილსინდისიერად იქცევა, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ეს სიტუაცია შეიძლება გადაუჭრელი დარჩეს. აქ ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა. ცხადია, მათ ვინც ძალაუფლებაში არიან, ცოტა მეტი პასუხისმგებლობა აქვთ.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG