ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი შაჰინი: რეზოლუციაზე ვიმუშავებთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ


შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში მოსმენა გაიმართა თემაზე "დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში".

მოსმენა ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა მოიწვია. მომხსენებლებად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, კარა მაკდონალდი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტი იყვნენ. ​

მოსმენის მიზანი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შეფასება და სენატორების ინფორმირება იყო იმისთვის, რომ მათ შემდგომი საკანონმდებლო ნაბიჯები შეიმუშავონ.

მოსმენის შემდეგ "ამერიკის ხმა" სენატორ ჯინ შაჰინს მის შეფასებებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

რატომ მოიწვიეთ სენატში ეს მოსმენა?

ვიცით, რომ სიტუაცია მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ჩიხშია. ჩვენ გვინდოდა ძალიან მკაფიოდ გვეჩვენებინა, რომ საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერაა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში პროგრესი იყო დემოკრატიზაციის მიმართულებით, მაგრამ არ გვსურს, რომ პროგრესი შეჩერდეს. ახლა ეს პროგრესი შეჩერებულია იმის გამო, რომ მხარეები არ არიან მზად დასხდნენ მაგიდასთან და მიაღწიონ შეთანხმებას. ეს არ ეხმარება საქართველოს და ქართველ ხალხს. ეს მხოლოდ რუსეთს და საქართველოს მოწინააღმდეგეებს ეხმარება.

ეს არ არის თქვენი პირველი მცდელობა მხარეებს მიმდინარე კრიზისის დასრულებაში დაეხმაროთ. რას ფიქრობთ ამაზე? თქვენი აზრით, რატომ არ ჩანს კრიზისიდან გამოსავალი?

გვსურს, ორივე მხარე მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას და გამონახონ გამოსავალი, რომელიც არა მხოლოდ ამ ჩიხურ მდგომარეობას დაასრულებს, არამედ ისეთ ზოგად თემებსაც გადაჭრის, როგორიცაა დამოუკიდებელი სასამართლოსკენ სვლა და საარჩევნო რეფორმების გატარება სამომავლოდ წინ წასასვლელად. იმედია, ორივე მხარე გამოიჩენს ამ საკითხებისადმი თავდადებას. მმართველ პარტიას, იმის გამო, რომ მას ძალაუფლება აქვს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება კომპრომისის მიღწევაში, მაგრამ ასევე აქვს პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც. ორივე მხარე უნდა გაერთიანდეს, რადგან ეს უნდა იყოს გადაწყვეტილება, რომელსაც ქართველები ქართველებისთვის მიაღწევენ.

რის გაკეთება შეუძლია კონგრესს საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესის გასაღრმავებლად? განიხილავთ თუ არა რეზოლუციას ან სენატის მოსაზრების გამომხატველ წერილს?

დღეს გამართული მოსმენის მიზანი იყო, ცხადად გვეჩვენებინა ის, რომ ახლოს ვაკვირდებით, რაც საქართველოში ხდება. არსებობს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა. თუ მოუსმინეთ გამხსნელ სიტყვებს - ჩემი, დემოკრატი თავმჯდომარის, რესპუბლიკელი უფროსი წევრის, ასევე სრული კომიტეტის უფროსი რესპუბლიკელის განცხადებებს, ისინი თითქმის იდენტური იყო. ჩვენ ყველას გვსურს საქართველო წინ წავიდეს. მაგრამ საქართველო მაგიდასთან უნდა დაჯდეს და გამოსავალი მონახოს. სენატორი ჯონსონი სენატის რეზოლუციის მიღების წინადადებით გამოვიდა. მე ამ წინადადებას მხარს ვუჭერ. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ.

დაუჭერთ თუ არა მხარს იმ დახმარების პირობითობას, რომელზეც სენატორმა რიშმა დასვა კითხვა?

ვფიქრობ, ამას უნდა შევხედოთ. შეიძლება ეს იყოს გზა, რომლითაც გამოსავლის მონახვას წავახალისებთ. მაგრამ ჩვენ ცხადად უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოს მხარს ვუჭერთ და გვსურს ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლა და ისეთი გამოსავლის მონახვა, რომელიც ქვეყანას ზოგადად დააწინაურებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG